ექსკლუზიური ინტერვიუ სამი შვილის დედა ეკატერინა მეიშვილთან, ფიტნესის მსოფლიოს ჩემპიონთან, რომელიც ამერიკაში ელიტურ ისნტრუქტორად მუშაობს ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში. ეკატერინა წლებია ამერიკაში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და ფიტნესის ინტსრუქტორი. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ ფიტნესში და ამერიკული ფიტნესის ქართველ დედოფალსაც უწოდებენ ხშირად... არადა, როგორც თავად ჰყვება, არც ისე უღრუბლოდ დაიწყო მისი ამერიკული ცხოვრება...
იხილეთ ვიდეო
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ, კალიფორნიის შტატში. ამერიკის მოქალაქე ვარ 17 წელია. მყავს 3 შვილი. საქართველოში ცხოვრების პერიოდში
ვიყავი მხატვრული ტანმოვარჯიშე, ნელი სალაძესთან გავიზარდე. 1991 წელს გავხდი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონი... ახლა კი გახლავართ ელიტის პერსონალური ტრენერი და მსოფლიო ჩემპიონი ფიტნესში.
- რამდენად გაგიიოლდათ უცხო ქვეყნიდან ჩასულს ამერიკაში თავის დამკვიდრება?
- ეს იოლი არ არის, სამწუხაროდ. ძალიან ძნელია. დაახლოებით 6-7 წელი დამჭირდა. ალბათ 7 წლის მერე ვიგრძენი ცოტა შვება... პირველად რომ ჩამოვედი, დამლაგებლად დავიწყე მუშაობა... თუმცა მრავალწლიანი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგი მაინც მივიღე და ახლა ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის მწვრთნელი ვარ.
- მაინც რა ფაქტორები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში? ვინც ახლა დგას ასეთივე გზის დასაწყისში, მას რას ურჩევთ?
- თავიდან ძალიან ძნელია, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოთ და რწმენა არ უნდა დაკარგოთ. მე ჩემი უფროსი ქალიშვილის - ნინის და ჩემი ოჯახის გამო ჩამოვედი ამ ქვეყანაში. მინდოდა, რომ ნინის ისე არ ეტანჯა, როგორც მე ვიტანჯე, და ნინის ჰქონოდა ყველაფერი ის, რაც მე არ მქონდა. ის გზა გავუკვალე, რომელზეც მე არც კი მიოცნებია. ეს ფაქტორი მეხმარებოდა ყველაფერში - შვილზე ფიქრი, რომ მას ის ცხოვრებისეული არჩევანი ექნებოდა, რაც სამწუხაროდ, ბევრ ქართველ გოგონას არ აქვს. მე არ მეთაკილებოდა არც დალაგება, არც ტუალეტების რეცხვა, რომ ნინის ყველაფერი ჰქონოდა, ამიტომ სწორედ ჩემს გოგონას მიუძღვის უდიდესი წვლილი ჩემს აქ ყოფნაში.
- რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო – შრომისმოყვარეობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა, კარგი წრე...
- სამივეა ალბათ აუცილებელი, შრომისმოყვარეობა პირველ რიგში, და არასოდეს არ მიიღოთ უარი! ვინმე თუ უარს გეტყვით, იმდენი იბრძოლეთ, რომ ბოლოს მაინც დაითანხმოთ. არასოდეს უარს არ დასჯერდეთ.
- რატომ აირჩიეთ ეს ერთი შეხედვით არაქალური პროფესია – ძალისმიერი სპორტია მაინც?
- დიახ, რა თქმა უნდა, შორიდან ისე ჩანს, რომ არაქალურია - გეთანხმებით, მაგრამ როცა ვარჯიშობთ, მით უმეტეს ჰანტელებით, ეს გაძლევთ საოცარ სიძლიერეს და დაცულობის გრძნობას. მე უფრო კმაყოფილი და თავდაჯერებული ვარ ახლა, ვიდრე ვიყავი 20 წლის, ან თუნდაც 10 წლის წინ. ახლა 41 წლის ვარ და არასოდეს არ მიგრძნია თავი უფრო ქალურად, ვიდრე ახლა ვგრძნობ... ბებო რომ ცოცხალი იყოს, მეტყოდა, რაია, ბებო, გადაირიეო? მაგრამ დრო იცვლება...
- რამდენ საათს ვარჯიშობთ, როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
- წარმოიდგინეთ, დღეში მხოლოდ 1-2 საათს ვვარჯიშობ, ყოველდღე - კვირის გარდა. როცა შეჯიბრისთვის ვემზადები, მაშინ - 2-3 საათს. დილის 5 საათზე ვდგები - ვავარჯიშებ კლიენტებს 12 საათამდე, 12-დან 2-მდე მე ვვარჯიშობ და შემდეგ ბავშვები გამომყავს სკოლიდან - ჩემს მეუღლეს მიჰყავს და მე გამომყავს. გაკვეთილებს ვამზადებთ, ვვახშმობთ... და ასე თითქმის ყოველდღე.
- სამი შვილი გყავთ – როგორ ახერხებთ შვილების მოვლასაც და ასეთ აქტიურ ცხოვრებასაც?
- იცით, რაც შვილები მეყოლა, უფრო გავაქტიურდი. ასე მგონია, რომ არ ვივარჯიშო, ძალა და მოტივაციაც არ მაქვს თითქოს საკმარისი, რომ მათ მივხედო, მით უმეტეს - 6 წლის ტყუპს, რომლებიც საოცრად აქტიურები არიან - მზიას და ნიკოლოზს.
- როგორი დედა ხართ? რა პრინციპებით ზრდით შვილებს?
- იცით, მე ყოველთვის მგონია, რომ არა ვარ ისეთი დედა, როგორიც მინდა, რომ ვიყო. მინდა, რომ დედაჩემივით თავდადებული დედა ვიყო და ძალიან ვცდილობ... ყოველდღე უფრო და უფრო ვაუმჯობესებ ჩემს დედობრივ ვალდებულებებს (იღიმის)... რა ვიცი, ვცდილობ!
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ამერიკული და ქართული აღზრდა? ამერიკელი და ქართველი მშობლები?
- სიყვარულით (იღიმის). ამერიკელები უფრო თავისუფლად ზრდიან ბავშვებს, და მინდა გითხრათ, დიდი წესები და კულტურა არ გააჩნიათ, და მოდით რა, ნუ შევადარებთ საერთოდ ქართულ აღზრდასთან, იმიტომ, რომ ჩვენ რომ კულტურა და სიყვარული გვაბადია, იმას ნურავინ დაიკვეხნის! ვენაცვალე ქართულ წესს და აღზრდას!
- რაც შეეხება განათლების, სამედიცინო საკითხებს?
- უფრო თავისუფალი სწავლის სტილია. არ არის საჭირო, რომ მაინცდამაინც დაჯდე, მერხზე გასწორდე, დაიცვა სხვადასხვა კანონი. აქ თუ გინდა, გაგორდი ღლონტის გოჭივით იატაკზე, მთავარია, ისწავლო, თორემ სულ არ აინტერესებთ, როგორ ფორმაში იჯდები.
პედიატრთან წესით ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა მივიდეთ, მაგრამ მე მხოლოდ მაშინ მიმყავს, როცა რამეს იტკიებენ - ქართულად (იცინის).
- ვიცი, რომ შვილებს ქართულად ზრდით. როგორ ახერხებთ ამას?
- ძალიან ვცდილობ, რომ ჩავაგონო, თუ საიდან არიან წარმოშობით და ფესვები სად აქვთ, მინდა, რომ ჩავუსახო საქართველოს სიყვარული, მაგრამ ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რომ ყველა გარშემო ინგლისურად ლაპარაკობს. სკოლიდან რომ გამომყავს, ქართულ მუსიკას ვასმენინებ და ქართულად ველაპარაკები.
- შვილებს თუ ავარჯიშებთ და რამდენად მისდევენ ისინი თქვენს კვალს?
- რა თქმა უნდა, ვავარჯიშებ. ნინი ნამდვილად მისდევს ჩემს ნაკვალევს - ძალიან ძლიერი სპორტსმენია, პირველი ჩოგბურთელია კოლეჯში, მომავალი ვარსკვლავია. ამ პატარებისა ჯერ არ ვიცი, ვნახოთ, იმედია, საამაყო შვილები მეყოლება.
- გვიამბეთ ცოტა თქვენს მეუღლეზე, რომელიც, თუ არ ვცდები, არ არის ქართველი. როგორ ეგუება თქვენი ცხოვრების წესს, ალბათ ხელს გიწყობთ და მხარში გიდგათ?
- ოჰ, ჩემი მეუღლე... ჩემი სიყვარული... მაგისი ბრალია სულ, რომ გავები ამ შეჯიბრებებში. ერთ დღეს მოვიდა და მაჩვენა ამ ფიტნეს-შეჯიბრებების ვიდეო, თან მითხრა, ეკა, მე ვიცი, რომ შენ მათ ყველას დაამარცხებო, მათზე ათი თავით მაგარი ხარ, მოდი, მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის და ვნახოთ, ვინ-ვინ არისო... ასე დავიწყეთ! ჩემი მეუღლეა ჩემი ყველაზე დიდი ფანი...
- რამდენად ხშირად დადიხართ საქართველოში? რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან?
- ისე ხშირად ვეღარ დავდივარ, შვილების გამო... ყველაზე ძალიან ის სითბო და სიყვარული მენატრება, ჩვენ რომ გვაქვს ერთმანეთში - მეგობრობის, ერთმანეთის გატანის და მეზობლობის.
- როგორც ვიცი, ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით გამოდიხართ...
- კი, საქართველოს სახელით გამოვდივარ ყოველთვის... 2015-ში მოვიგე "ფიტნეს უნივერსი" მაიამიში და 2016 წელს, როგორც გითხარით, ფიტნესის მსოფლიო ჩემპიონატი ლას-ვეგასში.
- რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?
- უბედნიერესი ქართველი ქალი ვარ, იმიტომ რომ მყავს ქართველი გულშემატკივარი. იმედია, არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს და თუ ერთი ადამიანის ცხოვრებაში მაინც მოვახდენ ცვლილებას, ესე იგი რაღაცას მაინც ვაკეთებ სწორად და კარგ გზას ვადგავარ.
- რა რჩევას მისცემთ თანამემამულე ქალბატონებს, როგორ შეინარჩუნონ ფორმა?
- ქართველ ქალებს ვეტყოდი, რომ ნუ გეშინიათ ჰანტელების ხმარების, ეს დაგეხმარებათ ძვლების გამაგრებაში და უფრო გაჯანსაღებაში, უფრო ამაყები, ძლიერები გახდებით და თუ სწორად გამოიყენებთ, არც დაიკუნთებით. ვისაც უნდა მეტი ინფორმაციის მიღება, ჩემი ფეისბუქგვერდი აქტიურია, ასევე ინსტაგრამი. მომწერეთ და სიამოვნებით მოგცემთ რჩევებს.
- ახლა, ამ გადმოსახედიდან, რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეულით და რას გეგმავთ მომავალში?
- ნამდვილი სპორტსმენი არასოდეს არის კმაყოფილი თავისი მიღწევით, ამიტომ უფრო და უფრო მეტი მინდა. ახლა უფრო ის მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავიტანო და ავაფრიალო საქართველის დროშა... ფიტნესში მივაღწიე ყველაფერს, რაც კი მიზნად დავისახე - მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი 2016-ში. ახლა კი მინდა, ჩემი ნაკვალევი დავტოვო სამუდამოდ მსოფლიოში ფიტნესის მასშტაბით, რომ ქართველი ქალი ეკატერინა მეიშვილი ერთადერთი და განუმეორებელი პირველი ქართველი ჩემპიონია, რომელიც არავის დაავიწყდება. მინდა ფიტნესის ისტორიაში ჩემი სახელი სამუდამოდ დარჩეს!!!
ლელა ზურებიანი