სპეციალისტები 6 წლის ბავშვების დედებს მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოუწოდებენ სულ რამდენიმე დღეში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. ბევრი ბავშვი პირველად უნდა მიუჯდეს სასკოლო მერხს. სპეციალისტები ამ ბავშვების დედებს მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოუწოდებენ. აღმოჩნდა, რომ მომავალი პირველკლასელები სწავლის დაწყებამდე ძლიერ სტრესს განიცდიან.
"სანამ სკოლაში პირველად მივა, მომავალი პირველკლასელი შფოთავს" - ასეთ დასკვნას გვთავაზობენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც 6 წლის ბავშვების ემოციური მდგომარეობა სწავლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეისწავლეს. სკოლაში მისვლამდე რომ ბავშვი ღელავს, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ მკვლევარებს ის აშფოთებთ, რომ თანამედროვე ბავშვების სტრესი უფრო ძლიერია, ვიდრე ეს წინა თაობებში შეიმჩნეოდა.
6 წლის ბავშვების სისხლის ანალიზმა ორგანიზმში სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოავლინა. ანალიზი სამჯერ ჩატარდა - სწავლის დაწყებამდე 6 თვით ადრე, სწავლის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ და მერე ისევ 6 თვის შემდეგ. ყველაზე მოულოდნელი შედეგები პირველმა ანალიზმა აჩვენა - სპეციალისტებმა ის შეაფასეს, როგორც "ძალიან მაღალი".
"ეს მაჩვენებელი ბავშვების შფოთვის მარალი ხარისხით აიხსნება, მათზე მშობლების დაძაბულობაც მოქმედებს, რომლებიც თავადაც ღელავენ სკოლის არჩევაზე, იმაზეც, თუ როგორ შეეგუება ბავშვი სკოლას", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ამიტომ ფსიქოლოგები პირველკლასელთა მშობლებს ურჩევენ, გაითვალისწინონ ბავშვის მდგომარეობა და სახლში მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო შეუქმნან. ამით მას შიშის დაძლევაში დაეხმარებით. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი თვითონაც აჟიტირებულია ახალი სასწავლო წლით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ბავშვის შფოთვის დონეს. დრო მიეცით ბავშვს, თანდათან შეეგუოს ახალ გარემოს. პირველივე დღიდან მისგან ნამდვილ მოწაფეს ნუ გამოძერწავთ. გახსოვდეთ, ჯერ კიდევ გუშინ საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო.