დაორსულებაზე შეიძლება იმოქმედოს იმან, თუ როგორ ყავას მიირთმევთ და სად უდევს მუშაობის დროს ნოუთბუქი მომავალ მამას თურმე დაორსულებაზე შეიძლება იმოქმედოს იმან, თუ როგორ ყავას მიირთმევს მომავალი დედა და სად უდევს მუშაობის დროს ნოუთბუქი მომავალ მამას. მეცნიერებმა დაასახელეს სხვა დაუჯერებელი ფაქტებიც, რომლებიც ჩასახვასთან არის დაკავშირებული.
ბრიტანელმა ექიმმა მერილინ გლენვილმა შეაჯამა ბოლო დროს მთელ მსოფლიოში ჩატარებული სამედიცინო კვლევები, და შეადგინა შემდეგი ჩამონათვალი:
ბუტერბროდები - ქაღალდში!
არასდროს შეინახოთ პროდუქტები საკვებ ცელოფანში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პოლივინილქლორიდმა (რისგანაც მას ამზადებენ), შეიძლება იმოქმედოს ქალის ჰორმონალურ სისტემაზე და დააქვეითოს ორსულობის დადგომის შანსი. თუ შეიძენთ პროდუქტს, რომელიც მოთავსებულია ასეთ შეფუთვაში, მაშინვე ამოიღეთ და გადადეთ შუშის ან პლასტიკატის კონტეინერში.
მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები ყავა
რიგი გამოკვლევების საფუძველზე, ქალებს, რომლებიც ძალიან ბევრ ყავას სვამენ (4-5 ჭიქაზე მეტს დღეში), 2-ჯერ ნაკლები შანსი აქვთ დაფეხმძიმების, იმათთან შედარებით, ვინც შეზღუდულად იღებს ყავას (1-2 ჭიქამდე დღეში). ასევე მათ 25 %-ით დაბალი რისკი აქვთ ორსულობის შეწყვეტის.
ნოუთბუქი - მაგიდაზე
მამაკაცები, რომლებიც დიდხანს სხედან (ავტომობილის, ველოსიპედის მართვის დროს), ხშირად აწყდებიან უნაყოფობის პრობლემას. იგივე ხდება, როდესაც მამაკაცს დიდი ხნით უდევს ნოუთბუქი მუხლებზე: ამ დროს მას უწევს მუხლების შემჭიდროვება, რაც იწვევს გენიტალიებში ტემპერატურის მომატებას, ამას ემატება თვითონ ნოუთბუქის ტემპერატურაც. ყველაფერი ერთად ზრდის მაჩვენებელს 2,8 გრადუსამდე. ცნობილია, რომ ტემპერატურის 1 გრადუსამდე მომატებაც კი 40%- ით ამცირებს განაყოფიერების პროცესს.
ორგაზმი საჭირო მომენტში
ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ორგაზმი ზრდის დაორსულების შანსს, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ბრიტანელმა ბიოლოგებმა რობინ ბეიკერმა და მარკ ბელისმა ზუსტად დაადგინეს დროის ჩარჩოები: ქალის ორგაზმი უნდა მოხდეს პარტნიორის ეაკულაციამდე 1 წუთით ადრე და არა უგვიანეს 45 წუთისა მას შემდეგ. ინტენსიური კუნთების შეკუმშვა “კულმინაციის" მომენტში ქმნის ე.წ. ვაკუუმს, რომელიც ეხმარება სპერმატოზოიდს შეაღწიოს საშოდან საშვილოსნოს ყელში, სადაც ის ადვილად მიაღწევს კვერცხუჯრედამდე. ყოველივე ზემოჩამოთვლილი ზრდის განაყოფიერების შანსს, იმასთან შედარებით, როცა ქალი საერთოდ არ განიცდის ორგაზმს სექსის დროს (თუმცა განაყოფიერება ამ დროსაც არ არის გამორიცხული).
მეტი მზე!
ახლახან ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მზის აბაზანებსა და განაყოფიერებას შორის პირდაპირი კავშირია. ულტრაიისფერი სხივებით ორგანიზმი იღებს საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს, რაც აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ორსულობის შენარჩუნებისთვის. ახალი სიცოცხლე ხომ სანახევროდ „უცხო სხეულია“ თავისი ცილების შემადგენლობით. თუ იმუნური სისტემა დროულად არ ჩაერთვება, შეიძლება ნაყოფი გაძევებულ იქნას ქალის ორგანიზმიდან - როგორც „უცხო სხეული“. მომავალი მამებისთვისაც აუცილებელია D ვიტამინი. მისი ნაკლებობა აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობას.
ახალი დამხმარე - კოენზიმ Q10
ეს ნივთიერება (ვიტამინების მონათესავე ნივთიერებაა), ყოველი უჯრედის შემადგენლობაში შედის და პასუხისმგებელია ენერგიის გამომუშავებასა და ნახშირორჟანგის ცვლაზე. სპერმატოზოიდის შიგნით კოენზიმ Q10 (უბიხინონი) კონცენტრირდება თავსა და კუდს შორის, უზრუნველყოფს ენერგიით, რის შედეგადაც სპერმატოზოიდი უფრო აქტიური ხდება. ასე რომ, თუ მამაკაცს დაქვეითებული აქვს სპერმატოზოიდის აქტივობა, აუცილებელია კოენზიმ Q10-ის მიღება. კოენზიმ Q10 ასევე აუცილებელია „ხანდაზმული" დედებისთვის, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ კვერცხუჯრედის სიბერე - ნივთიერება მათ ეხმარება კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებაში და ჩასახვის შანსიც იმატებს.
რამდენი ახალი ფაქტიც არ უნდა აღმოაჩინონ მეცნიერებმა, ყველაზე მთავარია, რომ ორსულობა დადგეს უპრობლემოდ, ბავშვი კი დაიბადოს ჯანმრთელი. სჯობს ორსულობა დაიგეგმოს წინასწარ. სწორედ ამის შესახებ ახსენებენ მომავალ მშობლებს გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და პედიატრები.