"ერთ შეიძლება ვიყო "დედუსი" და ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავდს, მეორე წუთში კი გავხდე მისი მტერი" - რა პრობლემები აქვს მსახიობს თინეიჯერ შვილთან "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი მაკა ძაგანია, მისი გმირისგან, თინასგან, რადიკალურად განსხვავებული ყოველდღიურობით ცხოვრობს... ოჯახურ ცხოვრებაშია თავიდან ბოლომდე გადართული, ზრდის წლისა და 4 თვის გიოს და ამავდროულად საკმაოდ რთულ, გარდატეხის ასაკში ჰყავს უფროსი შვილი. მაკას შვილებზე და დედობის სირთულეზე ვესაუბრეთ.
- გიო წლის და 4 თვის ხდება, ყველაზე რთული ასაკი აქვს. ძალიან ბევრს დადის და არ ლაპარაკობს, მუნჯურად გვაგებინებს ყველაფერს, რაც უნდა, ვცდილობ ვათქმევინო სიტყვები, მაგრამ ის მაინც თავის ენაზე გვესაუბრება.
- ნუცი რამდენად გეხმარება ბავშვის გაზრდაში, თუ რჩება ამისთვის დრო?
- ბავშვს მარტო ვზრდი, ძიძის გარეშე, ახლა დედაჩემიც არაა ქალაქში. როცა აქაა, მაშინაც სულ მუშაობს, მაგრამ სახლში ნახევარ საათს რომ წამეხმარება ხოლმე, ეგეც კარგია..
მე, როგორც დედას ყველაზე რთული ეტაპი მაქვს, იმიტომ, რომ უფროსი შვილი მყავს თინეიჯერი, გარდატეხის ასაკში, პატარა კი ახლა იწყებს სამყაროს შეცნობას, დაიწყო სიარული, აინტერესებს ყველაფერი და ეპოტინება რასაც წვდება. ისეთი "ბნელი" კუთხიდან ისეთ პატარა დეტალს ამოაძრობს ხოლმე, მიკვირს, ან საიდან ხედავს ან როგორ უჩნდება სურვილი, მაინცდამაინც იმ პატარა რაღაცას შეეხოს. თუნდაც მტვერი იყოს, ყველაფერი რომ გაწმინდო, დაასუფთავო, მაინც პოულობს რაღაც ისეთს, რომლის გემოც აინტერესებს და პირისკენ მიაქვს. ამ დროს რა დღეში ვარ, ალბათ ამას ყველა დედა გაიგებს. ორივე შვილს ძალიან რთული ასაკი აქვს და მგონია, რომ ამაზე რთული პერიოდი დედისთვის არ არსებობს. ნუცი ახლა იმ ასაკშია, როცა უნდა მეგობრები, გართობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ მეხმარება. 5 წუთით თუ დაიტოვებს ხოლმე, რომ ან მაღაზიაში გავიქცე, ან აბაზანაში შევიდე, ესეც იმ შემთხვევაში, თუ სახლშია და არსად მიდის, თორემ რამე რომ გადადოს იმის გამო, რომ მე მომეხმაროს, ამის შანსი არ არის. ყველა ზემოჩამოთვლილ სიამოვნებასთან ერთად გვყავს ძაღლი, რომელსაც ასევე ცალკე ყურადღება და ელემენტარულად გასეირნება სჭირდება. იმ დღეს დავურეკე ნუცის და ვკითხე, როდის მოხვალ-მეთქი, მინდოდა ძაღლი გაესეირნებინა და დამარიგა, რა იყო, მოკიდე ხელი და გაიყვანეო. მართლა გავიყვანე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა... ძალიან სასაცილო ვიყავი, ერთ ხელში ბავშვი მეჭირა აღვირით და მეორე ხელში - ძაღლი საყელურით, ორს ერთად დავატარებდი აქეთ-იქით, ალბათ უცხო თვალისთვის ძალიან სასაცილო დასანახი ვიქნებოდი.
- მართალია, ნუცისაც მესმის, მაგრამ როგორც დედას ხომ არ გწყინს მისი ასეთი დამოკიდებულება?
- ყველას გამოვლილი გვაქვს ეგ ასაკი და ყველამ ვიცით, რაც არის, აქედან გამომდინარე, არ მწყინს. ძალიან კარგი იქნებოდა, ცოტა სხვანაირი ყოფლიყო და ეფიქრა იმაზეც, რომ დედას ხელი გავუმართოო, მაგრამ რადგან არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს, სხვა ვერ დააძალებს. თვითონ როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცევა, მეც ვერ დავაძალებ... რანაირად დავაძალო, მოდი მომეხმარე-მეთქი, თუ თვითონ არ გაუჩნდა სურვილი.
- რამდენად გაურთულდა ხასიათი გარდატეხის ასაკში და რამდენად შეიცვალა?
- ყველა ადამიანს აქვს გარდატეხის ასაკში სირთულე და ყველა გადის ამ პროცესს, მაგრამ ნუცის ხასიათი ძალიან შეეცვალა, ერთ წუთში რომ კარგ ხასიათზეა, მოულოდენლად ცუდ განწყობაზე დგება, ამან გამიჩინა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ენდოკრინოლოგიური პრობლემები ჰქონოდა. წავიყვანე, გამოვიკვლიეთ, მაგრამ ესეც გამოირიცხა, რაც იმის დასტურია, რომ ეს ცვალებადობა გარდატეხის ასაკის ბრალია. ერთი სული მაქვს, როდის გადაივლის და დამთავრდება ეს პერიოდი. ერთ წუთში შეიძლება ვიყო "დედუსი" და ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავდს, მეორე წუთში კი გავხდე მისი მტერი, ელემენტალური აკარძალვის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ზამთარში აბაზანიდან ახალ გამოსულს მაშინვე გარეთ გასვლის ნება არ მივცე. მეუბნება ხოლმე, ხომ იცი, რომ ჩემთან ჩხუბი არ ჭრისო, ტკბილი სიტყვაც რომ აღარ ჭრის, რა უნდა გავაკეთო, რაღაცნაირად ხომ უნდა მოგაწოდო ინფორმაცია-თქო, - ვეუბნები.
- ჩვილობისას თვითონ ნუცი როგორი გასაზრდელი იყო, მაშინაც მარტო ზრდიდი?
- დედას ყოველთვის ჰქონდა თავისი საქმე და ამიტომ ვერ მეხმარებოდა. ნუცი რომ გაჩნდა, იმ პერიოდში ვიყავი სტუდენტი, უნდა მესწავლა და ამის გამო მყავდა ძიძა. რთულად გასაზრდელი ბავშვი არ იყო, თან ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ გახლდათ, რომ წვრილმანები ალბათ აღარც მახსოვს, როგორც ყველა ბავშვს, მასაც ექნებოდა სირთულეები. მტირალა არ ყოფილა, ნუციც მშვიდი გასაზრდელი იყო და გიოც ასეა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნუცის ძილი არ უყვარდა, საათ-ნახევარი ვაძინებდი შუადღისას და 20-30 წუთში იღვიძებდა, გიოს კი საათ-ნახევარი ძინავს და ამითი ამაყი ვარ (იღიმის).
- ბავშვთან ერთად გიწევს საოჯახო საქმეების გაკეთებაც, სადილი, სისუფთავე, რომელიც აუცილებელია იმ ასაკის ბავშვთან, ვინც დაძვრება, დახოხავს და ახლა ეცნობა სამყაროს...
- ზუსტად ეგ მაგიჟებს… დილა იწყება იმით, რომ უნდა გავხეხო, გავწმინდო, დავასუფთავო, გიო რომ დაიწყებს სირბილს, მშვიდად რომ ვიყო. ეს სისუფთავე ძაღლთან ერთად ორმაგ შრომას მოითხოვს. მიწევს საოჯახო საქმის გაკეთებაც, სადილიც და ა.შ…
- ამ ყველაფრის ფონზე გადაღებებზე სიარულს როგორ ახერხებ?
- ძალიან მეხმარება ბიცოლაჩემი, ბიძაშვილი და ჩემი რძალი, ერთად ცხოვრობენ ყველანი და როგორც ბაღში დაჰყავთ ბავშვები, დაახლოებით ასე ვარ მეც. ვურეკავ და ვეუბნები, ხვალ მომყავს-თქო. მათთან რომ ვტოვებ, ვიცი, არაფერი მოაკლდება და წყნარად ვარ. გადაღებები ახლახან დამეწყო, ლექციებიც არ მქონდა, ვისვენებდი და შესაბამისად ბოლო ერთი თვე სახლში ვიყავი ოჯახური ცხოვრებითა და ბავშვებით მოცული. აქტიურად რომ დავიწყებ მუშაობას, მერე ალბათ მივიღებ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, აბა, როდემდე შევაწუხებ ბიცოლას? ვნახოთ, რა სიხშირით და რა გრაფიკით ვიქნები დაკავებული... სხვათა შორის, ჩემს ბიძაშვილ თაკუნასაც ვუტოვებ ხოლმე, იმ დღეს ჩემთან დასარჩენად და საჭორაოდ გამოვიდა, არადა მოულოდნელად გადაღება დამინიშნეს. ვთხოვე და ბავშვი დაიტოვა. ჯერჯერობით ვერთობით ამ ყველაფრით და როცა შევამჩნევ, რომ ყელში ამოუვიდა ყველას ეს გართობა, მერე სხვა რამეზე ვიზრუნებ (იცინის).
- მეუღლე რამდენად ახერხებს და რამდენად ერთვება ბავშვის გაზრდაში?
- ორივე აქტიურად ვართ ჩართულები ბავშვის აღზრდაში და ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს. ჩემს მუღლეს რამდენჯერმე სამსახურიც კი გავაცდენინე იმის გამო, რომ მე წასასვლელი ვიყავი, გადაღება მქონდა, ვერ გადავდებდი ვერაფრით, მას უფრო შეეძლო ეთქვა, ვერ მოვდივარო და აქედან გამომდინარე, მთელი დღე ბავშვთან დარჩა. აქამდე თუ ხან მამამისი აძინებდა და ხან – მე, ახლა უკვე დაძინებისას თვითონ ბავშვი მითხოვს მე. მამასთან თამაშობს, ერთობა, მაგრამ უკვე ძილი რომ მოუნდება, ითხოვს დედას და თუ არ მივედი, ისტერიკას აწყობს.
- მაკა, მაინტერესებს შენი მოსაზრება აცრების საკითხზე და ასევე ისიც, თუ როგორ ებრძვით ვირუსებს.
- ვირუსებზე აცრები არ გამიკეთებია არც ნუცისთვის და არც გიოსთვის, რამდენადაც მივხვდი, ეს აცრა კონკრეტული ვირუსისგან გიცავს, თორემ დაზღვეული არ ხარ, რომ სხვა ჯგუფის ვირუსი არ შეგხვდება. რაც შეეხება გეგმიურ აცრებს, მასზეც მოძიებული მაქვს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ინფორმაციები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ საჭიროა. იმაზე, რაც ახალი გამოსულია, შეიძლება თავი შეიკავო, მაგალითად ნუცის დროს, შედარებით ახალი იყო აცრა B ჰეპატიტზე და არ ავცერი, მაგრამ თუნდაც ტეტანუსი და ამ ტიპის აცრები უკევ გამოცდილია, ძალიან დიდი ხნისაა და მგონია, რომ უფრო დაიცავს. რაც შეეხება თვითონ ვირუსებს, წელს ძალიან გავწვალდით, ჯერ გიო იყო ცუდად, მერე - მე... გადასხმები და მთელი ამბები დაგვჭირდა. მართლა რთული პერიოდი გვქონდა.
- ასეთი დატვირთული გრაფიკის მქონეს, გართობის, მეგობრბეთან ერთად დროის გატარების დანაკლისი გაქვს? თუ ცხოვრება ისე სწრაფად მიდის ამდენი საქმის ფონზე, რომ ვერც ასწრებ ამ ყველაფრის გააზრებას?
- ძალიან დიდი ხანია არ გავსულვარ მეგობრებთან ერთად. ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ წავიდე კაფეში, ცოტა მეუხერხულება ბიცოლაჩემთან. თუ ორივეს გვცალია მეც და ჩემს ქმარსაც, მაშინაც ვერ "ვიმეტებთ" გიოს დასატოვებლად იმისთვის, რომ ჩვენ გასართობად წავიდეთ. გვირჩევნია, ჩვენთან მოვიდნენ ან ბავშვიანად წავიდეთ. როგორც ასეთი, გოგოებთან ერთად სადმე გავსულიყავი, დიდი ხანია არ მომხდარა და მომენტრა კიდეც. მაგრამ, სწორად თქვი, ისე ებმება დღეები ერთმანეთს, რომ ამაზე ფიქრს ვერ ვასწრებ და ახლა გავიაზრე, რომ მართლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ გასული. ალბათ მაქვს ამის დანაკლისიც, მაგრამ არ განვიცდი. ვხვდები, რომ შვილი ასაკში სულ სხვა რაღაცაა. აი ნუცი რომ გავაჩინე, მაშინ მეც არ ვიყავი დიდი და განვიცდიდი, რომ ვერ დავდიოდი, მინდოდა, წასვულიყავი იქ, სადაც მეგობრები იკრიბებოდნენ, მაგრამ მე ბავშვი უნდა დამეძინებინა, რაც მთრგუნავდა. ახლა ეს მომენტი არ მაქვს, მირჩევნია ყველაფერი გიოს მოვახმარო და თუ დამრჩება დრო, მერე იმასაც მოვასწრებ. ამას წინათ ჩემს დაქალს ველაპარაკებოდი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ორი ბიჭი ჰყავს მიყოლებული და მან მითხრა, ცოტა ხანს გიჭირს, თორემ მერე შვილები რომ ფეხზე დგებიან, უამრავი დრო გვექნებაო და მართალია. ნუცაც კი უკვე თავის გზაზე დგას, გიოსაც რომ მივიყვან დაახლოებით მაგ ასაკამდე, ძალიან ბევრი დრო მექნება მეგობრებისთვის, მოგზაურობისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის. ვფიქრობ, დიდი ბედნიერება, როცა საკუთარ შვილთან ატარებ დიდ დროს, დანარჩენი, გართობა, კაფეც, გოგოებიც იქნება, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით, შვილზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და ეს არ უნდა გამოტოვოს ადამიანმა.
ციცი ომანიძე