"ბავშვმა მთაშიც უნდა დაისვენოს და ზღვაზეც, მაგრამ უმეტესი დრო მაინც სოფელში უნდა გაატაროს" "სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია ზაფხულს თიანეთში - საკუთარ სოფელში ატარებს. უყვარს იქაურობა და ბედნიერია, რომ წელიწადის ცხელ სეზონზე მისი შვილიც იქ ისვენებს, სადაც თავად იზრდებოდა. გვანცას მეუღლე, ვახო მჭედლიძე, ცოტა ხნის წინ "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა და კენჭს ლაგოდეხის რაიონში იყრის. ტელეწმაყვანს ზაფხულზე და მეუღლის ახალ საქმიანობაზე ვესუბრეთ.
- როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ერთი კვირით მაინც ჩავიდე ჩემს სოფელში - თიანეთში, ამ წუთშიც აქ ვარ. ჩემი შვილი და ძმისშვილები ყირაზე გადადიან, ერთად ყოფნა ძალიან უყვართ, თან გრილა, დიდი ეზო გვაქვს და კარგად ერთობიან. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა შენი შვილიც იმ სახლში ისვენებს, იქ თამაშობს, სადაც შენ ხარ გაზრდილი. პირადად მეც, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.
- სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე ფოტო წარწერით "ყველაზე იაფფასიანი გართობა", ფოტოზე კი აღბეჭდილი იყვენენ ბავშვები წყლით სავსე "ტაშტებში", მათ შორის იყო ერეკლეც. მოეწონათ ჩვენი თაობის გასართობი პატარებს?
- კი, მოეწონათ. ადრე გვქონდა გასაბერი აუზი, მაგრამ ვერ იყოფდნენ და იყო ერთი ამბავი, აწუხებდნენ ერთმანეთს, ამიტომ მერე მოვიფიქრეთ, რომ სათითაოდ, გაგვემზადებინა ბავშებისთვის სახელობითი "ლახანკები"... რომ ჩამოვედით, "აღჭურვილობა" დაგვახვედრეს, ყველას თავისი ზომის "ლახანკა" აქვს, უკვე დგას მზეზე წყლით სავსე "ტაშტები" და ელოდებიან ბავშვები საღამოს, მზით გამთბარ წყალში რომ ითამაშონ. პრინციპში, აქ მდინარეც ახლოსააა, მაგრამ გრილი ამინდების გამო, ვერ დავდივართ. ისე კარგად ერთობიან, მგონია, რომ ამაზე მეტად დიდ აუზშიც კი ვერ იხალისებდნენ.
- თავად თუ ახერხებ დასვენებას ბავშვებთან ერთად?
- ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვებთან ერთად დასვენება არ გამოდის, მაგრამ პატარასთან ერთად ბათუმში წასვლას, აქ ჩამოსვლა მირჩევნია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სუფთა გარემოა, ნატურალურ პროდუქტებს ვიღებთ, გვაქვს ჩვენი ბოსტანი, დიდი ეზო, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარ გასართობზე თამაშობენ ბავშვები. ბათუმში კი სრულიად სხვანაირ რეჟიმში გიწევს ყოფნა, მაინც სულ დაძაბული ხარ, გეხარჯება ბევრი ფული, გეშლება ნერვები, ხანდახან ცუდი ამინდია და ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. რასაკვირველია, სასურველია, ბავშვმა მთაშიც დაისვენოს და ზღვაზეც, მაგრამ უმეტესი დრო, მაინც სოფელში უნდა გაატაროს, მე ასე გავიზარდე და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე.
- ერეკლე თქვენგან დამოუკიდებლად გაგიშვიათ დასასვენებლად?
- კი. მე როცა ვმუშაობ, იმ პერიოდში, ყოველ წელს დადის აბასთუმანში ბებოსთან და ძიძასთან ერთად. თავიდან ცოტა უჭირს ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯანსაღი დასვენება გამოსდის.
- დედათქვენის და ერეკლეს ფოტომ, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ალბათ აბასთუმანშია გადაღებული... თვალებით ძალიან გვანან ერთმანეთს...
- დედაჩემმა რამდენიმე დღით ჩაააკითხა და კარგად გაერთნენ. რაც შეეხება მსგავსებას, ერეკლეს აქვს დიდი თვალის ჭრილი, ისეთი როგორც გვაქვს ჩვენ - დედას, ჩემს ძმას. შესაბამისად, ამსგავსებენ თვალებით და დედას ეს ძალან ახარებს ხოლმე.
- როგორც წესი, ბებია-ბაბუებისგან შვილიშვლები განებივრებულები არიან, მაგრამ ერეკლეს თუ აქვს თავისი "ხერხები", რითიც იცის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს მათ გულს..
- ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებლად ვცხოვრობთ და სურვილის მიუხედავად, ყოველდღიური შეხება ბებია-ბაბუებთან ვერ აქვს ბავშვს, როდესაც დასარჩენად მიდის, ყველაფერ იმას ახვედრებენ, რაც უყვარს, ცდილობენ ისე დაგეგმონ დღე, როგორც ერეკლეს ესიამოვნება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ამას განებივრება დავარქვათ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასიამოვნონ. როდესაც კვირაში ერთი-ორი დღე გეძლევა შვილიშვილთან ურთიერთობისთვის, ასე მოიქცევა ყველა ბებია და ბაბუა. მე, ჩემის მხრივ, სულ ვცდილობ, დავაბალანსო, ავუხნსა, რომ არ შეიძლება მოითხოვო ზედმეტი, როდესაც არსებობენ ბავშვები, რომელთაც საერთოდ არაფერი აქვთ, ძალიან მინდა, ეს იცოდეს და არ იყოს საკუთარი სამყაროთი გარემოცული. ამის გამო მინდა, მოხვდეს ბევრ ადგილას, გაიცნოს ბევრი ადამიანი, ჰქონდეს კონტაქტი, რომ ჯანსაღად გაიზარდოს.
- რაც უფრო იზრდება ბავშვი, საზრუნავი აკლდება თუ ემატება მშობელს?
- რაოდენობრივად არ იცვლება, უბრალოდ ადრე თუ იმის მეშინოდა, რომ პირში არაფერი ჩაედო და არ გადაეყლაპა, ახლა იმაზე ვფიქრობ, ხის კენწეროდან არ ჩამოვარდეს. თუმცა, მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ესმის რასაც ვეუბნები, ითვალისიწინებს, არაა ცელქი და ხიფათიანი, მაგრამ როცა ბავშვებთან უწევს ყოფნა, ცდილობს, არ ჩამორჩეს, მიბაძოს, რაც მგონია, რომ კარგია. მეტიც, მინდა უფრო მეტად გაბედულიც იყოს, ვიდრე არის.
- თანამედროვე ბავშვებთან მიმართებში ბევრს წუწუნებენ მათ სიჯიუტეზე, თქვენთან როგორაა ამ მხრივ საქმე?
- ძალიან ბევრია დამოკიდებული მიდგომაზე. რამდენჯერაც არ დავიშურე დრო და ენერგია, ავუხსენი და შევეცადე, ყოევლთვის მივაღწიე მიზანს, ანუ ბავშვი იგებს და მომყვება. მე მგონი, მშობლებს, გარემო პირობების, დაკავებულობის გამო, ნერვები არ ჰყოფნით და ეს სიჯიუტეც ბავშვთან კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია. რა თქმა უნდა, ბავშვები ჯიუტები არიან, მაგრამ მაინც მგონია, რომ მათთან მეგობრული ურთიერთობაა გამოსავალი. პრინციპული ნამდვილად არის ერეკლე, ოღონ ფეხებს კი არ დააბაკუნებს, ძალიან არგუმენტირებულად გეტყვის, რომ ეს მას სჭირდება და ასე უნდა.
- გვანცა, ახლა მეუღლზე მინდა გკითხო. როგორც ვიცით, პოლიტიკაში წავიდა, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გმატებს?
- პასუხისმგებლობამდე სანერვიულოს მმატებს. თვითონ ჩემი მეუღლე ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია, უფრთხილდება ყველა თავის სიტყვას და ადამიანებთან ურთიერთობებს. ძალიან კარგად ვიცი, როგორი მდგომარეობაა რეგიონებში, მათ შორის ლაგოდეხში, ყვარელში, ამიტომ მინდა ვახოს გაუმართლოს და თავადაც გაამართლოს ხალხის ნდობა და იმედები, მით უმეტეს, რომ თავისი რაიონისთვის ბევრის გაკეთება უნდა. ახლა მეც ვაპირებ ჩასვლას, უნდა ვიარო მასთან ერთად შეხვედრებზე და ცოტა ვღელავ...
- ეს თქვენთვისაც ახალი ამპლუა იქნება, რადგან ხალხის წინაშე პოლიტიკოსის მეუღლის რანგში მოგიწევთ წარდგომა...
- ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლი სტატუსით... სულ მეუბნება, ხალხს ძალიან უყვარხარ, გკითხულობენ, როცა არ ხარო... ეს კი ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან ეს სიყვარულიც უნდა გავამართლოთ.
ციცი ომანიძე