ქალს ნუ გააბრაზებთ! ეს ამბავი რეალურად მოხდა. ჯეიკი ბიზნესმენი იყო. 20-წლიანი ცოლქმრული თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, ცოლი - ედიტი მიეტოვებინა – ახალი მდივნის გამო. მის ახალგაზრდა მიჯნურს ჯეიკის ბიზნესისთვის დაედგა თვალი და მდიდარი კაცის ხელში ჩაგდება მოისურვა, გამოუვიდა კიდეც. განსაკუთრებით მის მშვენიერ სახლში უნდოდა ეცხოვრა. ამიტომ განქორწინების პროცესის დროს კაცის ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სახლი ჯეიკს დარჩენოდა.
ედიტს სულ სამი დღე მისცეს, რომ ნივთები შეეგროვებინა და გადასულიყო. როცა ეს დრო ამოეწურა, ქალის ჩემოდნები უკვე ახალ ბინაში იყო გადატანილი. ედიტმა გადაწყვიტა, გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოეწყო: კრევეტების ულუფით და შამპანიურით, სანთლებით და სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვახშმობის შემდეგ ქალმა ყველა ოთახი შემოიარა და კარნიზის მილებში კრევეტების ნარჩენები შეალაგა. ჭურჭელი აალაგა და წავიდა.
ჯეიკი და მისი ახალი მიჯნური მეორე დღესვე შებარგდნენ სახლში. რამდენიმე დღე უბედნიერესი ჰქონდათ. თუმცა მალე სახლში უცნაური უსიამოვნო სუნი გაჩნდა. ყველაფერი კარგად დაალაგაეს, მაგრამ სუნი არ გაქრა. მკვდარი თაგვის სუნს ჰგავდა, მაგრამ ვერაფერს ვერ პოულობდნენ. ქიმიურადაც კი დაამუშავეს ოთახები, თუმცა სუნი არ ქრებოდა. უკვე სტუმრადაც აღარავინ მოდიოდა, ხელოსნებმა მუშაობაზე უარი თქვეს, მოახლე წავიდა. ბოლოს ახალგამომცხვარი წყვილიც დანებდა და ახალი საცხოვრებლის ძიება დაიწყო. თუმცა არც ეს აღმოჩნდა იოლი: არავის უნდოდა იმ სახლის ყიდვა, სადაც ასეთი საშინელი სუნი იდგა. ერთ თვეში კი "მყრალი სახლის" ამბავი ლამის მთელმა უბანმა იცოდა. სახლში ცხოვრება აუტანელი გახდა და ჯეიკს ისღა დარჩენოდა, იპოთეკური სესხი აეღო ახალი სახლის საყიდლად - განქორწინების პროცესში და ახალი მიჯნურის სიამოვნებების ასრულებაში, საკმაო თანხები დაკარგა და ახალი სახლის საყიდელი ფულიც აღარ ჰქონდა.
მალე ტელეფონმა დარეკა. ედიტი იყო, რომელმაც ქმრის მოკითხვა გადაწყვიტა. როცა სასოწარკვეთილი ჯეიკის ამბავი მოისმინა, ქალმა უთხრა, რომ იქნებ თავად მოეგვარებინა ეს პრობლემა, თუ სახლს დაუბრუნებდნენ.
კაცმა იფიქრა, რომ ამ სახლისგან მაინც არაფერი გამოვიდოდა და დათანხმდა ყოფილი ცოლის წინადადებას. ეს სახლი უკვე კოშმარად ექცა და უნდოდა კიდეც მისი თავიდან მოშორება. იმაზეც ეცინებოდა, რომ ედიტი ვერ აცნობიერებდა პრობლემის მთელ არსს და კარგ დღეში ჩავარდებოდა, აქ რომ დაბრუნდებოდა. იმავე დღეს მომზადდა სათანადო საბუთები.
ერთ კვირაში კაცი და მისი საყვარელი სახლის წინ იდგნენ და გაოცებული ადევნებდნენ თვალს, მუშებს როგორ შეჰქონდათ ახალი ავეჯი (კარნიზებიც კი) ედიტის სახლში. ვერაფრით მიხვდნენ, როგორ გაუმკლავდა ედიტი სიმყრალეს.
როგორც იტყვიან, "შურისძიება კერძია, რომელიც ცივად უნდა მიართვა". მართლაც, ედიტს ისტერიკები და სკანდალები არ მოუწყვია. მან ცივი გონებით გააკეთა თავისი საქმე და მოთმინებით ელოდა თავის დროს...