კიდევ ერთხელ ვურჩევთ მშობლებს, არ დაკარგონ კავშირი შვილებთან ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ქართველ მოზარდებს შორის იმატა უცნაურმა გატაცებებმა, "გადახრებმა" თუ სხვადასხვა საშიში მიმდინარეობით დაინტერესებამ. მშობლების ყურადღების სიმცირე, მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომებისადმი პროტესტი თუ უბრალო ცნობისმოყვარეობა – ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რაც თინეიჯერებს ემოების, გოთების თუ სატანისტების "მსხვერპლად" აქცევს. იოლ მსხვერპლად, რადგან ეს ის ასაკი და ის საზოგადოებაა, რომელზეც გაცილებით ადვილია გავლენის მოხდენა და ცდუნება, იმ საშიში გზით წაყვანა, რომელსაც შეიძლება, ვეღარასდროს გადაუხვიოს და უბრალო უყურადღებობის თუ გაუფრთხილებლობის გამო ახალგაზრდა საერთოდაც დაიღუპოს.
მოზარდი გოგონა დაგვიკავშირდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს საშიში "გატაცება" და როგორც მისი საუბრიდან ჩანს, კვლავაც მის ტყვეობაშია.
ანი 15 წლისაა. სკოლაში სწავლობს და არც ისე ცუდი მოსწავლეა. თუმცა როგორც ყველა მოზარდს, მასაც დაუდგა ასაკი, როცა უჭირს უფროსების გაგება, ხშირი კონფლიქტები აქვს მასწავლებლებთან თუ მშობლებთან, იმავდროულად საკმაოდ ცნობისმოყვარე და უშიშარიც აღმოჩნდა და ამ ყველაფერმა იოლად მიიყვანა სახიფათო გზამდე.
- ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემა მქონდა... და ახლაც მაქვს, - გვიამბობს ანი. მისი საუბარი ემოციურია, ალაგ-ალაგ ჩანს, რეალობა წარმოსახვასთან არეულა, თუმცა ვეცადეთ, ტექსტი არ შეგვეცვალა, რათა ჩვენი მოზარდი რესპონდენტის განწყობა და ემოციები შეგვენარჩუნებინა, - ალბათ იცით, რომ თბილისში არის ძველი მორგის შენობა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობა, სადაც ქართველი ემოები თუ ქართველი სატანისტები იკრიბებიან. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო გავხდი ამ რიტუალების მოწმე და გარკვეულ ხანს ემოც ვიყავი... ახლა ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მრცხვენია, ხელებს რომ ვისერავდი და ათას სისულელეს ვიმეორებდი... თუმცა ბოლომდე არ ვარ გამოსული მათი ზემოქმედებიდან, დღემდე მკლავს ცნობისმოყვარეობა იმის, რის ნახვაც ვერ მოვასწარი და ვებრძვი ამას... მინდა, ჩემი მაგალითი ჩემმა თანატოლებმაც გაითვალისწინონ... თან მინდა მოვყვე ის, რაც თავს გადამხდა... ის, თუ როგორ მინდოდა ჩემი ნებით, საკუთარი სურვილით, სატანისტობა.
მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ, რომ არსებობდა ასეთი სახლი, ეშმაკის სახლს ეძახიან, ინგოროყვას ქუჩაზეა. გავიგეთ, რომ შიგნით მიწისქვეშა გვირაბებია. რომ თბილისში ათია ასეთი სახლი და ათივე ერთმანეთს უკავშირდება ამ გვირაბების მეშვეობით. მოგვიყვნენ, რომ ეს "ეშმაკის სახლი" ერთმა სომეხმა სატანისტმა ააშენა და იქ ქალმა ჩამოიხრჩო თავი - მისმა შვილმა თუ ცოლმა, ზუსტად არ მახსოვს. ამბობენ, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხრის მგავსი კარი, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული და ის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარია. სახლები კი პენტაგრამას ქმნიან, რომელიც ერთ დიდ დარბაზში ერთდება, მიწის ქვეშ - ამ დარბაზში საიდუმლო რიტუალებს აწყობენ.
ისე გვაინტერესებდა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, არ შეგვეშინდა, მივედით. როგორც კი სადარბაზოში შევედით და სარდაფისკენ გავუყევით გზას, თითქოს იქ ქალის მოჩვენება დავინახეთ, ხმებიც გვესმოდა, განწირული შეკივლება... ძველი მორგის შენობასთანაც ვიყავით. იქ ახლოს გატყავებული ძაღლებისა და კატების გორაა, მკვდარი არწივიც ვნახეთ, რომელიც ნახევრად გახრწნილი იყო და თითქოს ისევ ფართხალებდა... ღამით ვიყავით, ფარნებით... ისეთი დიდი ემოცია იყო, მეორე დღესაც მივედით, თუმცა ვიღაც ქალი დაგვხვდა, გაგვლანძღა, აღარ მოხვიდეთო... 10 წუთის მერე კატის განწირული კნავილი შემოგვესმა...
მერე იმ ადამიანებსაც შევხვდით, ვინც ემოები არიან, მერე სატანისტებთანაც გვქონდა საუბარი, ვნახეთ რაღაცები, რის ნახვაც ჩვენთვის შეიძლებოდა. მერე გვითხრეს, რომ სექტაში უნდა შევსულიყავით... ჩემი ნებით ვაპირებდი, რომ ასე მოვქცეულიყავი... მაგრამ დედა დროულად ჩაერია, პირობა ჩამომართვა, რომ აღარ გავბედავ იქით გახედვას... ეკლესიაშიც წამიყვანა, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, მიჭირს იქ ყოფნა, რაღაცნაირად ვითრგუნები... სულ ვფიქრობ ჩემს საქციელზე, ვებრძვი საკუთარ თავს, მრცხვენია, როგორ ვიყავი "ემო", რატომ ვიყავი სუიციდალი? და რატომ მინდოდა სატანისტობა, როცა ვიცოდი, რომ ეს ცუდია? თანაც, ამ ამბების მერე ყველაფერი ცუდად წავიდა, ყველა ამრეზით მიყურებს, გამუდმებით მახსენებენ ჩემს უახლოეს წარსულს, მკიცხავენ... რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში ვერ ჩამოვყალიბდი, ბოლომდე ვერ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი წარსულია. ინტერესი მკლავს იმის, რაც არ მინახავს და რაც კიდევ შეიძლება იყოს იქ, იმ გვირაბებში, სადაც ვერ მოვასწარი ჩასვლა...
მსგავსი პრობლემებით მშობლები, როგორც წესი, ფსიქოლოგებსა და მოძღვრებს მიმართავენ, მათ, ვინც გაგებით მოეკიდება ასეთ მოზარდებს. ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს, გადაატანინონ ყურადღება სხვა გატაცებებზე, მაქსიმალურად დაუახლოვდნენ, დაუმეგობრდნენ თავიანთ შვილებს, ესაუბრონ, იარონ მათთან ერთად კინოში, თეატრში, იმოგზაურონ, აჩუქონ ახალი და ჯანსაღი შთაბეჭდილებები. თუ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ხდება მსგავსი რამ, მძაფრსიუჟეტიანი, ოღონდაც ჯანსაღი ლიტერატურით დააინტერესონ, რომ დაიცხრონ ეს სურვილი... მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რა წრეში ტრიალებს მისი შვილი, რა ინტერესები აქვს. ეცადოს, ისე აღზარდოს და ისეთი გარემო შეუქმნას, რომ მსგავსი ბნელი და ბოროტი ძალების საცდური არ გახდეს. ოჯახი ბავშვისთვის სამაგალითოა. იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მშვიდი, სულიერად ჯანსაღი და ჰარმონიული გარემო, რაც ბავშვს კიდევ მეტად დაიცავს...
რაც შეეხება ანის მონაყოლს, მსგავსი სახლები და მსგავსი ჯგუფები თბილისში ნამდვილად არსებობს. ინგოროყვას 6-ში მდებარე ცნობილ სახლს, რომელიც ანიმ ახსენა, მართლაც ეძახიან "ეშმაკის სახლს" და ის გარეგნულადაც საშიშია - სახლის გარე ფასადზე ეშმაკის მსგავსი გამოსახულებებია. როგორც ამბობენ, ის XIX საუკუნეში აუგია რომელიღაც სომეხ ვაჭარს, რომელიც სატანისტი იყო და მართლაც, ამ სახლის სხვენზე ჩამოუხრჩია თავი გოგონას - სავარაუდოდ, მის ქალიშვილს. სახლს აქვს საიდუმლო გვირაბი, თუმცა რამდენად მართალია ის, რომ ეს გვირაბი სხვა გვირაბებით უკავშირდება მსგავს სახლებს, ვერ გეტყვით. დღეს იქ ჩვეულებრივ ცხოვრობს ხალხი...
იმედია, ანი გაართმევს თავს ამ პრობლემას, ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვურჩევთ მშობლებს, არ დაკარგონ კავშირი შვილებთან და მაქსიმალურად ახლოს იყვნენ მათთან.
ნია ნინიაშვილი