აქ რომ ჩამოვედი, ძიძა ავიყვანე, ცოტა უნდა დავისვენო ლიკა ევგენიძე ორი შვილის დედაა, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ამჯერად საქართველოში, როგორც თავად ამბობს, დასასვენებლად ჩამოვიდა. ჩვენი რესპონდენტი შვილებს ძიძის დახმარების გარეშე ზრდის, უფროსი გოგო სკოლაში დადის, პატარა კი სექტემბრიდან ბაღში შეჰყავს. როგორ უმკლავდება ოჯახს და შვილებს დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში, ამას თავად გიამბობთ.
- ლიკა, ცოტა ხნის წინ ამერიკიდან ჩამოხვედი. ბავშვები როგორ ეგუებიან დროის ცვლილებას, მოგზაურობას?
- აკლიმატიზაცია, ისევე როგორც მე, ბავშვებსაც აქვთ. მოდი, შევთანხმდეთ, რომ მძიმე გადაფრენაა, გზაში დაახლოებით 9 საათს ატარებ. შარშან სტამბულში 10 საათით ჩავრჩი, დამაგვიანდა შემდეგ რეისზე და ორი ბავშვით ხელში დავრჩი, თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა. თვითონ აიღეს საკუთარ თავზე ჩვენი სასტუმროში დაბინავება, მაგრამ სასტუმრო ორი საათის სავალზე იყო, კინაღამ გადავირიე. ახლაც როგორ ვიყავი იცი? ერთ ხელში ბავშვი, მეორე - ხელჩაკიდებული, თან ბარგი..
- მარტო მგზავრობას მიეჩვიე?
- ახლა მეგობარი მოდიოდა და ძალიან დამეხმარა, ისედაც რომ მხედავენ ამდენი ბარგით, ვეცოდები ხოლმე. ზოგი ოთხი ბავშვითაც დადის და ახერხებენ.
- როგორც ვიცი, ამერიკაში ორ ბავშვს ძიძის გარეშე დამოუკიდებლად ზრდი...
- კი, ასეა, იქ საკუთარ თავზე მაქვს ყველაფერი აღებული, აქ რომ ჩამოვედი, ძიძა ავიყვანე, ცოტა უნდა დავისვენო (იცინის).
- ახლა შენი შვილები რა ასაკის არიან, ბაღში დადის ანა-სოფია?
- არა, იქ სკოლა 4 წლიდან იწყება, ამ ასაკიდან გადიან მოსამზადებელ პერიოდს და ანასტასია უკვე სკოლაში დადის, პატარას სექტემბრიდან ბაღში შევიყვან და მეტი თავისუფალი დრო მექნება. მოქალაქეობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხები უკვე მოვაგვარე და პრობლემა აღარ მექნება ჩამოსვლაზე, როცა მომინდება, ჩამოვალ და წავალ. როგორ მაგარ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, შენი ქვეყანა მაინც სხვაა, სხვანაირად გიყვარს, ყოველთვის მენატრება, იქ რომ ვარ მგონია, რომ საქართველოში რაღაც გამოვტოვე.
- ანასოფია სკოლაში შევიდა, როგორ შეეგუა იქაურ გარემოს, ალბათ ენის პრობლემა აღარ აქვს...
- თავიდან რომ ჩავედით, ბაღში სიარულისას ცოტა პრობლემა ჰქონდა, ენა რომ არ იცოდა, მაგრამ ხომ იცი, ბავშვები ღრუბელივით არიან და უცბად ალაპარაკდა. ახლა უკვე ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ სახლში სულ ქართულად ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ინგლისურად გარეთ ისედაც ლაპარკობს და არ მინდა, ამოუვარდეს თავიდან. ჩემი ქმარიც ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ქართულად ფანტასტიკურად საუბრობს, იმიტომ, რომ სახლში ყოველთვის ქართულად ლაპარაკობდნენ. ბავშვებს სულ ვეუბნები, სახლში თუ ქართულად არ იმეტყველებთ, თბილისში რომ ჩავალთ, ვერ გაიგებთ ვერაფერს-მეთქი და ეს ძალიან არ უნდათ. სტამბულიდან თბილისის რეისზე რომ ჩავსხედით, ბავშვმა გამომხედა და მითხრა – აქ ყველა ქართულია, ანუ ყველა ქართულად ლაპარაკობსო – შოკში იყო ამით (იცინის). მე ხომ პატარა დები მყავს, მათთან ერთად თამაში და გართობა ამათთვის დიდი სიხარულია.
- რამდენად განსხვავდება ქართული და ამერიკული აღზრდის მეთოდები?
- ზოგადად, ყველა მშობლის მეთოდი ინდივიდუალურია, ამიტომ დაკონკრეტება გამიჭირდება, მით უმეტეს, რომ ნიუ-იორკი მეგაპოლისია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ოჯახები ჩასულები, ყველას თავისი ტრადიცია და კულტურა აქვს.
- გავრცელებული მოსაზრებით ამერიკა ძალიან თავისუფალი ქვეყანაა, მიდგომებიც ასეთი აქვთ, დამოუკიდებლად და თავისუფლად ზრდიან შვილებს...
- თავისუფლდ ბავშვის აღზრდა აუცილებელია, თუ ბავშვობიდან ჩაუკალი მისი მე და არ მოუსმინე, არ გაიგე, რა უნდა, ამ შემთხვევაში ბავშვი ტრავმირებული იზრდება. ბავშვს რაისი გაკეთბაც გულწრფელად უნდა და რა სურვილიც უჩნდება, იმის გაკეთების ნებას თუ არ აძლევ, იკეტება და ის ემოცია თუ საქთმელი გროვდება კომპლექსების სახით... კომპლექსი ყველას გვაქვს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ნაკლებად ჰქონდეთ ჩვენს შვილებს, მივცეთ საშუალება გამოხატონ საკუთარი თავი. ბავშვი ცალკე ინდივიდია და პატივი უნდა ვცეთ მის სურვილებს ნებისმიერ ასაკში.
- ლიკა, ოჯახი, ბავშვები დიდ დროს მოითხოვს...
- ხანდახან დავგეგმავ, ბავშვებს რომ დავაძინებ გავალ სადმე-თქო, მაგრამ ბოლოს არაფრის თავი არ მაქვს და მეც ამათთან ერთად ვითიშები. თუმცა, არის საღამოები, როცა გავდივარ მეგობრებთან ერთად გასართობად კინოში, კონცერტზე. გამოფენებზე ბავშვებთან ერთად სიარულის საშუალება არის, იმიტომ, რომ იქ ეტლისთვის ადაპტირებულია ნებისმიერი გარემო, ყველგან შეგიძლია ბავშვთან ერთად იარო, ამიტომ მარტივია შვილებთან ერთად მოძრაობა.
- დასასრულ, რჩევა მინდა მისცე მშობლებს...
- ზოგადად, არ მიყვარს რჩევბის დარიგება და არც შემიძლია, ამიტომ მე ვიტყვი, როგორი მშობელი მინდა ვიყო. თუმცა, ეგეც საკითხავია, მოვახერხებ, ვიყო ისეთი, როგორად ყოფნის სურვილიც მაქვს? ჩემ თავზე სულ ვმუშაობ, მშობელს ხანდახან გიწევს საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება, უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, შენც სწავლობ, იზრდები შვილებთან ერთად. მშობლებმა უნდა მივცეთ შვილებს საშუალება, რომ გაიხსნან, იყვნენ ისეთები,როგორებიც არიან და საკუთარი მე ბოლომდე გამოავლინონ და ჩამოყალიბდნენ.
- მესამეს გაჩენას ხომ მარ აპირებ?
- ჯერ არა, უნდა დავისვენო, თუმცა მომავალში შეიძლება მესამე შვილზეც ვიფიქრო..
ციცი ომანიძე