თუ თქვენი შვილი გთხოვთ ერთი და იმავე ზღაპრისა თუ მოთხრობის განმეორებით წაკითხვას, ეს ძალიან კარგია „დედა, წამიკითხე ზღაპარი კონკიაზე“... ალბათ მეასეჯერ... ვის არ მოუსმენია ასეთი თხოვნა თავისი პატარისგან. როდესაც უფროს გოგონას ვუკითხავდი ზღაპრებს, ვცდილობდი გადამეჩვია და ვთავაზობდი ახალ ზღაპარს, უფრო საინტერესოს. ვთვლიდი, რომ მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა ახალი ინფორმაციის მიღება. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბაღში, კედელზე წავიკითხე სტატია, სადაც ეწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბავშვისთვის საყვარელი ზღაპრის რამდენიმეჯერ წაკითხვა. ამიტომ თუ გინდათ, რომ თქვენს მიერ წაკითხულმა ზღაპარმა მაქსიმალური შედეგი მოუტანოს ბავშვის ინტელექტსა და ემოციურ განვითარებას, თქვენც წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგებთ, რომ...
თუ თქვენი შვილი გთხოვთ ერთი და იმავე ზღაპრისა თუ მოთხრობის განმეორებით წაკითხვას, ეს ძალიან კარგია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ ზღაპარმა ჰპოვა გამოხმაურება მის შინაგან სამყაროში. ალბათ თქვენც გაქვთ საყვარელი წიგნები თუ ფილმები, რომლის წაკითხვისა თუ ნახვის სურვილი არაერთხელ გაგჩენიათ.
ის, რომ პატარამ წინასწარ იცის, თუ რითი დამთავრდება ესა თუ ის ამბავი, მის ცნობიერში ფორმირდება რწმენა იმისა, რომ მიუხედავად ნებისმიერი სირთულისა, ყველაფერი კარგად დამთავრდება. არავინ დაობს იმაზე, რომ ოპტიმისტად ყოფნა უკეთესი და პროდუქტიულია, ვიდრე პესიმისტურად განწყობილი ადამიანისა. ამგვარად, ერთი და იგივე სცენარის რამდენიმეჯერ გამეორებით ბავშვი ხვდება, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. მაშინაც კი, თუ შეგჭამეს - მაინც გრჩება მეორე გზა...
როდესაც ბავშვს ზღაპარს უკითხავთ, იგი ფანტაზიის სამყაროში იმყოფება, თანაუგრძნობს ზღაპრის გმირს, ემოციურად იღებს ყველა მის თავგადასავალს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პატარას ნერვული სისტემა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მას ესაჭიროება უფრო მეტი დრო, რათა „გააფორმოს“ და მიიღოს საკუთარი გრძნობა და ემოცია. ასე ნელ-ნელა ბავშვი თავის „ცხოვრებისეულ ყულაბაში“ დააგროვებს რამდენიმე უკვე ფორმირებულ ემოციას.
გამოიყენეთ განმეორებითი კითხვა ბავშვის მეტყველების გასავითარებლად. ერთი და იგივე სიტყვების ხშირი გამოყენებით მდიდრდება ბავშვის სიტყვათა მარაგი. ასევე ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად წაკითხვით, თქვენ აუმჯობესებთ მის მეტყველებას. რას ნიშნავს „სხვადასხვაგვრად“ წაკითხვა? მას შემდეგ, რაც პირველად და მეორედ წაუკითხეთ ნელა და გასაგებად - მიხვდით, რომ მან კარგად გაიგო შინაარსი, მესამეჯერ და შემდგომ იგივე ტექსტი წაუკითხეთ უფრო სწრაფად. ამით მიაჩვევთ ბავშვს სმენითი ინფორმაციის აღქმას.
კიდევ ერთი მეთოდი წიგნთან მუშაობისა - კითხვის პროცესში პერიოდულად შეჩერდით და ჰკითხეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდგომ? ამ მეთოდით ავარჯიშებთ ბავშვის მეხსიერებას.
განმეორებითი კითხვა გამოიყენეთ ბავშვის წარმოსახვის და შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად:
კითხვის დროს შეჩერდით და შესთავაზეთ, თვითონ მოიგონოს გაგრძელება. დაეხმარეთ მას ახალი ზღაპრის შექმნაში. შეიძლება პატარას მოეწონოს ასეთი თამაში დედასთან ერთად და გააგრძელოს ზღაპარი უკვე - „იყო და არა იყო რას" შემდეგ.
წიგნთან ურთიერთობის კიდევ ერთი მეთოდი ზღაპარში არსებული ნახატების განხილვაა. მოაყოლეთ ბავშვს თუ რას ხედავს სურათზე, რას საქმიანობს ზღაპრის გმირი, რომელ ეპიზოდს შეესაბამება ესა თუ ის ილუსტრაცია. ნახატები შეიძლება გამოიყენოთ ასევე ახალი ზღაპრის შესაქმნელად.