მთავარი, რაც შეგიძლიათ შვილს მიუძღვნათ, არის ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება 1. მთავარი, რაც შეგიძლიათ შვილს მიუძღვნათ, არის ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება.
2. თქვენი დადებითი და მშვიდი განწყობა სკოლისა და მასწავლებლების მიმართ ბავშვს ადაპტაციის პერიოდს გაუადვილებს.
3. დაეხმარეთ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაში. ასე უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს ახალ სამყაროში თავს. განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი თანადგომა, თუ ბაღშიც არ უვლია. არ არის შეჩვეული, რომ უფროსის ყურადღება ბევრ ბავშვზე ნაწილდება. შეაქეთ ყოველი ახალი ურთიერთობისთვის, მოწონება გამოხატეთ მისი თანაკლასელების მიმართ. ასწავლეთ ახალი თამაშები, რათა მან ის თანატოლებს წარუდგინოს. მისი კლასელები შინ სახლში მიიპატიჟეთ, თუნდაც მხოლოდ წვენსა და ბუტერბროდებზე. ბავშვიც მიეჩვევა მასპინძლობას.
4. დაეხმარეთ, რომ ცხოვრების ახალ რეჟიმს შეეჩვიოს. სკოლას მხოლოდ ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც უნდა შეეწყოს. პირველკლასელი ბავშვების უმეტესობა ცხოვრებაში პირველად დგება დილის 8 საათზე, რომ 9-ზე სკოლაში მივიდეს. 3-6 საათის განმავლობაში სწავლის პროცესშია. 6 წლის ასაკში ასეთი დატვირთვა ლამის მოზრდილი ადამიანის დღის რეჟიმს უტოლდება. განსაკუთრებით მატულობს ნერვულ სისტემაზე ზეწოლა, იტვირთება ხერხემალი, გონება, სმენა. თუ აქამდე არ დაგიცავთ დღის რეჟიმი, ეცადეთ, თანდათან შეაჩვიოთ ბავშვი მას, რადგან სრულფასოვანი ძილი აუცილებელია. მიაჩვიეთ მოსწავლე, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოს.
ნუ აიძულებთ, სკოლიდან მოსვლისთანავე გაკვეთილებს მიუჯდეს. მას დასვენება სჭირდება, რათა მობილიზებული გონებით შეუდგეს მეცადინეობას. ტვინი დასვენების პერიოდს მიღებულის ცოდნის საიმედოდ "შენახვისთვის" იყენებს. ბავშვს უფროსივით სჭირდება სამუშაო დღის შემდეგ ცოტა განტვირთვა.
5. სასკოლო წარმატებების მიმართ მშობლების გონივრული დამოკიდებულება ბავშვს ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს. ზოგჯერ მშობლები ისე ჩასაფრებულნი არიან ნიშნებზე, რომ ბავშვი დღიურის მონა ხდება. წარმატება კარგია, მაგრამ ამის გარდა ბავშვს სხვა რამეც სჭირდება. პირველი კლასის მიღწევებით მისი მომავალი არ განისაზღვრება. პირველკლასელს ბევრი დაბრკოლება აქვს გადასალახი და ამაში ხელი უნდა შეუწყოთ. ხშირად შეაქეთ და გახსოვდეთ, ვერანაირი ნიშანი ბავშვის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ეცადეთ, რომ მისი პირველი სასკოლო ნაბიჯები ბავშვისთვის და მთელი ოჯახისთვის სიხარულის მომტანი იყოს.
იხილეთ აგრეთვე: როგორ მოვამზადებინოთ სასკოლო დავალებები ბავშვს სტრესის გარეშე