"რაც გავთხოვდი და შვილები გავაჩინე, "ჩემს გემოზე" არაფერი დამიგეგმავს" თანამედროვე ცხოვრების რიტმში აქტიურად ჩართულ დედებს შვილებთან ყველაზე ახლო კონტაქტის საშუალებად შვებულების პერიოდი რჩებათ. ისეც ხდება, რომ მთელი წლის განმავლობაში მუშაობით გადაღლილ დედას ბავშვებთან გატარებულ "დამღლელ" დასვენების დღეებს ამ პერიოდში მათ გარეშე ყოფნა ურჩევნია. ახალგაზრდა ქალებს ისედაც ხშირად საყვედურობენ, ბავშვებს ყურადღებას აკლებენ და ძიძების ანაბარად ჰყავთ მიტოვებულიო. Mshoblei.ge დაინტერესდა, რამდენად ხშირად ატარებენ ან არ ატარებენ საშვებულებო პერიოდს დედები შვილებთან ერთად და ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, ატარებთ თუ არა შვებულებას შვილებთან ერთად, გამოკითხული მშობლების 70%-მა დადებითი პასუხი გასცა. 5%-მა უპასუხა, რომ ხან ატარებს ამ დღეებს შვილებთან ერთად, ხან არა. მათზე მეტია იმ დედების რიცხვი, რომლებიც შვილების გარეშე დასვენებას ირჩევენ. ანუ კითხვაზე უარყოფითი პასუხი 25%-მა, ანუ ყოველმა მეოთხე მშობელმა დააფიქსირა.
ვნახოთ, ცნობილი ქართველი დედები როგორ ისვენებენ და რა ურჩევნიათ - ბავშვებთან ერთად დასვენება თუ მათ გარეშე.
თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:
- საბედნიეროდ, სამივე სამსახური ძალიან მიწყობს ხელს და აგვისტოში სამივეგან მაძლევენ შვებულებას. დასასვენებლი ადგილის შერჩევისას პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, მთა და ჰაერია, ამიტომ ყოველ წელს დამყავს ბავშვი მთაში და მერე - ზღვაზე. ბორჯომში და სურამში დავისვენეთ გასულ წლებში, თუმცა სურამში დასვენება მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება, რადგან საჭმლის კეთება, რეცხვა, ბავშვის დევნა, და საერთოდ ყველაფერი, ჩემი გასაკეთებელი იყო, ამას დაემატა ის, რომ სანდროს დაეწყო ვირუსი. მიუხედავად ასეთი სირთულისა, იმუნიტეტი ისე აუმაღლდა სანდროს, რომ მთელი წელი არ გაციებულა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ასეთ ადგილებში დედაჩემის ან დაქალების გარეშე არ წავიდე.
წელს, ივლისის ბოლოს სანდროს ბებოსთან ერთად ბაკურიანში გავუშვებ 2 კვირით, მერე კი 10 დღით ზღვაზე წავალთ ერთად, ეგვიპტეს ავირჩევთ ან თურქეთს. შარშან ეგვიპტეში ვიყავით, სანდრო ძალიან კარგად გაერთო, მე კი დავისვენე. ერთ-ერთი გამორჩეული ზაფხული იყო ჩვენთვის. სპეციალურად საოჯახო ტიპის სასტუმრო მქონდა შერჩეული, სადაც აქცენტი მთლიანად ბავშვზე ჰქონდათ გაკეთებული. იყო უამრავი ატრაქციონი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ჯამბაზები, მსახიობები, ცხოველები და ა.შ. უფროსებისთვის კლუბიც კი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრიორიტეტი ბავშვი გახლდათ. 5 წლის განმავლობაში წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბავშვი ჩემს გარეშე, ბებიასთან ერთად წავა დასასვენებლად და გარკვეულწილად ვღელავ, რადგან ამდენხნიანი განშორება ჯერ არ გვქონია. თუმცა ვიცი, რომ სანდო ხელში იქნება და ამ მხირვ სანერვიულო არაფერია, მშვიდად ვიქნები.
- მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შვილთან ერთად ისვენებ, გიჩნდება სურვილი, რომ დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ სრული განტვირთვა მოახერხო?
- როგორც უკვე გითხარით, ყოველთვის ბავშვთან ერთად ვისვენებ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პარასკევს მივდივარ ბათუმში და კვირას ვბრუნდები უკან. ვფიქრობ, მთავარი იმის განცდა და შეგრძნებაა, რომ რამდენიმე დღით მაინც ახერხებ დასვენებას და განტვირთვას, დღეების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.
თიკო ნატროშვილი, მოდელი:
- "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვმუშაობ. საქმიდან გამომდინარე, შვებულების დღეები შეზღუდული მაქვს. ჩვენს ცენტრში უამრავი ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება და მოდუნების საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ჩემი შვებულების გამოყენებას სრულად ვერ მოვახერხებ. უკვე განსაზღვრული მაქვს, ზაფხულის რა მონაკვეთში შევძლებ დასვენებას და ცხელი დღეებისგან თავის გარიდებას.
- როგორ გეგმავ ბავშვების დასვენების საკითხს? რა არის ამ მხრივ შენთვის პრიორიტეტული?
- ჩემს შვილებს გაუმართლათ, რადგან არაჩვეულებრივი გარემო აქვთ არდადეგებისთვის. უფროსი შვილი, მათე, უკვე სვანეთშია ბებიასთან ერთად – სუფთა ჰაერს ყლაპავს და ნატურალურ საკვებს მიირთმევს. ცოტა ხანში კახიც შეუერთდება და პატარებზე სანერვიულო არ მექნება. სწორედ ახლა მაქვს შემთხვევა, როცა მათე და კახი ზაფხულის ძირითად მონაკვეთს უჩემოდ გაატარებენ. მიჭირს მათ გარეშე ყოფნა, ამიტომ შვებულებამდე რამდენიმე შაბათ-კვირა ავაკითხავ და მოვინახულებ. ვიცი, რომ კარგად არიან და სადარდებელიც არაფერია. აგვისტოში მხოლოდ 10 დღე შევძლებ, მათ კომპანიას შევუერთდე, სამსახურებრივი გრაფიკი მეტის საშუალებას არ მაძლევს. მანამდე რამდენიმე დღე მე და ჩემი მეუღლე ზღვაზე "გავიპარებით". თუ სწორად შევძელით დაგეგმვა, მთის შემდეგ ურეკშიც წავიყვანთ ბავშვებს. ერთი სიტყვით, საქართველოს ფარგლებს არ გავცდებით, მაგრამ ნაყოფიერი დასვენება გამოგვივა.
- როდესაც მთელი წელიწადი მუშაობ და რამდენიმე, ერთი ან ორი კვირა ისვენებ, როგორც ადამიანს, გიჩნდება სურვილი "შენს გემოზე" დაისვენო, მაგრამ დედისთვის ეს ძნელია... მას შემდეგ, რაც შვილები გყავს, მათთან ერთად ატარებ შვებულებას თუ მათ გარეშე?
- რაც გავთხოვდი და შვილები გავაჩინე, "ჩემს გემოზე" არაფერი დამიგეგმავს. ყველაფერს ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე ვაწყობ. ზოგჯერ ამის გამო ვწუწუნებ (ეგო მერთვება), თუმცა ვაცნობიერებ, რომ ჯერ პატარები არიან და მთელი აქცენტი მათზე უნდა იყოს გადატანილი. საკუთარი შვილებისადმი პასუხისმგებლობა არ მაძლევს საშუალებას, "ჩემი თავის ქალი" ვიყო. კახისა და მათეს მცირეწლოვანება ყოველთვის მიბიძგებს, ისეთი გარემო შევარჩიო, სადაც ხელშემწყობი მეყოლება. სვანეთი ამ მხრივ ყველაზე ოპტიმალურია.
- ძიძა თუ მიგყავს თან ასეთ სიტუაციებში?
- ელზა, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია, არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩემი შვილების მეგობარი და ჩემი საუკეთესო შემცვლელია, როცა ვმუშაობ. ელზა აქამდე არ შეგვიწუხებია. წელს კი, ნამდვილად გახდა საჭიროება, რომ კახისთან ერთად იყოს. სანამ ერთი შვილი მყავდა, ადვილი იყო, ორი შვილის "განაწილება" არც ისე იოლი აღმოჩნდა. კახი ჯერ პატარაა (1 წლის), მუდმივად სჭირდება ერთი ადამიანი, ვინც მასთან იქნება და მის გრაფიკზე აეწყობა, ამიტომ დამხარე ძალად ძიძა ჩავრთეთ, ასე რომ, წელს კახისთან ერთად ჩვენი ძიძაც წავა სვანეთში.
ლალი ტოტიკაშვილი, მოდელი:
- ჩემი შვებულება ბავშვების არდადეგებს ემთხვევა. სამოდელო სააგენტოში, სადაც ვმუშაობ და ვხელმძღვანელობ, სწავლას სექტემბერში ვიწყებთ და სკოლასთან ერთად ვასრულებთ. ასე რომ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, შვილები დასასვენებლად ჩემს გარეშე წასულიყვნენ. ჯერ მთას ვირჩევთ, შემდეგ - ზღვას, სეზონის დასრულება საზღვაო კურორტით მიყვარს. მოგეხსენებათ, ძალიან რთულია დასვენება ბავშვებთან ერთად, ამიტომ, როცა პატარები იყვნენ, ძიძა დამყვებოდა თან, ახლა კი გაიზარდნენ და აღარაა ამის საჭიროება, ამიტომ ძირითადად დედა მეხმარება ხოლმე.
ციცი ომანიძე