ზოგს სახლ-კარი არ აქვს, ზოგს კი უკვე გაჩენილი, საკუთარი შვილი ჰყავს სამკურნალო და იმიტომ დგამს ამ ნაბიჯს ჩვენს რეალობაში ბევრი ოჯახური წყვილი დგება უშვილობის პრობლემის წინაშე – ეს ძალიან დიდი და დამთრგუნველი პრობლემაა. თუმცა მედიცინა საკმაოდ შორს წავიდა და გარდა სქესობრივი კავშირისა, არსებობს შვილის ყოლის ე.წ. "ხელოვნური" ხერხები – ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაცია, რომელსაც ჩვენი რელიგია საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს, მეტიც, პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეს დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას მიუძღვნა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა...
ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით საქართველოში არსებული სუროგაციისა და დონაციის ერთ-ერთი ცენტრის სამედიცინო კოორდინატორ თამუნა გაბუნიას და შევეცადეთ, ამ საკითხათან დაკავშირებული დეტალები გაგვერკვია.
- უპირველესად მაინტერესებს, საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების როგორი სტატისტიკა გაქვთ, წელიწადში რამდენი წყვილი მიმართავს ამ ხერხს? იმატა თუ იკლო ხელოვნური განაყოფიერების მაჩვენებელმა ბოლო წლებში?
- ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური განაყოფიერების მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას წელიწადში დაახლოებით 450-500 წყვილი მომართავს.
- უმეტესად რა ასაკის წყვილები მოგმართავენ ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციისთვის?
- გვყოლია პაციენტები 30 წლიდან ზემოთ, ეს ძირითადად დამოკიდებულია პოტენციური მშობლის სამედიცინო ჩვენებებზე, ასაკიც ამის შესაბამისად ისაზღვრება.
- თუ საიდუმლო არ არის, დაახლოებით რა თანხასთანაა დაკავშირებული ხელოვნური განაყოფიერება და ასევე სუროგაცია?
- ხელოვნური განაყოფიერება ქართველი პოტენციური მშობლისთვის დაახლოებით 3 500 ლარი ჯდება. ამ თანხაში არ შედის ლაბორატორიული გამოკვლევები და მედიკამენტები. ხოლო სუროგატი დედობის შემთხვევაში, შვილის ყოლის მსურველები მას 15 200 აშშ დოლარს უხდიან და 9 თვის განმავლობაში მეთვალყურეობენ.
- რამდენად პოპულარულია სუროგაცია საქართველოში, მაშინ როცა ჩვენი რელიგია სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საკითხისადმი?
- სამწუხაროდ, უშვილო წყვილი ბევრია, მათ ურჩევნიათ, თავიანთი გენეტიკის მატარებელი ბავშვი გაზარდონ და ხელოვნური განაყოფიერება ჩაიტარონ. მიუხედავად რელიგიის სკეპტიკური განწყობისა, შემიძლია ვთქვა, რომ სუროგაცია უკვე საკმაოდ აქტუალურია საქართველოში. ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამებით, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობით წელიწადში დაახლოებით 60-70 ახალშობილი იბადება.
- საინტერესოა, ვინ არიან სუროგატი დედები - მათი ასაკი, სოციალური მდგომარეობა, ჰყავთ თუ არა ქმარი და იციან თუ არა მეუღლეებმა ცოლის სუროგატი დედობის შესახებ.
- სუროგატი დედა არის ჯანმრთელი ქალი 20-დან 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მინიმუმ ერთი შვილი უნდა ჰყავდეს გაჩენილი. მათ უმრავლესობას ჰყავს მეუღლე, აქვთ ოჯახი და ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ სუროგატ დედობას. საკმაოდ ბევრი სუროგატი დედა გვყოლია და გვყავს უმაღლესი განათლებით. რაც შეეხება მიზეზს, ძირითადად დღევანდელი სოციალური მდგომარეობის გამო მიმართავენ ისინი ფულის შოვნის ამ გზას.
- რა მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს სუროგატ დედებთან. მაგალითად, ხომ არ უნდათ, რომ ის მაინცდამაინც ქართველი იყოს...
- ქართველი პოტენციურ მშობლის ძირითადი მოთხოვნაა, რომ სუროგატი დედა იყოს ჯანმრთელი, ჰყავდეს ოჯახი, მეუღლე, შვილები, ეროვნებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან სუროგატი დედა გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება ემბრიონთან.
- რადგან ის იცით, რომ ქალები ძირითადად სოციალური პრობლემების გამო ხდებიან სუროგატი დედები, თუ გაქვთ ინფორმაცია, შემდგომ რა მიზნებს ხმარდება ეს ფული?
- ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სახლ-კარი და უნდათ, რომ თავიანთ შვილებს შეუქმნან მომავალი. ასევე გვქონია შემთხვევა, როდესაც სუროგატი დედის შვილს ესაჭიროება საკმაოდ ძვირად ღირებული ოპერაცია და უნდა, რომ ამ თანხით შვილი გადაარჩინოს, ან ასწავლოს შვილებს და მისცეს უმაღლესი განათლება. ისინი მზად არიან გაახარონ უშვილო წყვილი და მათ აგრძნობინონ მშობლის ინსტინქტი, რადგან თვით სუროგატებს ეს საკმაოდ გამძაფრებული აქვთ თავიანთ შვილებზე.
- კონფიდენციალურობას თუ ითხოვენ?
- კონფიდენციალურობა ჩვენს ორგანიზაციაში, კლინიკებში და სამშობიარო სახლში, სადაც მათ შეხება აქვთ, დაცულია. თუ ეს თავად სურს სუროგატ დედას, ისევ თვითონ ასაჯაროებს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. რაც შეეხება ნათესავებსა და ახლობლებს, ალბათ არც მათ წრეში მალავენ რამეს, რადგან დამეთანხმებით, ორსულობის დამალვა საკმაოდ რთულია.
- შეიძლება სუროგატმა დედამ დაავადებული ბავშვი გააჩინოს, ასეთ შემთხვევაში რა მეთოდს მიმართავთ? ცოტა ხნის წინ მალაიზიაში იყო შემთხვევა, როცა ქალს დაუნის სინდრომით გაუჩნდა ბავშვი და "დამკვეთებმა" უარი თქვეს მის წაყვანაზე.
- სუროგატი დედის მიერ დაავადებული ბავშვის გაჩენის ფაქტი ჩვენთან არ დაფიქსირებულა, რადგან მათ ყველა საჭირო გამოკვლევას ვუტარებთ ასეთი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით. გარდა ამისა, ორსულობის 12 კვირიდან შესაძლებელია იმის დადგენა, ახალშობილს რაიმე გენეტიკური დაავადება აქვს თუ არა.
- ასევე საინტერესოა ტყუპების საკითხი. შეიძლება იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია, სუროგატი დედის მუცელში განაყოფიერდეს ორი კვერცხუჯრედი და გაჩნდეს ტყუპი, თუმცა წყვილს მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლის სურვილი ჰქონდეს, რა ხდება ამ დროს? ვისთან რჩება მეორე ჩვილი?
- რაც შეეხება ტყუპით ორსულობას, დაგეთანხმებით, საკმაოდ ხშირია ხელოვნურ განაყოფიერებაში. ჩვენ არ გვყოლია წყვილი, რომელსაც საკუთარ შვილზე უარი განეცხადებინოს, კიდევაც რომ მოხდეს ასეთი ფაქტი, ჩვენ მათთან გაფორმებული გვაქვს ნოტარიულად დამოწმებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც სრული პასუხისმგებლობა მსგავს სიტუაციებში პოტენციურ მშობელს ეკისრება.
ციცი ომანიძე