რამდენად ერევიან ცნობილი ბებიები შვილიშვილების აღზრდაში როგორც წესი, ბებია არის ადამიანი, რომელიც გვანებივრებს, "გვიცავს" ყველასგან და ყველაფრისგან და რაც არ უნდა გავაკეთოთ, მათთვის შვილიშვილები ნებისმიერ შემთხვევაში კარგები, მართლები და უსაყვარლესები ვართ.
ამჯერად გადავწყვიტეთ, თქენთვის ცნობილი ადამიანები ბებიების ამპლუაში წარმოგვედგინა... ლალი ბადურაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე და ეკა მამალაძე ბებიობის განცდებსა და ემოციებზე ისაუბრებენ.
ლალი ბადურაშვილი:
- ბებია 38 თუ 39 წლის, საკმაოდ ახალგაზრდა გავხდი. ეს არანორმალური და არაჩვეულებრივი განცდა იყო. შენ თვითონ რომ გიჩნდება შვილი, ახალგაზრდა ხარ და თითქოს ბოლომდე ვერც იაზრებ. ჩემს შემთხვევაში ასე იყო, 18 წლის გავხდი დედა და საფუძვლიანად ვერ გავაცნობიერე ყველაფერი. მერე, ცოტა ასაკი რომ მომემატა და გაჩნდა ნინი, გააზრებულად განვიცადე ის დიდი ბედნიერება, რასაც შვილიშვილის ამქვეყნად მოვლენა ჰქვია.
- ნინის აღზრდაში აქტიურად იყავით ჩართული?
- ნინი მაინც გაყრილი მშობლების შვილი იყო, მაგრამ გონიერი ოჯახის წევრების გამო, ვგულისხმობ, როგორც ჩვენ თავს, ასევე ფლორასა და იმედას, მას ეს არ უგრძნია. სანამ ერეკლე და ეკა დაოჯახდებოდნენ, მანამდე გვაკავშირებდა მეგობრობა მე და ეკას მშობლებს, ასე რომ, შემდეგაც არ გაგვფუჭებია ურთიერთობა, ამის შედეგი კი გახლდათ ის, რომ ნინი საკმაოდ დიდხანს ვერ აცნობიერებდა, რომ დედა და მამა გაყრილები იყვნენ. ძირითადად ფლორასა და იმედასთან იზრდებოდა, მაგრამ პარასკევი, შაბათი-კვირა ჩვენთან რჩებოდა, ზაფხულშიც მიგვყავდა ჩვენს სოფელში იორში, თიანეთში და აქტიურად ვიყავით ჩართული მის აღზრდაში.
- გარეგნულად ძალიან გგავთ...
- ყვავს თავისი ბახალა უყვარდაო, ხომ გაგიგონიათ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი შვილიშვილია და მეყვარებოდა. მაგრამ სიმპათიური და კარგი შესახედი ადამიანი კიდევ უფრო სასიამოვნოა. გარეგნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამასთან ერთად ნიჭიერი და კარგი ადამიანი რომაა, ეს ნამდვილად სასიამოვნო და საამაყოა. მაგრამ მე როგორც გარეშე ადამიანს და არა, როგორც ნინის ბებიას, მასში მიყვარს ის, რომ თავისი გარგნობა, ნიჭიერება თავში არ აქვს ავარდნილი, არაა დაავადებული ვარსკვლავური სენით, პირიქით, სულ ჰგონია, რომ სხვაზე ნაკლებია გინდაც გარეგნობით და გინდაც ნიჭიერებით.
- თავის პირადზე თუ გესაუბრებათ ხოლმე? რამდენად გახსნილია თქვენთან?
- ძალიან გულღიაა, სულ იმას ვსაყვედურობ, როდის გადაეჩვევი ხმამაღლა ფიქრს-მეთქი, კეთილის მსურველებთან ერთად ხომ მოშურნეც ძალიან ბევრია... შეიძლება ითქვას, რომ დამალული არაფერი აქვს, კახურ-სვანური გულჩათხრობილობა არ ახასიათებს, პირიქით, ზედმეტად გულახდილია, ჩემთან კი არაფერს არ მალავს.
- ქალბატონო ლალი, თქვენ უკვე დიდი ბებიაც ბრძანდებით... ელენემ გაგიორმაგათ ალბათ შეგრძნებები...
- ელენე არის განუმეორებელი საოცრება, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა. დიდი ბებიობა კიდევ უფრო ძლიერი განცდა ყოფილა. 10-11 თვის რომ იყო, შემოგხედავდა, თვალებსაც კი არ ახამხამებდა, ისე დაგათვალიერებდა, დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ გაგიცინებდა და მოვიდოდა შენთან. მე მგონი, ყველაზე ჭკვიანია ჩვენში (იცინის).
თამრიკო ჭოხონელიძე:
- 45 წლის ასაკში გავხდი ბებია. როდესაც შევიტყვე, რომ შვილიშვილი უნდა შემძენოდა, მასთან ერთად ვეჩვეოდი მის ამქვეყნად მოვლენას. ჩვენი ურთიერთობა ელენეს მუცლადყოფნის დროს დაიწყო, სწორედ იმ პერიოდში ვუმღეროდი ფრაზას - "პატარა ქალო, ჯერ გავითვალოთ", რომლის გაჟღერებაზე მუცელში მშვიდდებოდა, არადა, საკმაოდ მოძრავი გახლდათ. შვილიშვილის ამქვეყნად მოვლენას იმხელა ემოცია ახლავს თან, რომ სახელის დარქმევაც კი მიჭირს. ჯერ იმას აცნობიერებ, რომ შენი შვილი გადარჩა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ეს ხომ დიდი სიხარულია და ამას ახალი ადამიანი, შვილის შვილი რომ ემატება, ენით აუწერელი განცდაა. პირველად თავისი დიდი თვალები ირგვლივ მყოფთ რომ გადაატარა, კინაღამ ჩავიკეცე ემოციისგან. ერთი დღის იყო, როცა გვერდზე დააწვინეს, ჩემკენ ზურგით. "პატარა ქალოს" მღერა დავიწყე და... უნდა გენახათ, რა ამბავი ატეხა ერთი დღის ელენემ, გამოფხიზლდა, თვალები გაახილა და თავის მობრუნება სცადა, რომ ენახა, ვინ უმღეროდა.
- როგორც ვიცი, ელენეს გაზრდაში დიდი წვლილი მიგიძღვით...
- მე მაქვს ჩემი პრინციპი. ბავშვთან, განსაკუთრებით პატარა ასაკში, ყველაზე ხშირად და ყველაზე ახლოს უნდა იყოს დედა, მე დედის დამხმარე ვიყავი. როდესაც ხედავ, რომ შენი შვილი ახალი ნამშობიარებია, დაღლილია, ეძინება, ყველანაირად ცდილობ, ხელი შეუწყო, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ პატარასთან დედა უნდა იყოს ახლოს. რაც შეეხება აღზრდის საკითხს, ძალიან აქტიური ვარ. ელენე საინტერესო ადამიანია, როგორც განათლების, ასევე მუსიკალურობის მხრივ. ძალიან ადრეულ ასაკში ისწავლა სხეულის ნაწილები, სად ჰქონდა თავი, ხელი, ფეხი და ა.შ. ისმენს საოპერო ნაწარმოებებს და რომ მოასმენინო ფრაგმენტი ამა თუ იმ ოპერიდან, გეტყვით დასახელებას, რომლიდანაა ეს ნაწყვეტი. ჩვევებთან დაკავშირებითაც ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო. ვფიქრობ, რომ ცუდი არაა, როდესაც კარგი პოზიციით ერევა ბებია. ამასთან ერთად ვცდილობ, ვიყო ძალიან ალერსიანი, თბილი, ბავშვმა დიდი სითბო უნდა მიიღოს, როცა მან მოფერების, შექების ფასი იცის, ყალიბდება ადამიანად. სხვათა შორის, მომთხოვნიც ვარ, მაგრამ ვცდილობ, დედაზე – მარიამზე მომთხოვნი არ ვიყო.
- შვილიშვილები ბებიებთან უფრო განებივრებულები ვართ. გარდა იმისა, რომ თბილი ხართ, სიმკაცრესაც თუ იჩენთ?
- როცა საჭიროა, კი. განებივრება უფრო დიდ ბებიებს ახასიათებთ... ჩემი მხრიდან კი მოთხოვნა უფრო რეალური და დოზირებულია, თუმცა, როდესაც ტირის ან დედა უბრაზდება, ჩემთან მოდის და მეხუტება. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრული მაქვს, მოვეფერო თუ არა. თუ რაღაცას აშავებს, ვერაფრით გადავუსვამ თავზე ხელს, ხანდახან სჭირდებათ ეს.
- ელენეს შემდეგ მეორედ გახდით ბებია...
- კი, კი. ელენეს შემდეგ შეგვეძინა პატარა მარიამი, საოცარი ადამიანი. 9 თვისაა და ნელ-ნელა ვიწყებ ჩემი წილი განათლების მიცემას მისთვის, ჩემს ნამღერზე ტაშს უკრავს, ცეკვავს... ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ერთმა შვილიშვილმა მეორე დაჩრდილა. საშინლად ვაპროტესტებ ფრაზას, შვილიშვილმა შვილი დამავიწყაო, ესაა უგნური გამოთქმა. როგორ შეიძლება, შვილი დაჩრდილოს ვინმემ? ყველას თავისი ადგილი აქვს, შვილიშვილის ადგილი და გრძნობა დროებით მიძინებული იყო მის ამქვეყნად მოვლენამდე.
- თქვენი შვილის სახელი რომ ჰქვია შვილიშვილს და მარიამს ახლა უკვე კოკოს შვილს ეძახით, ეს ალბათ დამატებითი სიხარულია...
- როდესაც პატარა მარიამი გაჩნდა, პირველმა მე ვნახე ანი და მითხრა, გილოცავთ პატარა მარიამ როინიშვილის დაბადებასო, მაშინ მივხვდი, რომ ნერვებმა მიღალატა და ავტირდი. ყველაფერმა რომ კარგად ჩაიარა და დაიბადა კიდევ ერთი ადამიანი, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩემი შვილი – მარიამი, ელენეს გამო, ანის მშობიარობის დროს სამშობიაროში ვერ მოვიდა. ტელეფონზე რომ უთხრეს, ბავშვს მისი სახელი დაარქვეს, იმდენი იტირა, გული ამოუჯდა. არადა, მარიამი საერთოდ იშვიათად ტირის. ნეტა იცოდეთ, როგორი რეაქცია აქვს პატარა მარიამს დიდი მარიამის დანახვაზე, ეხუტება, თავს ადებს და შეიძლება, ასე გარინდული იყოს გადაბმულად რამდენიმე წუთი. ჩვენც მთელი ოჯახი დიდი სიხარულით ველოდებით, როდის შეხვდებიან მამიდა-ძმისშვილი ერთმანეთს, ძალიან საყვარლები არიან ერთად.
ეკა მამალაძე:
- ჩემი უფროსი შვილიშვილი დიმიტრი რვა წლის არის, მეორე, სანდრო, 6-ის. 48 წლის გახლდით, როცა ბებია გავხდი და მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი. მე ჩემს შვილიშვილებთან ერთად არ ვცხოვრობ, მაგრამ როცა ჩემთან მოდიან, ვცდილობ, ისე იყოს ყველაფერი, როგორც მათ უნდათ, რათა ის დღე მათთვის დღესასწაულად იქცეს. მინდა უყვარდეთ და უხაროდეთ ჩემთან მოსვლა.
- რამდენად ერევით აღზრდაში?
- 2-3 დღეც რომ ცხოვრობ ადამიანთან ერთად, ცდილობ, შენი წვლილი შეიტანო, ასწავლო, დაამახსოვრო, ოღონდ უმჯობესია, თუ ამას თამაშ-თამაშით გააკეთებ და ასეთი გზით მიაღებინებ ცოდნას.
- ქალბატონი ნანი უკვე დიდი ბებიაცაა თუ გაძლევთ რჩევებს, როგორც ბებიას?
- როდესაც ბავშვები ჩემთან მოდიან, პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ის კი შორიდან ცქერით ტკბება. რა თქმა უნდა, დიდი ბებიობა კიდევ უფრო დიდი შეგრძნებაა.
- როგორ მოგმართავენ შვილიშვილები?
- სახელით – ეკა. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ მქონდა. რომ გითხრათ, მაინცდამაინც ბებია მინდოდა, დაეძახებინათ, ან პირიქით, არ მქონდა ამის სურვილი-მეთქი, ტყუილი იქნება. თავიდნავე ეკათი მომმართეს და დღემდე ასეა. თუმცა მომწონს კიდეც, ბავშვები თავად რომ უგონებენ სახელებს ადამიანებს.
- დამოუკიდებლად თუ იტოვებთ ბავშვებს?
- კი, როგორ არა. როდესაც მათი მშობლები ზღვაზე, საზღვარგარეთ მიდიან, ვიტოვებ ხოლმე, რადგან მინდა, ხელი შევუწყო. თავად დამოუკიდებლად ზრდიან, მაგრამ როდესაც ასეთი სიტუაციაა, ყველანაირად ვეხმარები.
ციცი ომანიძე