"დუმილით კიდევ უფრო ვაძლიერებთ ძალადობას" სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ძალიან გახშირდა ოჯახში ძალადობის ფაქტები. ხშირად გვესმის ლოზუნგები – "არა, ძალადობას", "ძალადობა დასჯადია" და ა.შ. მაგრამ რეალურად, ბევრმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში, ვის მიმართოს, იცავს თუ არა სახელმწიფო ამ ყველაფრისგან... გადავწყვიტეთ, ამ საკმაოდ აქტუალურ და რთულ თემაზე გავსაუბრებოდით ორგანიზაცია "სახლი – ქალთა საკონსულტაციო ცენტრის" თავმჯდომარეს რუსუდან ვაშაკიძეს.
- თუ გაქვთ სტატისტიკა, მონაცემები, დაახლოებით მაინც, როგორია ბოლო დროს ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი?
- ამ საკითხთან დაკავშირებული ყველაზე კარგი მონაცამები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. თუმცა, დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ ხშირად ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ და პრობლემა პრობლემად რჩება.
- მიზეზად რას ასახელებენ, ქალები რას ყვებიან, ყველაზე ხშირად რა მიზეზებს ასახელებენ, რა შობს ძალადობას?
- ბევრი ფაქტორია, ზოგჯერ ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ მხოლოდ ეს არააა მაპროვოცირებელი ფაქტორი. არის შემთხვევები, როცა ეკონომიკური მდგომარეობა სულაც არაა პრობლემა, მაგრამ მაინც ხდება ძალადობა. დაყოფა ძნელია, შეიძლება იძალადოს განათლებულმაც, ნაკლებად განვითარებულმაც, ეკონომიკურად ძლიერმა ან შეჭირვებულმა და ა.შ. ძირითად მიზეზად მაინც გენდერული უთანასწორობაა დასახელებული, როცა ერთ ადამიანს სურს, მეორე ადამიანზე სრული ძალაუფლება და კონტროლი მოიპოვოს.
- საზოგადოებაში ხშირად ისმის ლოზუნგები - "არა, ძალადობას", "ძალადობა დასჯადია", "დავიცვათ ქალები"... მაგრამ, მაშინ როცა ქალზე ხდება ძალადობა, ქალს არ აქვს არსად წასასვლელი, ფინანსურად არაა დამოუკიდებელი, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, ეს ბევრმა არ იცის... იქნებ მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ...
- პატრული არის ის ორგანო, რომელსაც პირველ ეტაპზე შეუძლია, დახმარება გაუწიოს ადამიანს ძალადობის შემთხვევაში. პირველსავე გამოძახებაზე უნდა გამოცხადდეს ეკიპაჟი, შეაფასოს სიტუაცია და გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, რომელიც განიხილება სასამართლოს მიერ, ამას კი მოჰყვება მთელი რიგი პროცედურები. ქალმა უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია, პატრულის მეშვეობით დაიცვას საკუთარი თავი. გარდა ამისა, არსებობს საუწყებათაშორისო საბჭო, რომელიც ძალადობის აღკვეთის პრობლემატიკასა და პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობდა ძველი მთავრობის პერიოდში და აგრძელებს მუშაობას ახლაც. ამ საბჭოსთან ერთად არსებობს საიდენტიფიკაციო ჯგუფი, მსხვერპლს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე - 2 309 903 და მიიღოს იურიდიული კონსულტაცია. ცხელი ხაზის ნომერი ცხადდება ტელევიზიით, ასევე მისი ნახვა შესაძლებელია ბილბორდებზე, თუ ადამიანი გაფაციცებული იქნება, შეძლებს გაიგოს, ვის უნდა მიმართოს, რა პროცედურები გაიაროს და თუ ნამდვილად ძალადობის მსხვერპლია და საბინაო საკითხებით უზრუნველყოფა ვერ ხდება, მაშინ გადმოყვანილ იქნას თავშესაფარში. მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. თავშესაფარი არსებობს თბილისში, გორში, ბათუმში, შარშან გაიხსნა ქუთაისში. კიდევ კახეთში იგეგმება გახსნა და ფუნქციონირება. წელს ალბათ მწყობრში ჩადგება კრიზისული ცენტრიც.
- ძალადობის შემთხვევაში ხშირად ქალები პატრულის გამოძახებას ერიდებიან, არგუმენტი კი ასეთია: პატრული დროებით წაიყვანს, შეუფარდებს აღმკვეთ ღონისძიებას, ცოტა ხანში გამოვა და არ მაცოცხლებს, გააგრძელებს ძალადობას, მუქარას... ასეთ შემთხვევაში გამოსავალი რა არის?
- აქ მრავალმხრივ პრობლემასთან გვაქვს საქმე. პატრულის გამოძახებით, რასაკვირველია, მოძალადე გაღიზიანდება, ამით ირღვევა ტაბუირებული საკითხი - ჩემი ოჯახის საქმეში სხვა რატომ ერევა. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ პატრულის გამოძახებას მაინც აქვს შედეგი. როდესაც მოძალადე ხედავს, რომ მისი დანაშაული დაუსჯელი რჩება. არც ფიქრობს საკუთარ საქციელზე. არ ვამბობ. რომ დასჯით აღიკვეთება მისი ქმედება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოძალადე მიხვდება, რომ მთლად საკუთარი სურვილების ანაბარა არ არის. და თუ ამას არ დაანახვებს მსხვერპლი, ის გაგრძლებეს ძალადობას. როცა მშობლებს ცუდი შვილი გამოგვდის. რას ვაკეთებთ? ხან ასე ვცდილობთ მის სწორ გზაზე დაყენებას, ხან – ისე, ვეძებთ გზებს. ასე უნდა იყოს ცოლისა თუ ქმრის შემთხვევაშიც. მოძალადესაც აქვს შიში, კომპლექსი, რეგულირების მეთოდი, ასე რომ. ყველაფერი უნდა ვცადოთ.
შეიძლება პატრულის გამოძახება არაა კარგი, შეიძლება ბევრმა ისიც თქვას, სასამართლოში რა წამიყვანსო, მაგრამ საზღვარგარეთ ყველა საკითხი ადვოკატების მიერ ირჩევა, ჩვენთვის კი რეგულირების ასეთი ფორმები მაინც მიუღებელია. არ ვამტკიცებ იმას, რომ ეს ეფექტურობის გარანტიაა, მაგრამ დუმილით კიდევ უფრო ვაძლიერებთ ძალადობას. თუ მოძალადე მიხვდება, რომ შენ არ ურიგდები ძალადობას, მიმართავ რაღაც ხერხს, მისი ძალადობა ძველებურად ხშირი აღარ იქნება.
- რაც შეეხება თავშესაფრებს, მეტი მოუყევით ამის შესახებ ქალებს, როგორი გარემოა, როგორი ცხოვრებაა იქ?
- თავშესაფარში გადასვლა ხდება მაშინ, როცა ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და წასასვლელი ნამდვილად არსად არ აქვს. რატომღაც ისე აღიქვემნ, რომ ესაა ადგილი, სადაც მუდმივად დარჩენა შესაძლებელია, რაც მცდარი შეხედულებაა. ხშირაადაა შემთხვევა, როცა ამბობენ, თუ ამხელა ამბავი ავტეხე, პატრული შევიყვანე ოჯახში, მომენიჭა მსხვერპლის სტატუსი და გადამიყვანეს თავშესაფარში, მაშინ მთლიანად უნდა უზრუნველმყოს მე ამან, მაგრამ ასე არაა. თავშესაფარი 3-თვიანი განთავსების ადგილია, სადაც ქალებს გადმოსვლა შვილებთან ერთად შეუძლიათ. აქ ადამიანი უზრუნველყოფილია კვებით, ფსიქოლოგიური, სამდიცინო, იურიდიული კონსულტაციით. თავშესაფარში ყოფნის დროს უნდა ხდებოდეს საკუთრების თემაზე არსებული საკითხების განხილვა, იურიდიულად გაცნობიერება, თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს და ა.შ.
- როგორც მივხვდი, თავშესაფარში ქალს გაჩერება 3 თვე შუეძლია, გქონიათ შემთხვევა, რომ ამ სამ თვეში მისი ოჯახური პრობლემები მოგვარებულაა? როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?
- კი, როგორ არ მქონია შემთხვევა, მაგრამ ის გლობალური პრობლემები, რომელიც 20 წლის განმავლობაში არ გადაჭრილა, ვერ მოგვარდება. სამ თვეში გვარდება ის საკითხი, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და ამ პერიოდში იწყება მუშაობა იმ "მოუგვარებელ" პრობლემაზე, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში არ უზრუნია ადამიანს.
- თქვენ ბრძანეთ, რომ თავშესაფარში შვილებით შეიძლება ქალების განთავსება, ბავშვებისთვის თუ არის იქ ადაპტირებული გარემო? მათაც თუ უწევენ ფსიქოლოგები კონსულტაციას... ბავშვებისთვისაც ხომ დიდი სტრესია დაძაბულობა ოჯახში...
- კი, იქ არის ბავშვთა კუთხე, სადაც მათ ეძლევათ გართობის საშუალება. არის შემთხვევები, ბავშვები თავშესაფრიდან დადიან სკოლებში და ა.შ. ბავშვს არ აქვს უნარი, რეალურად შეაფასოს ის სიტუაცია, რაც ხდება ოჯახში, ამიტომ ბევრად უფრო ტრავმატულ და მძიმე შედეგს ვიმკით მაშინ, როცა ბავშვი ოჯახური ძალადობის მომსწრეა. როგორც გითხარით, თავშესაფარში არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც ესაუბრება და აკვირდება ბენეფიციარებს, იქ ასევე არიან სოციალური მუშაკები, რომელნიც მუშაობენ ბავშვის მდგომარეობის მოწესრიგებაზე.
ციცი ომანიძე