დავტოვოთ თუ არა ბავშვი ძიძასთან: მორიგი სასტიკი შემთხვევა და გასამართლებული ძიძა - მშობლები

დავტოვოთ თუ არა ბავშვი ძიძასთან: მორიგი სასტიკი შემთხვევა და გასამართლებული ძიძა

2014-07-06 18:55:51+04:00

რჩევები, როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა, რომელსაც შვილს ანდობთ რუსეთში მორიგი სასტიკი შემთხვევა მოხდა – ძიძა, რომელიც ბავშვს არაადამიანურად ექცეოდა, ფარულმა კამერამ გამოააშკარავა, დააპატიმრეს და ახლა ციხის კედლების ხეხვა მოუწევს. საზოგადოება კი კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე, რომ მშობლებმა კიდევ მეტი ყურადღებით უნდა შეარჩიონ ძიძები – ადამიანები, რომლებსაც საკუთარ შვილებს ანდობენ.

ამგვარი შემთხვევები სულ უფრო ხშირდება. არაერთხელ ძიძების სისასტიკე ბავშვის გარდაცვალებითაც კი დასრულებულა. ვინც იეჭვებს და ფარულ კამერას აყენებს სახლში, ამხელს კიდეც ამგვარ ნამდვილ "დამნაშავეებს", თუმცა ბევრია ისეთი, რომელიც აზრზეც არაა, ვის ანდობს შვილს.

• დედამ და მამამ ბავშვს შენიშნეს, რომ უცნაურად იქცეოდა – აგრესიას ავლენდა, კაპრიზობდა, ძიძის დანახვა არ სიამოვნებდა. გადაწყვიტეს, კამერა დაეყენებინათ. სწორედ მან გამოავლინა ქალი, რომელიც ბავშვს ჭამის დროს ცემდა, თავში ურტყამდა ხელებს, საჭმლით სავსე ფიალაში აყოფინებდა თავს... რასაკვირველია, ეს საკმარისი სამხილი იყო, რომ 50 წლის ძიძა მაშინვე დაეპატიმრებინათ და სათანადოდ გაესამართლებინათ.

• დიდი გამოხმაურება მოჰყვა 18 წლის ლენას ამბავს, რომელიც 9 თვის ბავშვს კბენდა და ჩქმეტდა. მშობლებმა მაშინ ატეხეს განგაში, როცა ბავშვის სხეულზე ნაკაწრები და სილურჯეები აღმოაჩინეს. სასამართლოზე გოგონამ გამოაცხადა, რომ ასე ცდილობდა ბავშვის "დაწყნარებას", რომელიც არ წყნარდებოდა.

• ერთმა 26 წლის ძიძამ კი 11 თვის პატარას დიმედროლი დაალევინა, რომ მალე დაეძინა. ბავშვმა ვეღარ გაიღვიძა... სხვათა შორის, დიმედროლს და არაყს რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აქტიურად იყენებენ ბავშვების დასაძინებლად. ასეთი შემთხვევები სამართალდამცველებმა საბავშვო ბაღებშიც გამოააშკარავეს, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ქალს შვილები "შემოაკვდა" მას მერე, რაც ამ მეთოდით ცდილობდა ბავშვების დაწყნარებას (იხილეთ სტატია).

• 55 წლის კიდევ ერთი სასტიკი ძიძის ამბებიც მშობლებმა გამოარკვიეს მას მერე, რაც ბავშვს საშინელი ტირილი დასჩემდა. 9 თვის პატარას ჯენი მარი კემპბელი მართლაც საშინლად ექცეოდა – სცემდა, ესროდა, რაც ხელთ მოხვდებოდა, ძალადობდა მასზე... ეს კადრები მართლაც უმძიმესი საყურებელია და წარმოიდგინეთ, როგორი იყო მათი ხილვა მშობლებისთვის... ქალი დააპატიმრეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ვერავინ მისცემს პატარის მშობლებს გარანტიას, რომ მასზე და მის მომავალზე მავნე გავლენა არ მოახდინა ამ "მწარე გამოცდილებამ".

mshoblebi

იხილეთ ვიდეო

ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, რომ სანამ ძიძას სამუშაოზე აიყვანენ, მას აუცილებლად უნდა მოსთხოვონ ცნობები ნარკოლოგიურიდან, ფსიქიატრიულიდან და ვენდისპანსერიდან. პირველი რამდენიმე დღე შინ უნდა გაატარონ ძიძასთან ერთად და დააკვირდნენ, როგორ მუშაობს, როგორ ეპყრობა ბავშვს, მოსწონს თუ არა ის პატარას. ასევე ურჩევენ, ხანდახან მოულოდნელად დაბრუნდნენ სახლში და "დაადგნენ თავზე" ძიძას, რომ შეამოწმონ, როგორ არის ის მარტო ბავშვთან, დააკვირდეთ ბავშვს ძიძის წასვლის შემდეგ, ასევე მაშინ, როცა ძიძა მოდის სახლში – როგორი რეაქცია აქვს პატარას. თუ ლაპარაკი შეუძლია, გამოჰკითხეთ ამბები. სანამ ძიძა თქვენს ნდობას მოიპოვებს, მაქსიმალურად რთული გამოცდა უნდა გაიაროს და ამის არც უნდა შეგრცხვეთ და არც უნდა მოგერიდოთ – თქვენ ხომ მას ყველაზე სანუკვარს ანდობთ, რაც გაქვთ.