რამდენად დამოუკიდებლად ზრდიან და როგორ აკონტროლებენ შვილებს ცნობილი დედები ბავშვის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ხშირად მშობლისთვის რთულია, გაბედოს და მისცეს შვილს თავისუფლება, სკოლაში გაუშვას მარტო, ეზოში სათამაშოდ დატოვოს უფროსის გარეშე და ა.შ. ალბათ ბავშვის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება ორმხრივი პროცესია, ერთის მხრივ მშობლემა უნდა გადადგას ნაბიჯი შვილის მეტი თავისუფლებისთვის და მეორე მხირვ ბავშვს უნდა ჰქონდეს რაღაცების დამოუკიდებლად კეთების სურვილი და უნარი. ამ საკითხზე გამოცდილების გაზიარება ცნობილ დედებს ვთხოვეთ.
ანა კოშაძე: "შედეგად ბავშვები ნაკლებად დამოუკიდებლები ხდებიან, ეს კი ჩემი დანაშაულია"
- ვისურვებდი, ჩემი შვილები უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ. ჩემს პირველ შვილს, მაშოს, ბებიები, დედა, ბიძა, ყველა თავს ეხვია და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ არც ისე დამოუკიდებელია, თუმცა ნელ-ნელა ამასაც სწვლობს.
- რამდენი წლისაა მაშო, სკოლაში დადის?
- 7 წლის ხდება, სკოლაში დადის და ეს ძალიან მეხმარება დამოუკიდებლობის ჩამყალიბებაში, სხვათა შორის, ბაღიც დიდ როლს ასრულებდა ამაში. მეორე შვილი ანასტასია 3 წლისაა, ძლივს იცვამს, მაგრამ ცდილობს, თავად გააკეთოს ეს. სამაგიეროდ, თვითონ არ ჭამს, დედაზეა დამოკიდებული. არ ვიცი, რა ასაკიდან უნდა დავიწყო ზრუნვა შვილების დამოუკიდებლობაზე და რა დროს მეპარება ის პერიოდი, როცა უნდა მივაჩვიო ამას. ალბათ თვეებიდან უნდა დაიწყო ზრუნვა. მაგრამ არის მეორე ფაქტორიც, როცა გეჩქარება, არ გაქვს იმის ნერვები, ელოდო, როდის ჩაიცვამს ბავშვი თავისით, წლი-ნახევრისას კოვზს რომ მისცემ, ნახევარი ფაფა ძირს აღმოჩნდება და ამის მოწესრიგებას ცალკე დრო უნდა, ამიტომ ცდილობ, თავად გაუკეთო ყველაფერი. შედეგად კი ბავშვები ნაკლებად დამოუკიდებლები ხდებიან, ეს კი ჩემი დანაშაულია.
- ბავშვებს მარტო სძინავთ ოთახში?
- მაშოს ორიდან სამ წლამდე მარტოს ეძინა, მაგრამ მერე გაჩნდა ანასტასია და ის რომ ჩვენთან იწვა, შემეცოდა მაშო და ისიც ჩვენთან შემოვისახლე. სამი წლის შემდეგ კი ისევ გავასახლე ორივე ერთად. ეს გარკვეულწილად კარგია, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავად არიან, სულ სირბილი გიწევს. დაძინებით, დამოუკიდებლად იძინებენ, ძილის წინ ვუკითხავ და შემდეგ იძინებენ.
- ანი, ბავშვებს აძლევ საშუალებას, გადაწყვეტლება დამოუკიდებლად მიიღონ, თუნდაც მაშოს, რომელიც უფროსია...
- გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებლები არიან, არ აქვთ არც ერთს პრობლემა (იღიმის). ნელ-ნელა ვცდილობ, ბევრი რამ ვკითხო, თუნდაც ჩაცმის საკითხში. სულ უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაშო, მე არ ვარჩევ ტანსაცმელსო, ამიტომ ახლა ერთად ვარჩევთ, ყიდვის დროსაც მიმყავს თან და ვეკითხები აზრს. ძალიან მინდა, მივცე არჩევანის საშუალება, ვკითხო მოსაზრება. ამ თვალსაზრისით საკუთარ თავს ვებრძვი (იცინის). ზოგადად, მაშო ძალიან თავდაჯერებულია, ასე რომ ჩემი შეზღუდვები წინ არ ეღობება. რაც თავი მახსოვს, ჩემი მშობლები ყველა საკითხთან დაკავშირებით აზრს მეკითხებოდნენ და თუ რამეს მიკრძალავდნენ, აუცილებლად მიხსნიდნენ რატომ, რაც მგონია, რომ კარგია. ბავშვი რომ იბადებდა, მაშინვე უნდა დავიწყოთ ფიქრი მის დამოუკიდებლობაზე, ერთი წლის ასაკიდან კი რეალობაში უნდა განვახორციელოთ ეს. არაა საჭირო ხელში მივაწოდოთ ყველა სათამაშო, გადავარდება, მივვარდეთ და ავაყენოთ, უნდა დავაცადოთ თავად გააკეთოს ეს. თეორიის დონეზე კარგია, ასე თუ ვიზამთ, მაგრამ რეალურად სისრულეში მოყვანა ძალიან რთულია.
ნინო ძოწენიძე: "კაცობს, მეუბნება, ძოწკა, დააკაკუნე, შემოდი, დამხედე და გადიო"
- ნინო, როგორც ვიცი შენი შვილი საკმაოდ დამოუკიდებელია, როგორ მიაღწიე ამას?
- თავიდან ძალიან მშიშარა ვიყავი, ბევრი რაღაცის მეშინოდა, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე, მარტო გამეშვა სკოლაში, მით უმეტეს, რომ აკმაოდ ახლოს იყო ჩვენს სახლთან. გავუშვი, მაგრამ ჩუმად უკან გავყევი, რომ მეკონტროლებინა, როგორ მიდიოდა, როგორ გადაკვეთდა გზას, სადაც არც ისე დატვირთულია მოძრაობა არ. თან ვეუბნებოდი, რომ მიხვალ დამირეკე, რომ ვიცოდე, მშვიდობით მიხვედი-მეთქი და ასეც იქცეოდა. საბოლოო ჯამში იმხელა დამოუკიდებლობა მივეცი, დღეს ჰგონია, რომ მასთან დაკავშირებული თემებზე არ უნდა ვნერვიულობდეთ, რადგან უკვე დიდი ბიჭია, არადა, მე რაღაც მომენტებში მართლა მიპყრობს ხოლმე შიში. ზედმეტად დამოუკიდებელი გახდა და არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, ან ცუდი.
- როგორ დაიწყე მის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა... დამოუკიდებლად სათამაშოდ რა ასაკში გაუშვი?
- სანდრო 7 წელია ცეკვაზე დადის, საიდანაც ორი წლის განმავლობაში დასასვენებლად მარტო დაჰყავდათ. პედაგოგი ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვები დამოუკიდებლობას მიაჩვიოს და მისი დამსახურებაცაა სანდროს ასეთად ჩამოყალიბება. მარტო წაიყვანა, მარტო იწვა ოთახში, მარტოს უნდა მიეხედა საკუთარი თავისთვის, ეს გახლდათ 3-4 წლის წინ, ახლა 11 წლისაა. ეტყობა იმ პერიოდში მიხვდა, რომ დამოუკიდებლი პიროვნება და შეუძლია, რაღაცები თვითონ აკეთოს. დღეს მარტო ბანაობს, იცვამს და მე არც მრევს ასეთ საკითხებში. მივეცი საშუალება და გახდა დამოუკიდებელი. პატარა იყო, როცა ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ პამპერსი აღარ უნდოდა, მოიგლიჯა თავისით და გადააგდო. ერთი-ორი წლის წინ დაძინებამდე მივუწვებოდი ხოლმე და ველაპარაკებოდი, ახლა ეტყობა კაცობს, მეუბნება, ძოწკა, დააკაკუნე, შემოდი, დამხედე და გადიო. სახეზეც არ უნდა აკოცო, თავზე მაკოცეო - ამბობს.
- დამოუკიდებლობა თავისთავად კარგია, მაგრამ მშობლებს მაინც გვეშინია ხოლმე, რამე არ შეემთხვას ბავშვს, რამე არ დაიზიანოს...
- მეც მეშინოდა, მაგრამ გადავლახე. ცუდზე არ უნდა იფიქრო, თან არსებობს ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც ყველაფერს მაგებინებს ბავშვი, ნებისმიერ დროს შემიძლია, დავურეკო და გავიგო როგორაა, სადაა. ტაქსიდან რომ გადმოდის, ყურადღებით ათვალიერებს, რამე არ დარჩეს, მობილიზებული და ყურადღებიანია. მეც საკმაოდ დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი და მგონია, რომ ეს გამომადგა ცხოვრებაში, ამიტომ ვცდილობ, შვილი ასე გავზარდო.
- სწავლის თვალსაზრისით რამდენად დამოუკიდებელია და თუ უმოწმებ ხოლმე დავალებებს?
- ძალიან არ უყვარს კონტროლი, ამიტომ ვცდილობ, ისე მივუდგე საქმეს, რომ მას დავაკისრო პასუხისმგებლობა. ვეუბნები, იმედია, ისე არ წახვალ სკოლაში, რომ არ ისწავლო და თავს არ შეირცხვენ. საკითხს იმ მხრიდან კი არ ვუდგები, რომ მე მინდა, ისწავლოს, პირიქით, ვუხსნი, რომ თვითონ შერცხვება, თუ უსწავლელი იქნება და ყველას ჩამორჩება. საბედნიეროდ, პასუხისმგებლობა აქვს, უყვარს პირველობა და ამის ამბიციაც აქვს. იცის, რომ მე მის გამო არ უნდა შემრცხვეს, გული არ უნდა მატკინოს. ბავშვს თავდაჯერებულობა უნდა შეჰმატო და პასუხისმგებლობა დააკისრო, უნდა უთხრა, შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, შენ ამას სწორად გააკეთებ, იმიტომ, რომ მე შენი იმედი მაქვს..საკუთარ თავზე უნდა ააღებინო რაღაცები და პასუხისმგებლობა გაუჩინო. ემოციურად არ უნდა დათრგუნო, მშვიდად უნდა მიუდგე ამ საკითხს, ზომიერად მისცე თავისუფლება და უნდა დაუფიქსირო ხშირად, რომ მისი იმედი გაქვს. ბავშვისთვის თავდაჯერება აუცილებელია.
სოფია სებისკვერაძე: "უკვე დიდია, თავისი სამყარო აქვს და ურჩევნია, მარტო იყოს"
- რომ ვთქვა, ჩემი შვილი სრულიად დამოუკიდებელია-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც მარტო უმკლავდება, მე კი ჩემი მხრიდან ვცდილობ, ხელი შევუწყო ამაში.
- რა ასაკიდან დაიწყე მის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა?
- საკმაოდ პატარა იყო, როცა მე მის ნივთებს ხელს აღარ ვკიდებდი, არ ვერეოდი. მას შემდეგ, რაც რაღაცების გააზრება დაიწყო, გაუჩნდა მესაკუთრეობის გრძნობა, ვერ იტანდა, როცა მის ნივთებს ვეხებოდი, ვალაგებდი, გადაადგილებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ზოგადად, ძალიან მოწესრიგებულია. როცა მინდა, შევიდე მის ოთახში და რაღაც ავიღო მისი კარადიდან, წინასწარ უნდა გავაფრთხილო, ეს ყველაფერი მე არ მისწავლებია, შიგნიდან "მოსდიოდა". სახლში მარტო დარჩენის, საჭმლის მომზადების საკითხში არაა დამოუკიდებელი, თუმცა ბოლო ერთი წელია დამოუკიდებლად დადის სკოლაში.
- სახლში მარტო არ რჩება?
- კი, თუ მე სამსახურში ვარ, ისე ხდება, რომ ბავშვთან მასწავლებელია და ამეცადინებს. თუმცა ბოლო ორი წელია მარტოც რჩება. სხვათა შორის, ბოლო წელია, რაც მარტო წევს და თავისი ოთახი აქვს, მანამდე ერთად გვეძინა. მას შემდეგ, რაც ახალ სახლში გადავედით, გაუჩნდა სურვილი, ჰქონოდა თავისი ოთახი და ცალკე მოვუწყვე. უკვე დიდია, თავისი სამყარო აქვს და ურჩევნია, მარტო იყოს.
- მარტო სათამაშოდ პირველად როდის გაუშვი?
- სხვათა შორის, სათამაშოდ გასვლა არ უყვარდა. პავლოვზე ჩვენს ეზოში მისი რამდენიმე კლასელი ცხოვრობდა, სულ ვთხოვდი, გარეთ გასულიყო და მათთან ერთად ეთამაშა, მარის კი სახლში, კომპიუტერთან ყოფნა ერჩივნა. ბოლო ერთი წელია, მეგობრებთან ერთად გასვლა დაიწყო, მიდიან, სხდებიან სადმე, ან ერთმანეთთან სამეცადინოდ ადიან. სწავლის მხრივ ძალიან დამოუკიდებელი და ბეჯითია, ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.
ციცი ომანიძე