"პირველი შვილი რომ გავაჩინე, სახლში ძიძების კასტინგი მქონდა - დღის ძიძა ცალკე მყავდა და ღამის - ცალკე, ყველაფერზე პანიკაში ვვარდებოდი..." ნინო ორდენიძე ბევრს ახსოვს, როგორც ძალიან აქტიური, ლამაზი, სექსუალური მოდელი. ახლა ის ორი შვილის დედაა. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ ემოციური, მშიშარა ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ ძალიან ენერგიული. საქმიანობის მხრივ სწორედ ოჯახის გამო აიღო ტაიმუატი, სექტემბრიდან კი კარიერული თვალსაზრისით გააქტიურებას გეგმავს. რომელ სფეროში აპირებს ძალების მოსინჯვას, ჯერ არ იცის, თუმცა მოსაფიქრებელი დრო კიდევ აქვს. ბოლო პერიოდში გოგი თოფაძესთან დაკავშირებული სკანდალის დროს, ნინო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა.
- მიუხედავად იმისა, რომ დედა 26 წლის ასაკში გავხდი და გარკვეულწილად მომზადებულიც დავხვდი ამ მნიშვნელოვან მოვლენას, მაინც ვფიქრობ, რომ პირველ შვილზე ცოტა დაბნეული ვიყავი. სამშობიაროდან გამოსვლამდე დედაჩემს დავუბარე და დამახვედრა ძიძები, კასტინგი მქონდა, როგორც იქნა, შევარჩიე, დღის ძიძა ცალკე მყავდა, ღამის - ცალკე, ძალიან შეშინებული ვიყავი და ყველაფერზე პანიკაში ვვარდებოდი. მეტიც, პირველად ასაცრელად რომ მივიყვანე და აცრის შემდეგ მითხრეს, 15 წუთი აქ იყოს ბავშვიო, გული გამისკდა. ზოგადად, ძალიან ემოციური და ფეთიანი ვარ, მაგრამ მეორე შვილი რომ გავაჩინე, 29 წლის ვიყავი და შედარებით მშვიდად შევხვდი ყველაფერს, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ გამოცდილება და პრაქტიკაა ყველაფერი. რაც არ უნდა დიდი იყო, როცა არ იცი, როგორ მოუარო, რა დროს რის გაკეთება სჭირდება, შეშინებული და დაფეთებული ხარ, გამოცდილებასთან ერთად კი სიმშვიდეც მოდის.
- ძიძის შერჩევა ძალიან საფრთხილოა, ასეთმა შეშინებულმა როგორ შეარჩიე ძიძა?
- ზოგადად, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ძიძას არ უნდა შეატოვო ბავშვი, შვილთან სულ უნდა გქონდეს კონტაქტი. პირადად მე, ახლა და ახლა ვიწყებ აქტიურ ცხოვრებას, თორემ მანამდე სულ ბავშვებზე ვიყავი გადართული, მიუხედავად იმისა, რომ ძიძები მყავდა ყოველთვის. ერთი დღე დილიდან საღამომდე თუ გავედი სახლიდან, ეს ბავშვებზე აისახება, ვგრძნობ, რომ უკვე დეფიციტი აქვთ.
- ძიძებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება თუ გქონია?
- არა. ჩემი პირველი ძიძა იყო ტანია, რომელიც ჯერ ჩემს ძმისშვილთან იყო, 10 წლამდე გაზარდა და მერე მე წამოვიყვანე. არაჩვეულებრივი ადამიანია, ოჯახის წევრად ვთვლიდი. მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ მისმა შვილმა ცოლი მოიყვანა, შვილიშვილი უნდა გაეზარდა და წავიდა ჩვენგან, შესაბამისად დავიწყე ახალი ძიძის ძიება. სანამ იმას, ავიყვანდი, ვინც დღემდე ჩვენთანაა და დღეს ის უფრო დამხმარეა ჩემი, ვიდრე ძიძა, მანამდე რამდენიმე ძიძა გამოვიცვალე. იმას მაინც ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცუდი გაუკეთა ჩემს ოჯახს რომელიმემ. რაც მსმენია ჩემი მეგობრებისგან, რომ ძიძები ძარცვავდნენ, საშინელებებს აკეთებდნენ, მსგავსი არაფერი შემმთხვევია, უბრალოდ ყველას არ შეუძლია ერთნაირად ზრუნვა, ზოგს კარგად გამოსდის საქმე, ზოგს - ცუდად და ეს იყო ჩვენი პრობლემა. ჩვენთან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ძიძის ინსტიტუტი და უმჯობესდება მათი საქმიანობის ხარისხიც. საბოლოო ჯამში ცუდს ვერც ერთ ჩემს ძიძაზე ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ვიღაცამ უკეთ გაართვა საქმეს თავი, ვიღაცამ – ნაკლებად, ეს იყო და ეს.
- ნინო, ახლა რამდენი წლისანი არიან ბავშვები?
- უფროსი 8 წლის გახდა, პატარა – 5 წლისაა, 6-ის ხდება და სექტემბერში ესეც წავა სკოლაში. ზოგადად, ძალიან მშვიდი ბავშვები არიან, პრობლემებს არ მიქმნიან, საერთოდ ვერ გაიგებ, რომ სახლში არიან. ვინც ჩვენთან მოდის, გაკვირვებას ვერ მალავს, საერთოდ არ იგრძნობა, თუ ოჯახში ორი ბავშვიაო.
- რაც შეეხება თანამედროვე აღზრდის მეთოდებს, სიმკაცრეს, მომთხოვნობას... ამ ყველაფერს როგორ უყურებ?
- არ მიყვარს უზრდელი ბავშვები და ამიტომ ვარ ალბათ მკაცრიც. ვთვლი, რომ დოზირებული შენიშვნა აუცილებელია, თუ შენ არ მიახვედრე, რა ცუდია და რა კარგი, სიჩუმით ამას თავისით ვერ გაიაზრებს. არ მესმის ვითომ ახალი მეთოდების, რომ 5 წლამდე ბავშვს შენიშვნა არ უნდა მისცე. 5 წლამდე ყალიბდება ბავშვი, პატარაობაშივე თუ არ მიუთითე, რა სწორია და რა - არასწორი, მერე შეიძლება გადაგიაროს. აქედან გამომდინარე მე მაინც მკაცრი ვარ, ძალიან არ ვათამამებ არც ჩაცმის მხრივ და არც რაღაცების ზედმეტად ყიდვით, იმიტომ, რომ დღეს კი ჰყავთ ბავშვებს მშობლები, რომლებიც უკეთებენ, მაგრამ მერე? მერე როგორ იქნება? მინდა, თავად შექმნან და მიაღწიონ ყველაფერს, რათა ფასი იცოდნენ. თუმცა, მეგობრების არჩევის თემაში საერთოდ არ ვერევი, ეს მათი გადასაწყვეტია. მიუხედავად ჩემი სიმკაცრისა, პირველ რიგში მე შვილების მეგობარი ვარ. ჩვენ დროს შედარებით უფრო შორს ვიყავით მშობლებისგან, შეიძლება, რაღაც პატარა, იმ დროისთვის საიდუმლოდ წოდებული, დედასთვის არ მეთქვა, მაგრამ მომეყოლა მეგობრისთვის. დღეს თვითონ ბავშვებიც სხვანაირები არიან, თუმცა ბავშვი უნდა იყოს ბავშვური, არ მიყვარს, ზედმეტად რომ ანებივრებენ, ზედმეტის უფლებას აძლევენ, არ შეიძლება, ბავშვს პატარაობიდანვე ჩასძახო, რომ შენ ყველაზე კარგი, ლამაზი ხარ და ყველაფერი გამოგივა, იმიტომ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მცირე წარუმატებლობის შემდეგ დიდ სტრესს იღებენ. რაშიც საჭირო არაა, მშობელი არ უნდა ჩაერიოს, უნდა მისცეს შვილს თავის დამკვიდრების საშუალება და ზომიერი თავისუფლება.
- არ შემიძლია ინტერვიუ ისე დავასრულო, რომ არ შევეხოთ გოგი თოფაძის განცხადებას, რის შემდეგაც აქტუირად აფიქსირებდი პოზიციას და აქციაზეც იყავი...
- მე ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ვიღაცებმა ამ საკითხს პოლიტიკური იარლიყი მიაკრეს და თემით სპეკულირებას ცდილობენ... გოგი თოფაძეს კი არა, შეიძლება ჩვენც წამოგვცდენოდა ეგ სიტყვა, მაგრამ დროა გავიაზროთ, რომ ეს შეურაცხყოფის მისაყენებლი სიტყვა არაა და თუ შეგვეშლება, ბოდიშიც მოვიხადოთ. სანამ უშუალოდ ჩვენ არ შეგვეხებოდა ეს პრობლემა და ჩემი ძმისშვილი არ დაიბადებოდა დაუნის სინდრომით, მეც მეშლებოდა, მაგრამ გამოსწორებას ვცდილობდი და არ მგონია, ბოდიშის მოხდა რთული ან სამარცხვინო საქმე იყოს. თან ეს იყო ადრე, სანამ ამხელა ინფორმაციაზე გვექნებოდა წვდომა. დღეს, XXI საუკუნეში, 2016 წელს, როცა პრეტენზია გვაქვს, ვიყოთ ევროკავშირის ოჯახის წევრები და ა.შ. ელემენტალური ცოდნა უნდა გაგვაჩნდეს მსგავს თემებზე. გასაგებია, შეიძლება შეეშალა ადამიანს, ზოგი იმასაც იძახის, რაღატომ ერჩით, მოიხადა ბოდიშიო, მაგრამ ეგ ბოდიშის მოხდა იყო?? უარესები არ თქვა? ყველაზე მაგარი რა იქნებოდა, იცი? მოსულიყო აქციაზე, რომელიც მისი განცხადების შემდეგ დაიგეგმა და ეთქვა, შემეშალა და ახლა თქვენ გვერდით ვარო, მაგრამ რაც გააკეთა, მოგეხსენებათ. ამის ფონზე ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ის მშობლები, რომლებიც მეტ პატივისცემას მოითხოვენ საკუთარი შვილების მიმართ, თურმე მართულები არიან. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. პირადად მე იმ აქციაზე რამდენიმე ისეთ ადამიანთან ერთად ვიდექი, ვისგანაც სრულიად განსხვავებული მიდგომები და აზროვნება მაქვს ზოგად საკითხებში, მაგრამ ამ თემამ გაგვაერთიანა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენსას მივაღწიეთ, რადგან ამის შემდეგ უკვე ბევრი ადამიანი მოიქცევა ფრთხილად და ამ სიტყვას სალანძღავ ასპექტში არ ან აღარ გაიმეორებს. გოგი თოფაძემ ამ ნათქვამით ვერაფერი მოიგო, პირიქით, მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით. ასე ნელ-ნელა, მეტი და მეტი აქტივობით მივაღწევთ იმას, რომ შექმნილი ვითარება შეიცვალოს. ჩემი თხოვნაა, რომ ეს თემა არ გააპოლიტიზირონ, ამით ვერ მოგვიგებენ, პირიქით, ნეგატიურად წარმოჩინდებიან, თუ ნორმალური პიარსპეციალისტები ჰყავთ, ამას უნდა ხვდებოდნენ. მე ჩემი ძმისშვილის და სხვა მისნაირი ბავშვების გამო ვაკეთებ ყველაფერს, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ ჩვენს ქვეყანაში. ნუ აკომპლექსებენ მშობლებს და ნუ ჰგონიათ, რომ ამით შეაჩერებენ ვინმეს. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და თქვან, გავაკეთოთ ერთი უფასო რეაბილიტაციის ცენტრი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვისო, საშინელებებს ამბობენ. ამ ბავშვების მასაჟის, ლოგოპედის, ცურვის, ცხენების გარეშე ყოფნა არაფრით არ შეიძლება, მათთვის ეს ყველაფერი საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, ჰაერივით საჭიროა, მაგრამ არაფერს არ იღებს სახელმწიფო საკუთარ თავზე, ეს ნორმალურია? ამაზე ისაუბრონ, არ ჯობია, საშინელებების თქმას? კი ბატონო, რაღაც პროგრამები არსებობს უფასო, მაგრამ ეს ზღაში წვეთია. თქვენ არ იცით, ამ მხრივ რეგიონებში რამდენად რთულადაა საქმე, ამ პრობლემას მიხედონ ჯობია, ვიდრე სამარცხვინოდ იძახდნენ, მართულები და პოლიტიზირებულები არიანო. ამითი ვერ გაგვაჩერებენ, ეს ის თემაა, რომელიც ბევრ ადამიანს გვაერთიანებს, კოლექტიური გოგი თოფაძე ბევრია, მაგრამ ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანები კიდევ უფრო ბევრნი ვართ, ამიტომ ცოტა დაუკვირდნენ საკუთარ საქციელს.
ციცი ომანიძე