ხშირად დედიკოები გიპასუხებენ ხოლმე კითხვაზე ისე ადვილად, გამოცდილი რომ არ გქონდეთ, ვერც მიხვდებით, რა იგულისხმა, ჰოდა, გადავწყვიტე გაგიმარტივოთ საქმე და თანაც დრო დადგა, გავუგოთ ისე, როგორც ამბობენ…
ვიმშობიარე… ანუ გადავიტანე აუტანელი ტკივილები, მაწამეს, მომკლეს, ცოცხლად დამხვრიტეს, უამრავი ძვალი გადამტეხეს ერთად, ახლაც ძლივს დავდივარ, ვეღარც ვჯდები…
საკეისრო გავიკეთე… გამჭრეს, გამკერეს, გამფატრეს და დიდი ჭრილობით დავრჩი, ვერ ვდგები და თუ ავდექი, ვეღარ ვჯდები…
ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც როცა მძინავს, თმაზე სულ ”კოსა” მაქვს დასავარცხნი თმით,სულ ხალათით დავდივარ და სტუმარი აღარ მიხარია…
მშობიარობის შემდგომ ცოტა დეპრესია მაქვს… ანუ სულ ვტირი… რაზე??? რაში გაინტერესებს?? ახლა ამას უხსენი მიზეზები, ჩემი ქმარი არ მეყოფა? რომ მოვა სამსახურიდან და მკითხავს: ”როგორ ხარო” სატირალია, აბაა, რაა, ესე იგი აღარ უყვარხარ, თორემ რომ უყვარდე, გკითხავდა: “საყვარელო, როგორ ხარო”… გადადიხარ გულამოსკვნილ ტირილზე.
გაზები აწუხებს… ანუ ექვს კვადრატულ ოთახში დავდივარ, მთელი ღამე წინ და უკან: ააა, სუსუსუ, ჩუჩუჩუს ძახილით. და თუ გაჩუმდა ვეყუდები კედელს და ვიძინებ ისევე ფეხზე…
ქმარი? კი მეხმარება… ანუ ტუალეტში შესულს კართან მელოდება ბავშვით ხელში, კართან იმიტომ, რომ გამოვალ ეგრევე მომაჩეჩოს... ამ დროს ტყუილად ზიხარ ტუალეტში, მთავარია ტელეფონი შეიყოლო…
ვჭამ… ანუ ფეხზე ვდგავარ და ორ უდიდეს ლუკმას ვიდებ პირში, მეორე ხელით ბავშვს ვაქნევ…
ბავშვს ვაჭმევ… ანუ ყველაზე სასაცილო სახით და უცნაური ხმის ტემბრით ვაშტერებ ბავშვს, რომ უნებლიეთ პირი გამიღოს და გამოვტენო საჭმლით…
ვაძინებ… ანუ ნახევარი საათი ათვალიერეთ წიგნი, მომდევნო ნახევარი საათი არწევ და ერთი ნახევარი საათი კიდევ ხელით დაგყავს ოთახში და აქნევ, მხოლოდ იმიტომ, რომ 20 წუთით ეძინოს…
გაიარა… ანუ 100-ჯერ უკვე აყირავდა, თავი დაარტყა, და 500-ჯერ იტირა…
თავისი ხელით ჭამს… ანუ ითხვრის ტანსაცმელს, თმას, ყურის საცობს და ცხვირის ნესტოებიდან ვაცლი ფაფის ფანტელს… მაგიდასა და იატაკზე აღარ ვლაპარაკობ.
გავასეირნე…. ანუ ვირბინე 7 კილომეტრი, 5-ჯერ წაქცეული დავფერთხე და მეტჯერ ატირებული დავაწყნარე, ლამაზად გამოწკეპილი რომ ჩავიყვანე, ტალახიანი ამოვიყვანე…
ცელქია… ანუ პარფიუმერია აღარ მაქვს, აღარც - სათვალე,აღარც - ლუწი სერვიზი (ნუ, 2-იც ლუწია), აღარც - ავეჯი, აღარც - შპალერი…
ვირუსი აქვს… ანუ შევირყიე ფსიქოლოგიურად, ძალა წამერთვა ხელ-ფეხში, მაგრამ მაინც ყველაფერს შევძლებ: მისთვის ვათენებ ღამეს სუნთქვის თვლაში, ვაწვენ ამაღლებულზე რომ სისველემ არ შეაწუხოს და ხველა გაუადვილდეს… 3/7დღე ასე გრძელდება.
პამპერსს ვაჩვევ… ანუ სახლის ყველა კუთხეში მოშარდა და ღამე ყველა 15 წუთში იღვიძებ, რომ გაადააყენო, დროდადრო ასეც გეძინებათ ორივეს და რჩებით გადაყენებულ პოზაში.
ქოთანს მიეჩვია… ანუ ოჯახის წევრების აპლოდისმენტების თანხლებით აქვს კუჭის მოქმედება.
ვბან… ანუ ორივე სველი ვართ აბანოში, ის კივის, ტირის და აფახულებს წყლიან წამწამებს სულის შეკვრასთან ერთად…
სიცხეს ვუზომავ… ვცეკვავ ისეთი ილეთებით, სუხიშვილებსაც რომ “გააოგნებდა”.
ინჰალაციას ვუკეთებ… უკვე ისეთი ილეთებით ავცეკვდი, სუხიშვილებს კოშმარულ სიზმარშიც რომ არ დაესიზმრებათ…
ბაზარში ვარ, ჩემთვის მინდა ვიყიდო რამე… ანუ ვარ ბავშვების სექციაში, ვათვალიერებ ბავშვის ტანსაცმელს, მერე - სათამაშოებს და უკანასკნელი კაპიკებით ხილსაც მოვეზიდები…
და ბოლოს: დედას ღვიძავს... ძილში
ხედავს... ბნელში
დანაყრებული... მშიერია
Face-ზე ვარ… ნუ აქ მაინც სულ ვარ…
27/09/2016
ანი ნოვენი
იხილეთ ამ ავტორის კიდევ ერთი წერილი: "მე ის დედა ვარ, გათხოვების დღიდან რომ შვილზე ოცნებობს..."