გვიმტკიცებენ, რომ ქალი, რომელმაც არ დაიპყრო კარიერული სიმაღლეები, განწირულია უბედურებისათვის ქალებს ბოლო წლებში ხშირად აგონებენ, რომ დედობა - კარიერა არ არის. რომ ეს არ არის პრესტიჟული საქმიანობა, რომ ტყუილად კარგავენ საკუთარ თავს, ძალიან ძვირფასს და ღირებულს, სახლში, ბავშვებთან ჯდომით. თავად იმსჯელეთ - არავინ გიხდით ამაში ფულს, არადა, სადღეღამისო შრომაა. გიწევთ ერთი და იმავეს კეთება დაუსრულებლად. მაშინ რა საჭიროა ყოველივე ეს? რისთვისაა საჭირო ღამეების თენება, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, როცა შეიძლება მშვიდად გამოიძინო, გაიკეთო კარიერა, იყო პატივსაცემი სპეციალისტი, გამოიმუშაო ფული? ამ დროს კი ბავშვები ხდებიან მხოლოდ ზედმეტი ტვირთი, აქსესუარი. არადა, ხომ შეიძლება მათ გარეშე ცხოვრებაც? რა საჭიროა დაკავდე მათი აღზრდით, როდესაც შეიძლება წარმატებული კარიერის გაკეთება? ბავშვებით შეიძლება დაკავდეს ის, ვინც ამაზე ფულს აკეთებს: ძიძები, აღმზრდელები და ა.შ. ამბობენ, დედის როლი გადაჭარბებულიაო: თანმედროვე რძის ნარევები დედის რძეს ჯობიაო, პროფესიონალური ძიძა დედაზე უკეთესიაო, საბავშვო ბაღი კი სახლში ყოფნაზე უკეთესიო და ა. შ.
მოგვიწოდებენ - მთელი ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ სამსახურისკენ მივმართოთ (დილიდან გვიან ღამემდე). გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ეს არის სწორი და სასარგებლო. რომ ქალი, რომელმაც არ დაიპყრო კარიერული სიმაღლეები, განწირულია უბედურებისათვის...
გონებაში გადავათვალიერე ჩემი ნაცნობი ქალების ცხოვრება. მაშინ ჯერაც ბავშვი ვიყავი. ვიხსენებდი, როგორ ცხოვრობდნენ მაშინ და ვინ არიან ახლა. მაგალითად, ერთმა ქალმა ორი შვილი გააჩინა და მალევე გავიდა სამუშაოდ, თან ისე, რომ მთლიანად სამსახურზე გადაერთო. ბავშვებს ჯერ ბებია ზრდიდა, შემდეგ - ბაღი და სკოლა. ქალმა გაიკეთა შესანიშნავი კარიერა, მაგრამ დღეს ის მარტოხელა მოხუცია. შვილებმა თავისი თავი ვერ იპოვეს.
ან მეორე ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, დარჩენილიყო სახლში და მთელი ცხოვრება მიეძღვნა შვილებისათვის. სამი შვილი გააჩინა. დღეს იგი ბედნიერი ბებიაა, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში. მე ვიცი და ვგრძნობ, თუ რომელი მაგალითია ჩემთან ახლოს, რასაც არ უნდა ამბობდნენ ჟურნალ-გაზეთები და სამაუწყებლო არხები.
იყო დედა - ესეც კარიერაა. თან როგორი! ამ სფეროში შეიძლება გააკეთო შესანიშნავი კარიერა პამპერსების, საფენების, საწოვარას გარემოცვაში. შეიძლება გახდე უმაღლესი დონის სპეციალისტი, მრავალმხრივი, ღრმა და ძალიან მოთხოვნადი.
1. დედას ისეთი უნარ-ჩვევები აქვს, როგორიც არავის. თითქოს დედამ ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია. ის შეიძლება გააღვიძო გვიან ღამით ისე, რომ საყვედურიც არ გითხრას, მხოლოდ მას შეუძლია მოამზადოს ბევრი გემრიელი კერძი და დამალოს სტაფილო ბავშვისგან ისე (ვისაც არ უყვარს), რომ ის ვერც მიხვდეს და გემრიელად მიირთვას მისი მომზადებული. მხოლოდ დედას შეუძლია, უბრალო კარტოფილის პიურე ისე ლამაზად მიართვას თავის პატარას, რომ აუცილებლად მოითხოვოს დამატება.
2. დედა ნამდვილი მრავალხელა და მრავალფეხაა. მას ერთდროულად შეუძლია სხვადასხვა საქმის კეთება: მოამზადოს სუპი, გარეცხოს ჭურჭელი, მოისმინოს ბავშვის წაკითხული, მოამზადოს მაღაზიაში საყიდლების სია. ყველა დედას დამალული აქვს ერთი წყვილი ხელი, რომელსაც საჭიროების დროს მაშინვე გამოაჩენს.
3. დედობა ითხოვს მუდმივ კვალიფიკაციის ამაღლებას. ყოველთვის იგებ რაღაც ახალს, რაღაცას სწავლობ. სადღა წახვალ წყალქვეშა ნავიდან - მოგიწევს შეეჩვიო.
4. დედობა - მუდმივი პიროვნული და სულიერი ზრდაა. თანდათან იხსნება შენი პიროვნების ახალი მხარეები, იშლება ახალი ჰორიზონტები.
5. ნამდვილი დედები ძალიან მოთხოვნადები არიან, მით უმეტეს ახლა. ასეთ ქალებთან ურთიერთობა უნდა ყველას, იმიტომ, რომ მათ გვერდით ყოველთვის სითბო და მყუდროებაა. ნამდვილი დედები ძალიან ცოტანი არიან, ამიტომ ყოველი ასეთი ქალი - ნამდვილი ოქროს საბადოა.
6. დედობაში ქალი ამჟღავნებს მთელ თავის პოტენციალს. ამისათვის კი საჭიროა უდიდესი სურვილი შინაგანი თვითრეალიზაციის მოსაძებნად.
7. ხელი, რომელიც არწევს ბავშვის საწოლს - მსოფლიოს მართავს. სწორედ დედაზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. იმაზე, თუ ვის და როგორ ადამიანს აღზრდის ის.
8. შეუძლებელია პატივი არ სცე ქალს, რომელმაც რამდენიმე შვილი აღზარდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი სული და გული ჩააქსოვა ამაში. პატივისცემა არ მოვა მაშინვე, მშობიარობის შემდეგ. ამისთვის შრომაა საჭირო.
9. შეიძლება სამსახურიდან დაგითხოვონ, შეგამცირონ, მიუხედავად თქვენი დამსახურებებისა. მაგრამ დედობა - ადგილია, სადაც თქვენ ერთადერთი ხართ და თქვენს ადგილს ვერასდროს ვერავინ დაიკავებს.
10. სამსახურში თქვენ გაქვთ მკაცრად გაწერილი გრაფიკი, სახლში თქვენ თვითონ ადგენთ დღის გეგმას, მათ შორის დასვენების გრაფიკსაც.
11. დედა მთელ თავის ძალებს დებს ბავშვებში. ეს ინვესტიცია საკმაოდ სარისკოა, რადგან წინასწარ არ იცი, იქნება თუ არა დივიდენდები. დედობა - საუკეთესო მდგომარეობაა რაც კი ოდესმე შეიძლება ინატროს ქალმა.
როდესაც ჩემს ბავშვებს ვუყურებ, მათ თვალებში მთელ სამყაროს ვხედავ. ყოველთვის ვოცნებობდი შვილების ყოლაზე, მაგრამ ვერასდროს წერმომედგინა, თუ ამხელა ბადნიერება და ძალა იქნებოდა დედობა. მათი კოცნის, კაპრიზების, ცრემლების, სიცილის, თამაშის, ღიმილის, ჩხუბისა და შერიგების, მათ გარეშე გატარებული ერთი დღეც უაზრო და ცარიელი მეჩვენება. არც მოდური კაბა, არც სუპერსამსახური, არც დიდი სახლი - ვერაფერი შეედრება ბავშვებთან ერთად გატარებულ წამებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია მაშინ, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერს გაუნაწილებ, აჩვენებ და ვისთან ერთადაც იცხოვრებ. მათთან ერთად ვიზრდები, ვიცვლები. აი, ეს არის ბედნიერება. დიახ, ჩემი შრომა დღეღამურია, დასვენებების გარეშე. ყოველდღიურად უამრავი საქმე მაქვს და ზოგჯერ ვერც ვუმკლავდები. დიახ, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, იმიტომ, რომ პასუხს ვაგებ პატარა საყვარელი ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, მიწევს ბევრი სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება. ეს კი არასოდეს დამთავრდება, მაშინაც, როდესაც ისინი გაიზრდებიან - მე ყოველთვის მათი დედა ვიქნები. ჩემი თავი წარმომიდგენია ნაყოფიერ ხედ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა წვნიანი, გემრიელი და ჯანსაღი ნაყოფი გამოიღოს.
იყო ქალი- ეს მხოლოდ გზის დასაწყისია.ყვავილობა და სიმწიფე - მხოლოდ ეტაპებია. ჩვენი ამოცანაა გამოვიღოთ ნაყოფი . განა ეს არ არის ბედნიერება?