აღმოჩენა, შესაძლოა ახალი მედიკამენტის შექმნას დაედოს საფუძვლად ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, სინამდვილეში რა იწვევს მშობიარობას. მათი აღმოჩენა, შესაძლოა ახალი მედიკამენტის შექმნას დაედოს საფუძვლად, რომელიც ნაადრევი მშობიარობების რისკს მინიმუმდე შეამცირებს.
მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 40 კვირის ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც მშობიარობის დაწყებას განსაზღვრავს. ამ ცილას ორგანიზმი გამოყოფს, რათა საშვილოსნოს კუმშვის სიგნალი მისცეს. ამგვარად მეცნიერებამ იპოვა პასუხი კითხვაზე, რაც ამდენ ხანს აწუხებდა - რომელი ბიოლოგიური მექანიზმი იწვევს მშობიარობის შეტევებს ორსულობის მე-40 კვირის შემდეგ.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჯერ ამ ბიოლოგიური "წამმზომის" მუშობა ვერ ამოხსნეს, რათა ზუსტად განსაზღვრონ მშობიარობის დაწყების დრო. სამაგიეროდ, იციან, რომ საჭირო მომენტში ორგანიზმი ამ ცილას გამოყოფს პროცესის დასაწყებად. ამ აღმოჩენას, სავარაუდოდ, იმ წამლის შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელიც ჭარბწონიან ქალებს მშობიარობის სტიმულაციაში დაეხმარება ან პირიქით, ნაადრევ მშობიარობას ააცილებს ფეხმძიმეებს.
"ათეული წლებია ვიკვლევთ, რისგან იწყება მშობიარობა. როგორც იქნა, ზუსტი პასუხი მივიღეთ. ამ შედეგების წყალობით თავიდან ავიცილებთ რისკიან საკეისრო კვეთებს, რომლებსაც ხშირად ჭარბწონიან ქალებთან მიმართებაში ვიყენებთ", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი შაუნ ბრეკენე.
სიმსუქნით დაავადებულ ქალებში ეს ცილა ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა. ამიტომაა, რომ ეს ქალები ცუდად რეაგირებენ ბუნებრივი მშობიარობის აქამდე ცნობილ სტიმულატორებზე.