ფსიქოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე და რჩევები მშობლებს რა აწუხებთ მოზარდებს, რა პრობლემებს ხედავენ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგები ამ ასაკში, რატომ იმრავლა სუიციდებმა, რა აღელვებთ თინეიჯერების მშობლებს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ფსიქოლოგი ანა მურვანიძე გვესაუბრება, რომელსაც ფსიქოლოგად მოღვაწეობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ანა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ფსიქოლოგია და როგორც ამ სივრცეში მომუშავე ადამიანმა, გაცილებით უკეთ იცის, რა პრობლემებია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემები.
- სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ფსიქოლოგებს აქტიური მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. მშობლები ნელ-ნელა იწყებენ იმ აზრთან შეგუებას, რომ არსებობს ასეთი პროფესია და შეიძლება, მას მიმართო სხვადასხვა საკითხზე. საქართველოში გაცილებით უფრო "ამართლებს" მეგობრებთან კონსულტაცია. თუმცა, როგორ რჩევას მოგცემს მეგობარი, რომელიც, რასაკვირველია, ვერ იქნება კომპეტენტური ყველა საკითხში, ეს სხვა საქმეა. ასევე აქტიურია მოძღვრის ინსტიტუტი - მოძღვარს ასევე ბევრი მიმართავს ფსიქოლოგიური პრობლემების დროს. ალბათ თანდათან უნდა დამკვიდრდეს ეს კულტურა, ფსიქოლოგთან ურთიერთობის.
რატომღაც ვიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას, რომ ერთმანეთს აუცილებლად უნდა მივცეთ რჩევა, დავუსახოთ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზა. ეს რჩევები ხომ შორს არის პროფესიონალის რჩევებისგან. ფსიქოლოგიის სკოლა ახლა და ახლა ვითარდება, მით უფრო ბავშვთა ფსიქოლოგია. ქართულ საზოგადოებას სჭირდება ფსიქოლოგიური განათლება, გვჭირდება ვიცოდეთ, რა განაპირობებს ადამიანის ქცევას, რა წინაპირობა აქვს ნებისმიერ ჟესტს. უზნაძის სამშობლო ვართ და ვფიქრობ, ცოტა მეტი მოგვეთხოვება.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს ხვდებით ბავშვებში?
- ვერ პულობენ ადგილს საზოგადოებაში, საკუთარ თავში იკეტებიან. განსაკუთრებით, ე.წ. თინეიჯერულ ასაკში და სამწუხაროდ, ხშირია ამ მიზეზით განპირობებული სუიციდებიც. ყოველთვის ყველაზე პრობლემატური იყო გარდატეხის ასაკი, თუმცა ამ ასაკის ზღვარმა დაიწია და სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემას ვეჩეხებით უფრო მცირე ასაკის ბავშვებშიც.
მოზარდები საზოგადოებაში ადგილს ვერ პოულობენ, ამას ხელს უწყობს ფსიქოლოგიური არამდგრადობა, გარემო პირობები, სახელმწიფოს მიდგომა, განათლების პრობლემა და უფროსებთან კონტაქტის არქონა. უფროსებში ვგულისხმობ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, რომლებსაც ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვს მხოლოდ კარგი სწავლა, კარგი ჭამა-სმა თუ ჩაცმა არ სჭირდება. მთავარია მისი გაგება, მოსმენა.
- ალბათ პირველ რიგში ოჯახებიდან მოდის ეს პრობლემა, არ უსმენენ ბავშვს და არ ესმით მათი?
- ყოფითმა პრობლემებმა, სოციალურმა მდგომარეობამ ძალიან გამოფიტა მშობლის ინსტიტუტი. მშობლებს აღარ სცალიათ ბავშვების მოსასმენად. სხვათა შორის, ეს პრობლემა გლობალურია და ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ამერიკაში. იქ მშობლები მანქანებივით არიან, ყველაფერი ავტომატივით აწყობილია და არ სცალიათ შვილებისთვის, მათ მოსასმენად, მათთან სასაუბროდ... თუმცა მათ გამოსავალი იპოვეს ფსიქოლოგებთან ურთიერთობაში, ამერიკაში ახლა შემოიღეს ფსიქოლოგის კულტი. ფსიქოლოგს უხდიან თანხას იმაში, რომ მათ შვილს მოუსმინოს და დაეხმაროს ამა თუ იმ სირთულის დაძლევაში. ეს ერთი მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, თუმცა მეორე მხრივ, ეს ერთ-ერთი სწორი გამოსავალია, როცა სხვა გზა არ არის და მშობელი ვერ ახერხებს თავის გამოთავისუფლებას ყოველდღიური რუტინისგან.
- საქართველოში ფსიქოლოგის მომსახურების დამკვიდრებას ფასებიც უშლის ხელს - საკმაოდ ძვირი ჯდება მომსახურება...
- დიახ, ძვირი ჯდება და მე მიმაჩნია, რომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ნებისმიერ ბავშვს თუ მშობელს ჰქონდეს ფსიქოლოგთან კონსულტაციის საშუალება, მეტიც - მომატებულ სუიციდის ფონზე კარგი იქნებოდა, რომ კვირაში ერთი საათით მაინც ფსიქოლოგი ყველა კლასში შედიოდეს და აქტიური ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვებთან.
გარდა ამისა მასწავლებლებს გარკვეული ტრენინგები უნდა უტარდებოდეთ, სანამ სკოლებში შევლენ. ბევრ მასწავლებელს თავად სჭირდება განათლების და კულტურის ამაღლება ფსიქოლოგიურ საკითხებში, ტრენინგი, რომ მოემზადოს ახალ თაობასთან საურთიერთოდ და არ დაუშვას სავალალო შეცდომები.
საერთოდ, მასწავლებლის სტატუსი ძალიან რთული რამ არის. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს ბავშვს, უნდა ჰქონდეს ბავშვთან მუშაობის, მოსმენის, რიგითობის კულტურა. ყველაზე მთავარი მოვლენაა მოსმენა. ბავშვს უნდა მოუსმინო, მისგანაც გაიგო საყვედური და შენიშვნა. ქებას ყველა სიამოვნებით უსმენს.
- ვთქვათ, ჩემს შვილს აქვს პრობლემა, შემიძლია სკოლაში მოვითხოვო ფსიქოლოგი?
- თუ ნამდვილად არის პრობლემა, შეგიძლიათ მოითხოვოთ, თუმცა ყველა სკოლას არ ჰყავს მოქმედი და კომპეტენტური ფსიქოლოგი, რომელიც მომსახურებას გაგიწევთ. თუ მედიკამენტური თერაპია დასჭირდება, ბუნებრივია, უკვე ეს ხდება სკოლის მიღმა. სკოლაში ძირითადად სკოლის პრობლემატიკით შემოვიფარგლებით.
სკოლაში ფსიქოლოგის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ სკოლის კედლებში არსებული პრობლემებით (როგორც გავარკვიეთ, საჯარო სკოლებში არსებობს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი. მასწავლებლის მიმართვის საფუძველზე, ნებისმიერი პრობლემის მქონე ბავშვს საჭირო დროით, ანაზღაურების გარეშე ემსახურებიან კვალიფიციური ფსიქოლოგები - ავტ.).
- ძირითადად რა ოჯახური პრობლემებია და რა პრობლემებია თანატოლებს შორის?
- ფინანსური პრობლემები აუცილებლად აისახება შვილებზე - მშობლები მთლიანად გადართულები არიან სარჩო-საბადებლის შოვნაზე და ამ დროს ბავშვთან კონტაქტი იკარგება. გარდა ამისა, გაჭირვება, ის, რომ რაღაცები, რაც თანატოლებს აქვთ, მოზარდისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ასევე პრობლემაა. რაც შეეხება თანატოლებს შორის პრობლემებს, მთავარი პრობლემაა სხვებთან შედარებაა, რაც უფრო გოგონებშია აქტუალური. ხდება სოციალურ კატეგორიებად დაყოფა. განათლებამ დაკარგა აქტუალობა და წინა პლანზე წამოიწია ფინანსურმა და გარეგნულმა მხარეებმა. წარუმატებლობის და კრახის განცდას თან სდევს ხშირად სრულიად არასწორი, რადიკალური გადაწყვეტილებები - სუიციდის ჩათვლით.
- ხომ არ უწყობს ხელს სუიციდებს მათი აქტიურად გაშუქებაც?
- ძალიან დიდია ინფორმაციისადმი წვდომა, ბავშვებს კი უჭირთ ამ ყველაფრის აღქმა და გააზრება. მაგალითად, მაია ასათიანის გადაცემამ წელს მკვეთრად შეიცვალა პროფილი, მიმართულება და სოციალური პრობლემატიკა მეტისმეტად წინ წამოვიდა, ოღონდ არც ისე დადებითი კუთხით. ეს გადაცემა ფსიქოლოგიური სტრესის მქონე გახდა. წარმოიდგინეთ, ამ გადაცემას უყურებენ ან ადამიანები, ვისაც პროფესიულად აინტერესებს ეს საკითხები, ან ზუსტად ის კონტიგენტი, ვინც თავად განიცდის მასში განხილულ პრობლემებს. მათ კიდევ მეტად უმძაფრდებათ საკუთარი სიდუხჭირის თუ სხვა პრობლემების განცდა, დახმარების ნაცვლად, ეს მათ მეტ სტრესში აგდებს... ვფიქრობ, ტელევიზიებში უნდა მუშაობდეს პროფესიონალთა ჯგუფი. უწევდნენ მონიტორინგს გადაცემებს, რათა პოზიტივის მომტანი უფრო იყოს, ვიდრე ნეგატივის. პოზიტივის პროპაგანდა უფრო უნდა მოდიოდეს, ვიდრე ნეგატივის...
ძალიან დიდ პროტესტს იწვევს ჩემში როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი ძალადობა. სკოლებში დახვეწილი ცინიზმის დონეზეა აყვანილი მოძალადეობა.
საერთოდ, ბოლო დროს ყველაფერმა დაკარგა ფასი, აღარ არის ავტორიტეტები, ფასეულობები, ყველაფერი გაუფასურდა. როცა ადამიანს არ ჰყავს ავტორიტეტი, როცა მისთვის არ არსებობს არაფერი ფასეული, ღირებული, მისთვის ეს კიდევ ერთი სერიოზული სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემაა.
ყველაფერს დავცინით და ირონიულად ვუყურებთ, აღარაფერია ხელშეუხებელი და ძვირფასი. კომედიურმა გადაცემებმაც ძალიან ბევრი ღირებული თემა აქცია სიცილის საგნად. ადამიანურმა ღირებულებებმაც დაკარგა სახე...
- ამბობენ, რომ დღეს ბავშვებს მეტისმეტად იშვიათად ვეუბნებთ "არას", ყველაფერს ვუსრულებთ და როცა ერთ დღესაც წინააღმდეგობას ეჩეხებიან, უჭირთ მასთან შებრძოლება და უსუსურები ხდებიან... ხშირად ამასაც ასახელებენ მომატებული თვითმკვლელობების მიზეზად...
- ბავშვი უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, უნდა დავეხმაროთ, რომ ჩამოყალიბდეს მოქალაქედ. მოქალაქე სკოლამ უნდა გაზარდოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობის დაძლევის უნარი, ეს უნდა ასწავლოს მშობელმა, ოჯახმა, გარემომ და სკოლამ. მან უნდა იცოდეს პატარაობიდან, რომ ყველაფერი არ არის ნებადართული და არსებობს რაღაცები, რაც არ შეიძლება. ჟან ჟაკ რუსო ამბობდა: "ადამიანის უბედურების საწყისი საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების არათანხვედრაშია". თუ ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, გავაცნობიეროთ რისი ძალა, საშუალება გვაქვს და რისი არა, ბუნებრივია, მიიღწევა ბედნიერება.
საერთოდ, ამ თაობის მოზარდებს აქვთ ძალიან დადებითი რამ - მოტივაცია, სურთ, იყვნენ განათლებულები, წარმატებულები, ამჩნევენ, რომ წარმატება განათლების გარეშე არ მიიღწევა. და როცა ეს აქვთ გააზრებული, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მშობლებმა ეს მოტივაცია და ყველანაირი სიკეთე უნდა დაანახონ ბავშვებს და ასწავლონ ასევე თავიანთი მოვალეობები.
თუმცა ამ თაობას აქვს ასევე მანკიერი მხარეც, რომ მათი სურვილები დაუძლეველია. ყოველთვის რაღაც უნდათ, უნდათ ყველაფერი ბევრი, არის სიხარბის, დაუკმაყოფილებლობის მომენტები.
ეს ბავშვები სტრესების ეპოქაში არიან დაბადებული და მუცლად ყოფნის პერიოდიდან სდევთ ეს სტრესები, ამიტომ არიან არა მხოლოდ ჰიპერაქტიურები, ასევე ჰიპერპასიურებიც. რატომღაც სულ ვამახვილებთ ყურადღებას ჰიპერაქტიურობაზე, მაგრამ ძალიან ბევრია ჰიპერპასიური, ე.წ. კუთხის ბავშვიც. მშობლებზე ბევრია დამოკიდებული, მათ უნდა წამოწიონ ბავშვები წინ, ჩააბან როგორც მიკრო, ასევე მაკრო სოციუმში. თუმცა ეს მზრუნველობაც არ უნდა იყოს ზღვარგადასული ჰიპერმზრუნველობა. ამანაც შეიძლება უკურეაქცია მოგვცეს. მშობელს უნდა შეეძლოს ოქროს შუალედის პოვნა.
- ახსენეთ ახალგაზრდების სწრაფვა წარმატებისკენ. ძალიან ხშირად წარმატება პირდაპირ ასოცირდება პოპულარობასთან, პოპულარობა კი ბევრი რამით მიიღწევა დღეს, სამწუხაროდ, და მისკენ მიმავალ მრავალ არც ისე ღირსეულ გზას ირჩევენ ხოლმე...
- ასეც ხდება, თუმცა საბედნიეროდ, არის ისეთი კონტიგენტიც, რომელსაც წარმატების მიღწევა ინტელექტუალური გზით სურთ. საერთოდ, როცა ბავშვი ისწრაფვის წარმატებისკენ, აუცილებლად აქტიურად უნდა ჩაერთოს მშობელი, დააფიქროს მოზარდი იმაზეც, თუ რას მოუტანს მას ეს წარმატება. მარტივი გზით მიღწეული პოპულარობა არის წამიერი და წუთიერი. მიღწეულს ხომ შენარჩუნება და გაზრდა უნდა. ადვილად მოპოვებულის ადვილად დაკარგვას კი ხშირად გაცილებით ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება.
რასაკვირველია, ძნელია ამ ქაოსში ზომიერების პოვნა და სწორი გზის პოვნა მოზარდისთვის თუ მისი მშობლისთვის, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მთავარს - მოვუსმინოთ ერთმანეთს და არ დაგვავიწყდეს ურთიერთობა, საუბარი, ყურადღება. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალურ საკითხებზე ზრუნვა.
P.S. თუ გექნებათ შეკითხვები ფსიქოლოგთან (მშობლებს ან მოზარდებს), შეგიძლიათ, კომენტარებში დაწეროთ და ქალბატონი ანა შეეცდება, პასუხი გაგცეთ.
ესაუბრა მერი ბლიაძე