ქართული განახლებული კორორტები კი არაა ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იქ მოხვედრას მართალია, ჩვენი ქვეყანა კურორტების ნაკლებობას არ უჩივის, პირიქით, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ განებივრებულები ვართ, მაგრამ კეთილმოწყობილ გათანამედროვებულ კურორტებზე დასვენება საკმაოდ ძვირია. ზოგ შემთხვევაში იმდენად ძვირი, რომ იმავე თანხით შესაძლებელია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ეს განსაკუთრებულად ხელსაყრელია ზღვის მოყვარულთათვის, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ამა თუ იმ უცხოურ საზღვაო კურორტზე ამინდებიც მდგრადია, (დასვენების დროს ცას თხოვნით არ შეჰყურებ, არ გაწვიმდე, ერთი კვირით ვარ ჩამოსული და შენი ჭირიმე, დასვენება მაცადეო) მომსახურების დონეც მაღალია და ფასებს თუ შეადარებ, შეიძლება, აქაც უცხოეთმა გადასწონოს უპირატესობით. ბავშვიან დამსვენებელს კი უფრო მეტად სჭირდება კომფორტი და მაღალი სახის მომსახურება. საინტერესოა, სად ასვენებენ თავინთ შვილებს ქართველი ცნობილები, აკმაყოფილებთ თუ არა ქართული რეალობა და როგორია მათი საზაფხულო გეგმები.
ლენუკა ყიფშიძე:
- ჩემი შვილი ორჯერ მყავდა საზღვარგარეთ დასასვენებლად. პირველად 2008 წელს, ომიანობის დროს დაემთხვა ჩვენი წასვლა, დეიდაჩემთან კვიპროსზე, მეორედ კი 2010-ში, ორივე შემთხვევაში სამ-სამი თვე გავჩერდით იქ და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ბავშვს წამოსვლა არ უნდოდა. ქართულ კურორტებზეც ერთად დავდივართ, მე თითქმის მთელი ბავშვობა რაჭაში ვისვენებდი და ძალიან მიყვარს. წელს შეიძლება, რაჭაში წავიდეთ, ან აბასთუმანში, უფრო მთაზე შევაჩერებთ არჩევანს, რადგან ჩემთვის ზღვა არ შეიძლება. შარშან კვარიათში მყავდა, მენინგიტით ჩამოვედით იქიდან და არასასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი... საქართველოში ცუდი ის გვაქვს, ზღვაზე რომ მიდიხარ, თითქმის ყოველთვის წვიმს. ზოგადად, ქართული განახლებული კორორტები არაა ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იქ დასვენებას. იმდენად ძვირია საქართველოში ნორმალური დასვენება, იმავე ფასად საზღვარგარეთ უკეთ დაისვენებ. 10 დღეში რა თანხაც აქ უნდა დახარჯო, იმავე ღირებულებაში საზღვარგარეთაც შეძლებ დასვენებას, თან ამინდიც მეტნაკლებად გარანტირებული გექნება.
ნინუცა მაყაშვილი:
- ნოდარიკო კერძო ბაღში დამყავს, რომელსაც უკვე მესამე წელია, ორი კვირით ან ერთი თვით, დასასვენებლად ბეთანიასთან ახლომდებარე სოფელ ამლევში დაჰყავს. ამას უკვე მიჩვეულია და სიხარულით იძახის, სოფელში მივდივარო, თან ისე გაზრდილი არ მყავს, უჩემოდ რომ ვერ ძლებდეს. ამლევიდან დაბრუნების შემდეგ, აგვისტოში კი ძირითადად ჩემს დაქალ მარიამთან მივდივართ საგურამოში, ისიც ბავშვიანია და ერთად კარგად ატარებენ დროს. ხანდახან უზნეოდაც ვიქცევი, დედასთან ვტოვებ და 3-4 დღით განსატვირთად ბათუმში მივდივარ.
- საზღვარგარეთ თუ გყოლია წაყვანილი დასასავენებლად?
- არა, ჯერჯერობით ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გამიყვანია, მე თვითონაც არ გავსულვარ, სიმართლე რომ ვთქვა. თუ საშუალება იქნება, დიდი სიამოვნებით გავემგზავრებოდი მასთან ერთად რომელიმე ქვეყანაში.
ნინი დედალამაზიშვილი:
- შარშან ელენე დედაჩემთან ერთად დასასვენებლად ყირიმის სანაპიროზე იყო, სამწუხაროდ, მე იმ პერიოდში ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდი და ქალაქიდან ვერ გავედი. ყირიმი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ძალიან კარგი ჰავაა, თან მარინას (გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეს) აქვს იქ სასტუმრო. რაც შეეხება საქართველოს კურორტებს, ძალიან მომწონს და ტურიზმის თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ უნიკალური ადგილები გვაქვს, რასაც სამკურნალო კურორტებიც ემატება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც აქვს იმის რესურსი, გაუტოლდეს მსოფლიოს ბევრ საკურორტო ქვეყანას. პირადად მე, ბათუმი იმდენად მიყვარს, ზაფხულში რამდენჯერმე მაინც უნდა ჩავიდე. ჩვენი წლევანდელი გეგმები კი ასეთია: ძალიან მინდა, რომ ელენე წავიყვანო მთაში - ბაკურიანში და შემდეგ ზღვაზე.
ქეთი ხატიაშვილი:
- ჩემი შვილი ჯერ სამი წლისაა, ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ მოგვიწია ზაფხულში დასვენებამ. ერთ წელიწადს ზღვაზე დავისვენეთ, მეორე წელს კი - ჯერ მთაში და შემდეგ ზღვაზე. კლიმატი ორივე კურორტის მოუხდა, მაგრამ მთა მალე მობეზრდა, ზღვაზე კი ძალიან კარგად გაერთო. წელს ბათუმში წავალთ ალბათ, ბავშვი დიდი სიხარულით ელოდება. რაც შეეხება ჩვენს კურორტებს, კეთილმოწყობილია, მაგრამ მეტი სისუფთავე რომ იყოს და მეტად ადაპტირებული ბავშვებისთვის, უკეთესი იქნებოდა. ბათუმში არის სუფთა და მოვლილი სანაპიროები, სადაც შეგიძლია წაიყვანო ბავშვი და იცი, რომ ფეხში არაფერი შეერჭობა.
ანასტასიასთან ერთად ჯერჯერობით საზღვარგარეთ არ დამისვენია, პატარაა და ჯერ ვერ ვრისკავ ქვეყნიდან გაყვანას. მაგრამ, როცა ჩვენ, ბავშვის გარეშე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგვისვენია, იმაზე ნაკლები თანხა დაგვხარჯვია, რაც საქართველოში დასვენება დაგვიჯდებოდა, მით უმეტეს, რომ საზღვარგარეთ, როცა ორი კაცი მიდის, 5 წლამდე ბავშვის წაყვანა უფასოა, შესაბამისად, უფრო იაფად შეგიძლია უკეთეს პირობებში დაისვენო.
სოფო ბედია:
- ნიკა საზღვარგარეთ არასდროს მყოლია, ერთადერთი, ზამთარში მყავდა მინსკში, ჩემი საქმის გამო მომიწია წასვლამ და თან წავიყვანე. ზაფხულობით ბორჯომში ვასვენებ, შემდეგ კი ხან ქობულეთში მივდივართ, ხან - ბათუმში. ვთვლი, რომ ბავშვისთვის მთაში დასვენება ძალიან კარგია, საზღვარგარეთ კი თუ წავალ, რასაკვირველია, ბავშვსაც თან წავიყვან. წელს აგვისტოში ჯერ ბორჯომში წავალთ, მერე შეიძლება ჩემს მშობლიურ სამეგრელოსაც გადავხედოთ და იქიდან გადავინაცვლოთ ზღვაზე.
ციცი ომანიძე