ძალიან ცოტამ თუ იცის სოდის შესაძლებლობები სილამაზის სამსახურში საჭმელი სოდა ბევრ დაავადებასა და პრობლემას შველის. შეუცვლელია სამზარეულოშიც, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი შესაძლებლობები სილამაზის სამსახურში. გთავაზობთ სოდის აბაზანების რეცეპტს, რომელიც ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას.
სამწუხაროდ, მშობიარობის შემდეგ ცელულიტი ბევრი დედისთვის ნაცნობი პრობლემა ხდება. სანამ ეს პროცესი შორს წავა და ფართო ზედაპირზე გავრცელდება, სჯობს ხელი შეუწყოთ მის შეჩერებას. თავდაპირველად მოამზადეთ აბაზანისთვის საჭირო ნარევი. მას ქილაში სააბაზანო ოთახშივე შეინახავთ და კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენებთ.
ერთი პროცედურისთვის აიღეთ 2 სუფრის კოვზი სოდა, ამდენივე ზღვის ან ჩვეულებრივი სუფრის მარილი, ერთი წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი. ჩაასხით აბაზანაში უშუალოდ ჩასვლის წინ. ზეთის რაოდენობა გემოვნებისა და სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გაზარდოთ. ეს ნარევი ამშვიდებს, განდევნის შლაკებსა და ტოქსინებს. კანს ხავერდოვანსა და მკვრივს ხდის. რაც მთავარია, ამ აბაზანის შემდეგ ცელულიტის განვითარების პროცესი ფერხდება. ეფექტი რომ უფრო თვალშისაცემი იყოს, პრობლემური ადგილები აბაზანაშივე სამასაჟე ჯაგრისით დაიმუშავეთ. მასაჟისთვის გამოგადგებათ მკვრივი აბაზანის ღრუბელიც და გორგოლაჭებიანი მასაჟორიც.
15-20-წუთიანი აბაზანის შემდეგ გადაივლეთ შხაპი და დასაძინებლად დაწექით.