სანამ ჩემი ქალიშვილი დაიბადებოდა, დარწმუნებული გახლდით, რომ სანიმუშო დედობას გავუწევდი სანამ ჩემი ქალიშვილი დაიბადებოდა, დარწმუნებული გახლდით, რომ სანიმუშო დედობას გავუწევდი. ეჭვიც არ შემპარვია, რომ მოსიყვარულე, მომთმენი, გამგები და მზრუნველი ვიქნებოდი, ერთი სიტყვით, იდეალური. ეს რწმენა მაშინვე შემერყა, როგორც კი პირველად ავიყვანე ხელში. ისეთი პაწაწინა იყო, ფაქიზი, უსუსური, მე კი საშინლად მოუხერხებელი, მოუქნელი, ყოველ შემთხვევაში, არა იდეალური.
რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და გამოვასწორე, მაგრამ იდეალურისგან მაინც შორს დავრჩი. ჩემი მონდომება, რომ ბავშვისთვის რაიმე სასარგებლო გამეკეთებინა, ხშირად დასრულებულა მარცხით. ეს ყოველთვის ჩემი ბრალი არ იყო. მაგალითად, მოვინდომე, რომ ბავშვთან ერთად მევლო აუზზე, მაგრამ გაკაჟების ნაცვლად კანის ინფექციურ დაავადებას მივაღწიეთ. ბავშვის გასავითარებელი თამაშები კი მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემი გოგოსთვის, ამიტომ მათზეც უარი ვთქვით, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. ვერც "ყოველდღიური" "იდეალურიდედობანა" გამომივიდა - ხომ დავდე პირობა, არასოდეს გავუბრაზდები-მეთქი? ვერ შევასრულე. ხომ ვდებდი პირობას, ბავშვის წინაშე ყოველთვის ხალისიანი, გამგები და სიცოცხლით სავსე ვიქნები-თქო. ეს შევასრულე? ვერა.
ერთადერთი, რაც მამშვიდებს ისაა, რომ იდეალური დედის ჩარჩოში ჩემს ირგვლივ ვერც ერთი ჩემი ნაცნობი ვერ "ჩაჯდა". როგორც ჩანს, ეს არც ისე მარტივია.
თავიდან ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე - განა ცოტას ვაკეთებ ჩემი შვილისთვის? მართალია, იდეალური დედობა არ გამომივიდა, სამაგიეროდ პასუხისმგებლობის მქონე და ყურადღებიანი ვარ. იმისთვის, რომ ჩემი გოგონას ყოველდღიური ფიზიკური თუ სულიერი კომფორტი უზრუნველვყო, საკმაოდ დიდი ძალისხმევა მჭირდება და დრო ნამდვილად არ მრჩება იმისთვის, რომ მოდური პედაგოგიური მეთოდები ავითვისო.
მეტსაც გეტყვით, ხომ ვიცი, რომ ბავშვის განვითარებისთვის კლასიკური მუსიკა სასარგებლოა, მაგრამ მაინც გამოვრთავ მოცარტს, თუ რომელიმე თანამედროვე ჰიტის მოსმენა მომინდება - დედა შეიძლება იდეალური არა, მაგრამ კარგ ხასიათზე ნამდვილად უნდა იყოს. მართალია, ჩემს შვილს არ აინტერესებს, მაგრამ მე და ჩემი დაქალი მაინც საათობით ვისაუბრებთ თანამედროვე მოდაზე ან სამომავლო გეგმებზე, რადგან დედასაც სჭირდება ჰარმონიული ყოფა.
რა თქმა უნდა, მშობლებს არ მოვუწოდებ, რომ ბავშვის აღზრდა თვითდინებზე მიუშვან. უბრალოდ, ვთავაზობ, საღად შეაფასონ საკუთარი ძალები, შესაძლო შედეგები და ოჯახის სხვა წევრების შესაძლებლობები. იდეალური მშობლები არ არსებობენ, რომც სცადოთ, არ გამოგივათ - ბავშვი ყოველთვის მოგიძებნით სუსტ წერტილს.
ასე რომ, ნუ იკისრებთ იმ ტვირთს, რასაც ვერ მოერევით. იმდენი "აიკიდეთ", რის ზიდვასაც ბოლომდე შეძლებთ. თქვენვისაც ასე აჯობებს და ბავშვისთვისაც.
ლანა კ.