ჩემი შემთხვევა მინდა, ძლიან ბევრმა ქალმა გაიგოს ზოგჯერ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გამოცდილება სხვებისთვის მეტად გამოსადეგია, ვიდრე პროფესიონალთა ოფიციალური რეკომენდაციები. ამიტომ ვფიქრობთ, ბევრისთვის საინტერესო იქნება ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის შემთხვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ თმის საღებავით მოიწამლა.
"ჩემი შემთხვევა მინდა, ძლიან ბევრმა ქალმა გაიგოს. დღეს ხომ ვერ ნახავთ ქალს, რომელიც თმას არ იღებავდეს. ისეთებიც ბევრია, რომლებიც სახლში იტარებენ ამ პროცედურას.
მოკლედ, შევიძინე საღებავი, რომელიც ადრეც არაერთხელ უპრობლემოდ გამომიყენებია და ისეთი ცნობილი ბრენდია, ალბათ ასიათასობით ქალი იყენებს.
ჩვეულებრივ დავიწყე შეღებვა, მაგრამ პირველად შევიღებე აბაზანაში - პატარა დახურულ სივრცეში, რომელსაც მეტალოპლასტმასის კარი აქვს (აქამდე ოთახში ვიღებავდი ხოლმე). პროცესის დროს დავაფიქსირე, რომ მისი საკმაოდ ნაცნობი სუნი ძალიან შემაწუხებელი გახდა. თავი შეუძლოდაც ვიგრძენი და უკვე დავაფიქსირე, რომ ეს ყველაფერი ჩაკეტილი სივრცის ბრალი იყო. თმა შევიხვიე, კარი გამოვაღე და სუფთა ჰაერზე გავედი. თუმცა სიმპტომებმა - თვალების აჭრელებამ, გულის წასვლის შეგრძნებამ და სისუსტემ არ გამიარა. შევცდი, რომ მაშინვე არ ჩამოვიბანე საღებავი, ვიფიქრე, პირველად ხომ არ ვიღებავ, ალერგიას არ მომცემდა, უბრალოდ სუნმა იმოქმედა და გამივლის-მეთქი. უკეთესობა რომ არ დამეტყო, 20 წუთში ჩამოვიბანე. ამ დროის განმავლობაში მძაფრ სუნს ისევ ვგრძნობდი.
ერთი სიტყვით, დაბანის მიუხედავად, ჰაერის უკმარისობა, გულის საშინელი აჩქარება, ნერვული აღგზნება, რის გამოც მთელი ღამე ერთი წუთითაც არ მძინებია, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დაერთო ფაღარათი და გულისრევის შეგრძნება... ერთი სიტყვით, კოშმარული ღამე გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა და ეს მხოლოდ თმის საღებავის გამო. ვინაიდან სუნთქვის გაძნელება და გაორებები არ მქონდა, ექიმთან აღარ წავედი.
მინდა გირჩიოთ: ვინ იცის, რა ნივთიერებებია ამ საღებავებში. დღეს ვეღარც ეტიკეტს ენდობი და მით უმეტეს, ვერც რეკლამას. ამიტომ სიფრთხილის ელემენტარულ ზომასაც კი დიდი მნიშვნელობა ჰქონია. თუნდაც ათასმეერთედ ისვამდეთ ერთ კონკრეტულ საღებავს, თუ თავი შეუძლოდ იგრძენით ან განსხვავებული სუნი შეატყვეთ, აუცილებლად მოიშორეთ. ასევე მოერიდეთ ჰაერგაუმტარ სივცეში მის წასმას. მოწამვლა შესუნთქული ნივთიერებებით არნაკლებ საშიში და უსიამოვნოა."
რედაქციისგან: ვინაიდან მოყვანილი შემთხვევა მხოლოდ მკითხველის ნაამბობს ეყრდნობა და მას არ ახლავს არანაირი სამედიცინო დასკვნა, საღებავის დასახელებისგან თავს ვიკავებთ. ეს ქალბატონი რომ მისულიყო ექიმთან და მას ინტოქსიკაცია დაედასტურებინა, უფრო თამამად დავასახელებდით ბრენდს. მკითხველებს რომ უკმარისობის გრძნობა არ დარჩეთ, საღებავის ერთ მახასიათერბელს დავაფიქსირებთ - ბრენდი ყველასთვის ცნობილია, როგორც მარკეტებსა და აფთიაქებში ვნახეთ, მისი ფასი საშუალოა. არის მასზე იაფი და ძვირი საღებავებიც. თუმცა არც ეს არის ახალი ამბავი, რომ საღებავი მოწამვლას იწვევს. ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. არის ალერგიის შემთხვევებიც და ზუსტად ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე.
P.S. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც სილამაზის სალონში მუშაობს: "სალონში ვმუშაობ და ხშირად მინახავს მსგავსი შემთხვევები. ყოფილა შემთხვევა, კლიენტი სხვა კლიენტის საღებავის სუნზე ცუდად გამხდარა და სასწრაფოც გამოგვიძახია. იყო ისეთი შემთხვევაც, კლიენტს დაემართა სასუნთქი გზების სპაზმი და რეანიმაციაში გადაიყვანეს. ნებისმიერმა ფასიანმა საღებავმა შეიძლება გამოიწვიოს, და ასევე არავინ მოგატყუოთ, რომ საღებავი მცენარეულია, არ დაიჯეროთ, მცენარეული საღებავი არ არსებობს!"