რამდენად კარგი ძიძა, აღმზრდელი, ბებია, დამხმარეც არ უნდა ჰყავდეს, ყველა ბავშვს უნდა დედის გვერდით ყოფნა ამ ქალბატონებს ხშირად ქართველ სექსსიმბოლოებს შორის მოიხსენიებენ. ცნობილი, ლამაზი, მუდამ მოწესრიგებული და სექსუალური სელებრითები, რომლებსაც საზოგადოება ხშირად განიხილავს ხოლმე, შინ ჩვეულებრივი დედები არიან, ჩვეულებრივი დედური საზრუნავებით, "ხალათით და ჩუსტებით". ჩვენც დავინტერესდით მათი შვილებთან დამოკიდებულებით, პრობლემებით, საშინაო ამბებით და იმითაც, თუ რა გავლენას ახდენს მათი პოპულარობა ბავშვებზე.
სოფია სებისკვერაძე:
- თუ გარეთ არ გავდივარ, შეიძლება, მთელი დღის განმავლობაში პიჟამებით ვიარო. ოჯახში ყველაფერს ვაკეთებ, საჭმელებიდან დაწყებული, დასუფთავებით დამთავრებული, მაგრამ გამოვტყდები, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი შვილი მარტოები ვცხოვრობთ, საოჯახო საქმეების კეთება მიწევს. სხვათა შორის, მარის ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული სადილები და მეუბნება, მზარეულების შეჯიბრზე უნდა გამოხვიდეო.
- შვილთან სიმკაცრე გახასიათებს?
- მარისთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ეს ადვილი სულაც არაა, პირიქით, სირთულესთანაა დაკავშირებული. ურთიერთობაში კომფორტი კი გვაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვიძაბები, უნდა გავაკონტროლო, რამე არ შემეშალოს, ზედმეტი არ მომივიდეს, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავისუფლება აბნევთ და არ მინდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. მარი ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბავშვია, ხშირად მიკითხავს რჩევა და გონივრულად უპასუხია.
- მეგობრული დამოკიდებულბა კი გაქვთ, მაგრამ თუ არის საკითხი, რომელზეც ვერ თანხმდებით?
- ბევრ დროს ატარებს დამჯდარ მდგომარეობაში და ძირითადად ამაზე მაქვს პროტესტი. დღევანდელ ბავშვებს არ უყვართ ეზოში ჩასვლა, ურჩევნიათ, სახლში ისხდნენ და მეგობრებს ტელეფონის ან ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდნენ, სოციალურ ქსელში უფრო აქტიურობენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.
- თაყვანისმცემლების შესახებ თუ გიყვება ხოლმე?
- კი, მაგრამ რაღაც მომენტში შევამჩნიე, ჩემს მეგობრებს უფრო მეტს უყვება, ვიდრე მე. მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ ვინც ჰყვარებია, მე განსაკუთრებული მოწიწებით მოვქცეულვარ იმ ბავშვს. უთანხმოების შემთხვევაში კი სიტუაციაში ვერკვევი ხოლმე, და ყოფილა შემთხვევა, როცა მარის ხასიათიდან გამომდინარე, თავად მარი გამიმტყუნებია, რაზეც გაბრაზებულა.
- მარი როგორ აღიქვამს დედის პოპულარობას?
- ისეთი პოპულარული არ ვარ, რომ ეს რამეში ხელს მიშლიდეს. არის მომენტები, როცა ჩემზე ჭორაობენ, რაღაცებს ლაპარაკობენ, მარამ მიჩვეულია ასეთ რაღაცებს და დიდად არ აქვს რეაქცია. თუმცა ყურადღების ცენტრში მოქცევა არ სიამოვნებს, სიმშვიდე უყვარს.
- ზოგადად, როგორ ხვდება შენს პირად ცხოვრებაში გამოჩენილ ადამიანს?
- როცა ჩემს პირად ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანი იყო, იცნობდა მას და უყვარდა ძალიან, მას შემდეგ რაიმე კონკრეტული სიტუაცია არ მქონია ამ მხრივ, ასე რომ, დისკომფორტიც არ გვაქვს.
ირინა ონაშვილი:
- სახლში "ხალათით და ჩუსტებით" სიარული არ მიყვარს, თან არც მაქვს იმის დრო, რომ მთელი დღე საშინაო ფორმით გავატარო, მაგრამ როცა გავდივარ სადმე, მაშინ უფრო ჩვეულებრივი ვარ, მით უმეტეს ზაფხულში, როცა ცხელა და ყველაფერი ზედმეტია. აი, მაგალითად, ახლა ურეკში ვისვენებთ და გაბურძგნული ვარ სახლშიც და გარეთაც.
დიასახლისობა დიდად არ მეხერხება, მაგრამ საბას სადილებს ძირითადად მე ვამზადებ, განსაკუთრებით - საღამოს, ძიძის წასვლის შემდეგ. ზოგადად, მიყვარს, როცა ქალი კარგი მზარეულია, მაგრამ პატარაობიდანვე ჩემი ადგილი სამზარეულოში ვერ მოიძებნა. უფროსი დები მყავს, ისინი დედასთან ერთად იქ არ მიშვებდნენ, ჩემი ფუსფუსის ჯერი არასდროს დგებოდა, თავად ამზადებდნენ ყველაფერს, შესაბამისად, მე არაფრის კეთება არ მიწევდა.
- ირინა - დედა...
- ჯერ საბა პატარაა, ამიტომ ვცდილობთ, მეტ-ნაკლებად ყველა სურვილი შევუსრულოთ. ჩემთვის მთავარი ბავშვის ჯანმრთელობა, დასვენება და სწორი კვებაა. თავისუფლად ვზრდით, განსაკუთრებული აკრძლავები არ მოქმედებს მასზე, იმაზეც მივუთითებთ, რომ რაღაც არ შეიძლება, თუმცა, ბევრ რაღაცას ასაკიდან გამომდინარე ვერ ვაგებინებთ. ზოგადად, ძალიან რბილი ბავშვია, არ აქვს თავისი მოთხოვნები, ერთადერთი, რასაც აპროტესტებს, წყლიდან ამოსვლაა - არ ეშინია, თავისი კამერით შედის ბოლომდე, კარგად ერთობა წყალში და არაფრით არ უნდა ამოსვლა. სხვა განსაკუთრებული პრობლემები მასთან მიმართებაში არ მაქვს, მაგრამ როგორც ყველა დედას, მეც მინდა, იყოს ზრდილობიანი, კულტურული, იცოდეს რა შეიძლება, რა – არა.
- როდესაც დედა დაკავებულია და დიდ დროს ვერ ატარებს მასთან, საბა განიცდის ამას?
- თვეობით და დღეობით არასდროს დამიტოვებია, ძირითადად მასთან ერთად ვარ, ან დღისით თუ დაკავებული ვარ, საღამოს ვატარებ მასთან. მიუხედავად იმისა, თუ რა საქმითაა ადამიანი დაკავებული, ყველა უნდა ვეცადოთ, პოპულარობა და ჩვენი საქმიანობა, ბავშვებზე უარყოფითად არ აისახოს. "ორი ვარსკვლავის" პერიოდში, საბა ჩემს უდროობას ძალიან აპროტესტებდა. როდესაც ეუბნებოდნენ, მოდი, ნახე დედა ტელევიზორშიო, პროტესტის ნიშნად არ უყურებდა, ეკრანისკენ გამოხედვაც კი არ უნდოდა. ზოგი ბავშვი ამას დიდად არ განიცდის, ზოგიერთისთვის კი ძალიან რთულად აღსაქმელია. ასეა თუ ისე შვილს სჭირდება დედა. რამდენად კარგი ძიძა, აღმზრდელი, ბებია, დამხმარეც არ უნდა ჰყავდეს, ყველა ბავშვს უნდა დედის გვერდით ყოფნა.
ნინო ძოწენიძე:
- სახლში ძალიან ჩვეულებრივი ვარ, ისეთივე, როგორიც ყველა ქალი. მიყვარს საჭმელების კეთება და მეხერხება. სხვათა შორის, ერთი თვისება მაქვს, თუ ჩავჯექი სახლში და ორი-სამი დღე გარეთ არ გავედი, ძალიან ვეჩვევი შინაურ გარემოს და მიჭირს გასვლა, მაგრამ ჩემს შვილს უყვარს სიარული, სეირნობა, გართობა, მას ვერ გააჩერებ შინ და ამიტომაც ძირითადად სულ ქუჩაში ვართ.
- როგორია ნინო დედის ამპლუაში?
- ძალიან დამთმობი, შეიძლება ითქვას, რომ სანდროს ჭკუაზე დავდივარ და ბევრი მეუბნება, ასე ნუ გყავს გათამამებულიო. რაც შემიძლია ვუსრულებ, არ ვარ დესპოტი დედა, თუმცა ისიც ესმის, როცა ვეუბნები, დრო ან ამ მომენტისთვს საკმარისი ფინანსები არ მაქვს-მეთქი. მე ბავშვობაში რაღაცებზე გული მწყდებოდა, ჩემი მშობლები კი ცდილობდნენ, შასაძლებლობების მაქსიმუმი გაეკეთებინათ, მაგრამ მაინც არ იყო იმის საშუალება, რომ ჩემი ყველა სურვილი რეალური გამხდარიყო, აქედან გამომდინარე მინდა, ჩემს შვილს არაფერი მოაკლდეს და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. თან, იმსახურებს, არაა ცუდი ბიჭი.
- დედა-შვილის უთანხმოების საგანი რა არის?
- გვიან დაძინება, უყვარს კომპიუტერთან ჯდომა, ფეხბურთის ყურება, "X-ფაქტორს"ადევნებდა თვალს აქტიურად და გვიან უწევდა დაწოლა, რაზეც ვკამათობდით ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიჯერებს.
- როგორ აფასებს სანდრო დედის პოპულარობას?
- ჰგონია, რომ ყველა უნდა მიცნობდეს და თუ ვინმემ ვერ მიცნო, მეუბნება, ძოწკა, ვერ გიცნოო?! ისე, უემოციოდ ხვდება ასეთ თემებს, მაგრამ როცა დრო არ მაქვს, დაკავებული ვარ, ამაზე იჭრება ხოლმე. აი, მაგალითად, დღესაც ბათუმში კონცერტი მაქვს და გვიანობამდე ვერ ვიქნები მასთან, რაც აღიზიანებს. თუმცა, პროექტ "ერთი ერთში" ძალიან მგულშემატკივორბდა, როკი უყვარს და ჩემი ბოლო, სტივ ტაილერის სიმღერა განსაკუთრებულად მოეწონა. რბილი სიმღერები არ მოსწონს და ვერ ვიტყვი, ჩემს სიმღერებზე გიჟდება-თქო. სხვათა შორის, მე და ლევან მასპინძელაშვილს თანაბრად გვგულშემატკივრობდა, იმიტომ, რომ მისი სიმღერები სანდროს გემოვნებასთან ძალიან ახლოსაა.
- მშობლების პოპულარობა რა გავლენას ახდენს შვილებზე?
- მოგეხსენებათ, ჩვენ საბავშვო სტუდია გვაქვს, სანდროც ბავშვობიდან სცენაზეა და იმდენად უკომპლექსოა, რომ მსგავსი თემები მისთვის რაიმე დაძაბულობასთან არაა დაკავშირებული. ზოგადად, ცოტა აზიატია, მაგრამ დამოუკიდებელიცაა, ახლაც "ქენდის" კონცერტისთვის ემზადება, უნდა დახუროს.
სხვათა შორის, უკვე კონკურენციას მიწევს, მეუბნება, საბავშვო "ერთი ერთში" თუ იქნება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო. ამბიცია აქვს, რაც მე ამ ასაკში არ მქონდა და ვნახოთ, რა იქნება. ძალიან სცენურია და კარგად მღერის, ოღონდ მე ან გიგა ერთი დღეც კი არ დავმჯდარვართ მასთან სამეცადინოდ, უსმენს, მერე თვითონ მღერის და სახლში კონცერტებს ატარებს.
ციცი ომანიძე