საქართველოში ქალთა უმრავლესობა დანევროზებულია, პრობლემები აქვთ, ქმრები უშლიან ნერვებს და ბავშვზე გადააქვთ უარყოფითი ემოციები... ბავშვებზე ძალადობა ყველა დროში იყო და ალბათ იქნება კიდეც. ზოგიერთი ამას ყოველდღიურად სჩადის, ისე, რომ ვერც აცნობიერებს, ზოგს ჩვევაში აქვს ბავშვის "წამორტყმა", ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ძალადობა, რათა ბავშვი დაიმორჩილოს, "მოარჯულოს" და ა.შ. საუბარია ძალადობაზე, რომელსაც მშობლები მიმართავენ და ხშირად ამართლებენ კიდეც. ხშირად ქუჩაშიც გვინახავს, საკმაოდ უხეში ურთიერთობები შვილთან, ცემის ფაქტებიც კი. ხანდახან ბავშვი არც არის დამნაშავე, მშობელი უბრალოდ "განერვიულებულია", "ცუდ ხასიათზეა" და ბავშვზე, სუსტსა და უსუსურ არსებაზე იყრის ჯავრს...
არადა, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ყველაზე ურჩ და "თავხედ" ბავშვებსაც კი აქვთ გასაღები და მშვიდი საუბრით, სწორი ქცევით, სითბოთი და ყურადღებით სავსებით შესაძლებელია ბავშვთან ურთიერთობა.
ამ თემაზე ცნობილ დედებს – ნანიკო ხაზარაძესა და თათია სულუაშვილს ვესაუბრეთ. ვკითხეთ, რა მოთხოვნები აქვთ შვილებთან მიმართებაში და როგორ უმკლავდებიან მათ ამოჩემებას თუ ურჩობებს...
თათია სულუაშვილი: "არ მომწონს, როცა ბავშვს თავისუფლება უზრდელობაში გადასდის"
- ჩემი და ჩემი შვილი კონფლიქტის თემა, ძირითადად მისი სიჯიუტეა, მაგრამ ჩემი დასჯის მეთოდი მაქვს. ზოგ დედას ახასიათებს კუთხეში დაყენება, დაყვირება, ცემა... ჩემ შემთხვევაში ხელით შეხება გამორიცხულია, ყვირილიც არ შემიძლია, უბრალოდ არ ვუსრულებ იმ სურვილებს, რაც უნდა, თან ვეუბნები, რადგან შენ გული მატკინე, მე ამ სურვილს არ შეგისრულებ-მეთქი. ამას წინათ საღებავები მთხოვა და ვუყიდე, ოღონდ მანამდე გავაფრთხილე, გიყიდი იმ შემთხვევაში, თუსახლში კარგად მოიქცევი და დამიჯერებ-მეთქი, ორივემ შევასრულეთ დადებული პირობა.
- ანუ წახალისების მეთოდი გაქვს შემუშავებული...
- კი. ზოგი დედა მდგომარეობიდან გამოდის და ხელებში ურტყამს ბავშვს, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუ ვერ იგებს, ვუხსნი, ვესაუბრები და იგებს ნალაპარაკევს. საკმაოდ პატარაა, ჯერ ბაღში დადის, მაგრამ საუბარი ესმის.
- შენი აზრით, ფიზიკურად რატომ ძალადობენ შვილზე?
- თუ დედა სულიერად ჯანმრთელია, შვილს არ უნდა დაარტყას და ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს საჭირო, მაგრამ ქალთა უმრავლესობა საქართველოში დანევროზებულია, პრობლმები აქვთ, ქმრები უშლიან ნერვებს და ბავშვზე გადააქვთ უარყოფითი ემოციები. ბევრისგან გამიგია, რომ ნევრებმოშლილები ბავშვებს ერჩიან. როგორ შეიძლება, 4 წლის ბავშვზე იძალადო, როგორი პრობლემაც არ უნდა გქონდეს, მაშინ როცა, რაც უფრო მშვიდად ესაუბრები და უხსნი ბავშვს, მით უფრო დამყოლი ხდება. თუ ბავშვს ნერვული პრობლემები აქვს და ძნელად დასამორჩილებელია, მასზე ძალადობა ხომ უარესი შედეგის მომტანია?!
- თათია, შენი გმირი, "ჭამე, ნოდარის" დედა რა მოვლენაა? ნევროზიანი ქალია და ამიტომ ურტყამს შვილს?
- "ჭამე, ნოდარის" დედა ცოტა სხვა თემაა, ქმარი გაშორდა, მარტო დარჩა ბავშვთან ერთად, მიიღო სტრესი და ამის გამოა ასეთ დღეში, დაბრიყვებული ჰყავს შვილი. მაგრამ ბიჭი უგებს, ალბათ იმტომ, რომ დიდია უკვე, მაგრამ სადამდე მოუთმენს, არ ვიცი.
- რეალურად რამდენად მკაცრი ხარ შვილთან მიმართებაში?
- მკაცრი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ სურვილსაც ვუსრულებ, რასაც მთხოვს, ვყიდულობ. მაგრამ არ მიყვარს თავხედი, უზრდელი, ზედმეტად ტლიკინა ბავშვები. როცა სტუმრები, მეგობრები მოდიან, ვცდილობ ჩემთან არ იყოს და უფროსების საუბარს არ უსმინოს, ვეუბნები, რომ გავიდეს და სხვა ოთახში ითამაშოს. სხვათა შორის, მიჯერებს. არ მომწონს, როცა უფროსების საუბარში ერევა, უყურებს თუნდაც უმნიშვნელო კონფლიქტს და ა.შ. ზოგ დედას სულ სხვანაირი მიდგომა აქვს, ოღონდ ბავშვი იმ წუთას იყოს კარგად და ყველაფრის უფლებას აძლევს, შეიძლება ბავშვმა მშობელს თავზეც კი გადაუაროს, რაც ჩემთვის ყოვლად დაუშვებელია. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, არ მომწონს, როცა ბავშვს თავისუფლება უზრდელობაში გადასდის, ბავშვი უნდა იყოს ცელქი, მაგრამ არა უზრდელი. ვცდილობ, კარგად აღვზარდო შვილი და მგონი გამომდის.
- ზოგჯერ ბავშვებს აქვთ ამოჩემებები, ასეთ შემთხვევებში როგორ იქცევი?
- მისი ამოჩემებაა ის, რომ კაბა, ბალერინას "პაჩკა" უნდა ჩაიცვას ყოველ დილას. მთელი ზაფხული ფერების მიხედვით ეცვა ეს "პაჩკა", მაგრამ ახლა კიდევ უნდა. დილას იწყებს ტირილით, მაგრამ არ ვაცმევ მის მიერ ამოჩემებულ კაბას, არ ვაძლევ უფლებას თავისი გაიტანოს, თან აცივდა უკვე და ვუხსნი, ვესაუბრები. ხვდება, მერე თვითონ მეკითხება, შემოდგომაა, ხეებს ფოთლები დასცვივდა, ცივა და პაჩკა არ უნდა ჩავიცვა, ჰო?! საუბრის შედეგად ვაღწევთ მიზანს.
- როგორც ვიცი, მეორე შვილს ელოდები...
- კი, მალე, ერთ თვეში ველოდები.
- სქესი იცი?
- კი, მაგრამ მოდი, ერთ თვეში გაგიმხელთ.
ნანიკო ხაზარაძე: "ჩემსა და ჩემს შვილს შორის აკრძალვითი ფორმები არ არსებობს"
- რას უკრძალავ შვილს და რასთან მიმართებაში გაქვს კატეგორიული მოთხოვნები?
- ჩემსა და ჩემს შვილს შორის აკრძალვითი ფორმები არ არსებობს, ვსაუბრობთ, ვუხსნი, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამა თუ იმ ქმედებამ, შემდეგ კი თავად უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს და რას არა. ყველაფერი ხდება საუბრით.
- სიმკაცრეს იჩენ შვილთან?
- სიმკაცრე ალბათ ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობის კანონები, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება უზრდელად მივმართოთ ერთმანეთს, არ უნდა ვიყოთ ფამილარულები, არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი, რასაც შევპირდებით, აუცილებლად უნდა შევუსრულოთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ერთმანეთს და ა.შ. გვაქვს კანონები, რასაც მეტ-ნაკლებად ორივე ვასრულებთ.
- რა ხერხს უნდა მიმართოს მშობელმა, როცა ბავშვი ეურჩება?
- ჩემს შვილთან ურთიერთობის შედეგად ერთ რამეს მივხვდი, არ არსებობს თემა, რომელიც ბავშვს არ ესმის, თუკი არ დაეზარება მშობელს, დაჯდება, დეტალურად უამბობს ყველაფერს ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, ის აუცილებლად გაიგებს. დელიკატური თემებიც კი გასაგები გახდება პატარებისთვის, თუ აუხსნით მათთვის გასაგებ ენაზე, ბავშვებს ყველაფერი კარგად ესმით. თუკი ჯიბრზე აკეთებს, ესე იგი დიდი პრობლემა აქვს, და მშობელმა უნდა გამოიკვლიოს, რას აპროტესტებს. ვფიქრობ, ჯანსაღი საუბარი, როგორც თანატოლთან, ყველაზე კარგი მეთოდია ბავშვთან მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად. მაგალითად, ხშირად ეუბნებიან ბავშვებს, "შტეფსელში" არ შეყო თითიო, მაგრამ ძირითადად არავინ უხსნის, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს, ამიტომ ბავშვი ცდილობს გაიმეოროს იგივე, იმიტომ, რომ მან არ იცის რა შეიძლება ამას მოჰყვეს. რომ არ დაგეზარება და აუხსნი, დედიკო, ამისგან შენ შეიძლება დენმა დაგარტყას, რისგანაც აგაკანკალებს, გეტკინება, შეიძლება წაგივიდეს გული და ა.შ... ეს იფორმაცია მის ტვინში დაიწყებს მოხარშვას და შემდეგ როგორც კი ხელს მიიტანს "შტეფსელთან", აუცილებლად გაახსენდება არაერთხელ მოყოლილი ერთი და იგივე ამბავი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, იქ ხელის შეყოფით. უბრალოდ პერმანენტულად უნდა ესაუბროთ, ერთხელ ნათქვამი შეიძლება ვერ ან არ გაიგოს.
- რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, აქვს ამას რაიმე გამართლება?
- სამწუხაროდ არსებობს ასეთი ფაქტები, ქუჩაშიც მინახავს მსგავსი რამ, რაც ღუპავს ბავშვს და ასევე შვილისა და მშობლის ურთიერთობას, გაუცხოებამდეც კი მიდიან. ასეთ შემთხვევაში მშობელმა უნდა გაიაროს თერაპია, უნდა ისწავლოს ბავშვთან ურთიერთობის წესები და შემდეგ გააგრძელოს მშობლის მოვალეობის შესრულება. ყველა ბავშვს აქვს თავისი გასაღები, სუსტი წერტილი, საყვარელი რაღაც, რითიც ტკბილად შეგიძლია გააკეთებინო, რაც გინდა. უფროსებს ხომ მოწიწებით ვესაუბრებით? პატარებმა რით ვერ დაიმსახურეს მოწიწებით მოპყრობა? ამას ვერ ვხვდები. ბავშვს, როგორც მეგობარს აუხსენით ყველაფერი და ის აუცილებლად გაიგებს.
ციცი ომანიძე