არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინტრიგნობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი შვილი უფრო კარგად წარმოაჩინონ და რძალი დააკნინონ რძალ-დედმათილის ურთიერთობა ხშირად ხდება განხილვისა და კრიტიკის საგანიც კი, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით, ცალმხრივად მოვლენები ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ განვითარდება, თუ ხელისშემშლელი, ან ხელისშემწყობი ფაქტორები არ არსებობს. სასიხარულოა, რომ ბოლო პერდიოში სტერეოტიპი რძალ-დედამთილის ცუდი ურთიერთობის შესახებ მეტ-ნაკლებად ინგრევა, რისი ნათელი მაგალითებიც ჩვენი რესპონდენტები არიან - გვანცა დარასელია, მაკო დოლიძე და ანა ტყებუჩავა.
ანა ტყებუჩავა, მსახიობი:
- როცა მე და ჩემი მეუღლე მეგობრები ვიყავით, ლევანთან სახლში იყო წვეულება და იქ გავიცანი ჩემი მომავალი დედამთილი ინგა ჯავახიშვილი, რომელთანაც დღეს ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ლევანის ოჯახის წევრებმა თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, რადგან მართლა კარგი ადამიანები არიან. საერთოდ, მიჭირს ჩემიანებზე ასე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ რეალურად ინგა ძალიან მშვიდი, წყნარი, განათლებული ქალია, რაც მთავარია, უნდა, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს. შეიძლება, მე მისთვის არ ვიყო იდეალური რძალი, რასაც საერთოდ არ მაგრძნობინებს, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, თუ რამეში გვჭირდება, ზუსტად ისე დაგვეხმაროს, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც მშობლებს უნდათ. ადამიანისგან არაფერი რომ არ გინდა და მისი ნახვა მაინც გიხარია, გაქვს სურვილი იმისა, რომ ხშირად იყოს შენთან, ესე იგი ყველაფერი კარგადაა.
- ანა, შენ და შენი მეუღლე ცალკე ცხოვრობთ?
- კი, მაგრამ ჩვენი სახლი არის ჩემი და ლევანის მშობლების სახლიდან 150 მეტრით დაშორებული, გვინდოდა, ახლოს ვყოფილიყავით, როგორც ჩემს მშობლებთან, ასევე ლევანის ოჯახთან და ამ მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა. გამოდის, რომ ყველანი ცალ-ცალკე ვართ, ვცხოვრობთ დამოუკიდებლად და ყველას იქ გვიდევს ლარნაკები, დანები და ჩანგლები, სადაც გვინდა, მაგრამ თუ დაგვჭირდება, 5 წუთში ვიკრიბებით ერთად.
- დედამთილს როგორ მიმართავ?
- თქვენობით ვესაუბრები, მაგრამ მივმართავ სახელით - ინგა. დედას დაძახება არც მას უნდოდა, ალბათ ბევრს იცინებდა, ასე რომ მიმემართა და მეც სასაცილო მგონია მიმართვის ეს ფორმა. დედამთილი უფრო მკაცრ, პრეტენზიულ ადამიანთან ასოცირდება, ჩემს გმირს, ნინას რომ დედამთილი ჰყავს, დაახლოებით ისეთია დედამთილზე შემქნილი სტერეოტიპი, ინგა კი სრულიად განსხვავებულია. ჩემთვის ადამიანის კარგი თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უარყოფითი, რომელიც ყველას გვაქვს, ნეგატიური წვრილმანებით ცხოვრების არევა არ ღირს.
გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:
- ნიშნობამდე მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის წევრები ერთამენთს გავაცანით და ჩემი დედამთილიც მაშინ გავიცანი. ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, დედამთილიც და მამამთილიც ძალიან კარგი ადამიანები არიან, ყველანაირად მეხმარებიან, ძალიან მიდგანან გვერდში. როცა რაღაც პრობლემაა, ყოველთვის ჩემს მხარეს არიან და ცდილობენ, თავი კარგად მაგრძნობინონ. რაც მთავარია, არასდროს ერევიან ჩვენს გადაწყვეტილებებში, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ოჯახის შექმნამდეც ძალიან დამოუკიდებელი იყო და დღემდე ასეა. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ მაქვს, ცუდი ურთიერთობა მქონდეს დედამთილთან, მამამთილთან ან მულთან, რომელიც დასავით მიყვარს და ჩემი კარგი მეგობარია.
- რძლები ხშირად ფიქრობენ, როგორ მიმართონ ქმრის მშობლებს...
- მე დედას და მამას არ ვეძახი, ამაზე მეცინება, უბრალოდ, თქვენობით მივმართავ. მას შემდეგ, რაც შვილი შეგვეძინა, ისე მივმართავ, როგორც ჩემი შვილი, ანუ ბაბუს და ბებოს ვეძახი ხოლმე (იცინის). ჩემი შვილის გადასახედიდან მივმართავ და ამან ეს საკითხი უფრო გამიადვილა.
- დედამთილთან ქალურ თემებზე, ან თუნდაც საქმეზე თუ საუბრობ? აზრს, რჩევას თუ ეკითხები?
- ნაკლებად, რადგან ყოველთვის ვცდილობ, თავად მივიღო გადაწყვეტილება, მაგრამ როცა ისეთი საკითხია გადასაწყვეტი, რაც ჩვენს ორივე ოჯახს ეხება, მაშინ ვსაუბრობთ, რჩევებს ვისმენ და ვითვალისწინებ.
- გვანცა, რას ურჩევ ახალბედა რძლებს, რომლებიც ახლა აწყობენ ურთიერთობას მეუღლის მშობლებთან?
- მე ვურჩევდი, არ იყვნენ ჩასაფრებულები, თავიდანვე არ უნდა დაძაბონ ურთიერთობა და შეეცადონ, რომ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. ჩემი დედამთილისგან მსმენია, რომ უფროსების როლი ამაში ძალიან დიდია. უფროსებმა უნდა მოინდომონ, კომფორტულად იგრძნოს თავი რძალმა თუ სიძემ ახალ ოჯახში. ისევე როგორც რძლის ცხოვრებაშია ცვლილება ახალ ოჯახში შესვლისას, ასევეა ცვლილება იმ ოჯახისთვის, სადაც ის შედის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დამხვედრზეა ბევრი დამოკიდებული, მან უნდა შეუქმნას კომფროტი ადამიანს, რომელიც 20 წელი სხვაგან ცხოვრობდა და ერთ დღეში გარემოს იცვლის მთლიანად. ისე, გააჩნია პიროვნებასაც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინტრიგნობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი შვილი უფრო კარგად წარმოაჩინონ და რძალი დააკნინონ, ამ დროს როგორ უნდა მოიქცნენ არ ვიცი, რადგან საბედნიეროდ, მე ასეთი გამოცდილება არ მაქვს.
მაკო დოლიძე, ტელეწამყვანი:
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბაია ცანავა ჩემი მეორე დედაა, დედაჩემი და ბაია ჩემი ნომერი პირველი მეგობრები არიან. თუ რამე მაწუხებს ან მიხარია, უპირველესად მათ ვუყვები. ზოგადად, ბაია ძალიან უშუალო და საყვარელია, რაც უფრო მიადვილებს ურთიერთობას და ასე ორივე კარგად ვგრძნობთ თავს. მოკლედ რომ ვთქვა, დედაშვილური, დაქალური ურთიერთობა გვაქვს. რძალ-დედამთილზე შექმნილ სტერეოტიპს ვარღვევთ, არ მესმის, რატომ უნდა იყვნენ რძალი და დედამთილი აუცილებლად ცუდ დამოკიდებულებაში, თავიდანვე მეგობრულად დაიწყო ჩემი და ბაიას თანაცხოვრება და დღემდე ასეა.
- "ტელეიმედში" ბაია ცანავა - შენი დედამთილი იყო შენი უფროსი, როგორ ვითარდებოდა თქვენი, როგორც თანამშრომლების ურთიერთობა, სამუშაო დღის შემდეგ სახლში თუ განიხილავდით ტელევიზიის ამბებს?
- სამსახურში ჩემთვის ისეთივე უფროსი იყო, როგორც სხვებისთვის. ზოგადად, ძალიან სამართლიანი ადამიანია და შეღავათს არ მიწევდა, იმიტომ, რომ მისი რძალი ვარ. რაც შეეხება სახლში ტელევიზიის ამბების განხილვას, ბაია საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა, მე ბავშვს ადრე ვაძინებ და დილით ადრე გავდივარ, დაბრუნებისას კი ბაია უკვე სამსახურში წასული მხდვებოდა, ამიტომ ერთმანეთს დროში ვცდებოდით და შესაბამისად, სამსახურებრივ თემებზე სასაუბროდ ვერც ახლა ვხვდებით და ვერ ვიცლით.
- რაც შეეხება მიმართვის ფორმას, როგორ მიმართავ?
- მოგეხსენებათ, ბაია ძალიან ახალგაზრდაა, დეიდას ან დედას ვერ დავუძახებდი ვერანაირად, ამიტომაც თავიდანვე ბაიათი მივმართე, თან ურთიერთობა იმდენად მეგობრულ ჭრილში წავიდა, რომ სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ბაია ცანავასა და შვილთან ერთად
- ნებისმიერ ორ ადამიანს, დედა-შვილს, მეგობრებს, რძალ-დედამთილს, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი ერთსა და იმავე საკითხზე, რაზეც შეიძლება იდავონ, იკამათონ... თქვენს შემთხვევაში რა არის ასეთი?
- (ფიქრობს) არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ჩემსა და ბაიას შორის ამდენი წლის განმავლობაში საკამათო თემა თემა არ ყოფილა, არ მახსენდება არაფერი მსგავსი, ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ. თვითონ იმდენად კარგი ადამიანია, მეხმარება იმაში, რომ ვიმეგობრო მასთან და ღია ურთიერთობა გვქონდეს. თუ რამე მინდა ან მას უნდა, ჩვეულებრივად ვეუბნებით ერთმანეთს ისე, როგორც დედა-შვილს შორის ხდება.
- რა რჩევა შეგიძლია მისცე ჩვენს მკითხველს, რძალ-დედმათილს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის...
- ჯერჯერობით დედამთილი არ ვარ და ამ პოზიციიდან რჩევას ვერავის მივცემ, მაგრამ როგორც რძალი, გოგონებს ასეთ რამეს ვიტყვი: დედამთილებს მოექცნენ ისე, როგორც დედებს, თუ დახმარება სჭირდებათ, მიეხმარონ, ისევე როგორც ამას გააკეთებდნენ დედებისთვის, გულში არ ჩაიდონ წყენა და ურთიერთობა აუცილებლად შედგება. ასე ზოგადად ყველა შემთხვევაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არიან დედამთილები, რომლებსაც ვერანაირად მოექცევი ისე, როგორც დედას, ეს მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, თუმცა, პირადად მე დედამთილსა და მამამთილში ძალიან გამიმართლა, ამ მხრივ ბედნიერი ვარ.
ციცი ომანიძე