ძვირფასო მამებო, შვილებს დედაზე ნაკლებად როდი სჭირდებით რამდენად აქტიურად ერევა მამა ბავშვების მოვლასა და აღზრდაში? ინგლისელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თუ ამ შეკითხვას დაახლოებით, 40 წლის წინ დავსვამდით, რესპოდენტების უმეტესობა უარყოფით პასუხს გაგვცემდა. Mshoblebi.ge-მ კი გამოკითხვა ახლახან ჩაატარა და დაადგინა, რომ ქართველი მამები საკმაოდ აქტიურად ერევიან შვილების აღზრდისა და მოვლის პროცესში.
გამოკითხვაში, რომელშიც 700-მდე რესპონდენტი მონაწილეობდა, კითხვაზე, "თქვენს ოჯახში რამდენად აქტიურად ერევა მამა შვილის აღზრდაში?" 49,7%-მა უპასუხა, რომ აქტიურად ერევა. 34,9% მიიჩნევს, რომ საშუალოდ ერევა, გამოკითხულთა 15,4% კი თურმე საერთოდ არ ერევა შვილების აღზრდაში.
ეს უკანასკნელი მაჩვენებელი, მართალია, პროცენტულად ნაკლებია, თუმცა რაოდენობრივად არც ისე ცოტა. გამოდის, რომ 700-დან 105 მამა საკუთარი შვილების პრობლემებისადმი გულგრილია. ხოლო თუ ამ მაჩვენებელს მთელი ქვეყნის მამებზე განვაზოგადებთ, ვითარება გაცილებით მუქ ფერებში წარმოგვიდგება.
არადა, ძვირფასო მამებო, შვილებს დედაზე ნაკლებად როდი სჭირდებით. თქვენი ავტორიტეტი და ვაჟკაცური ბუნება თქვენი ვაჟისთვის ცხოვრების გზამკვლევი უნდა გახდეს. ქალიშვილმა კი, დიდი შანსია, სწორედ ისეთი მამაკაცი აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრად, როგორიც თქვენ ხართ.