5 წლის შემდეგ საჭიროა ზომიერი სიმკაცრე და მეტი დამოუკიდებლობის მიცემა პირველი პერიოდი - 5 წლამდე
5 წლამდე ვითარდება აქტიურობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებისადმი ინტერესი. აკრძალვებისა და დასჯის ნაცვლად, დააინტერესეთ, გაართეთ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვს ცემენ - ისინი პასუხს ვერ უბრუნებენ. თუ ბავშვი რაიმე საშიშს აკეთებს, შეშინებული სახე მიიღეთ და ასეთივე შორისდებული დაურთეთ. ბავშვს ეს ენა მშვენივრად ესმის. თუ 5 წლამდე ბავშვს დათრგუნავთ, ცხოვრებისეულ აქტივობას, ცხოვრების ინტერესს, ინტელექტს, იმუნიტეტს დაუქვეითებთ. მიაჩვევთ, დაუფიქრებლად დაემორჩილოს უხეშ ძალას. იოლ მსხვერპლად აქცევთ სხვადასხვა სახის ნაძირლებისთვის. სხვათა შორის, იაპონელების ცნობილი აღზრდის მეთოდის თანახმად, ბავშვებს 6 წლამდე მეფესავით ზრდიან, მერე კი - ძალიან მკაცრად და დიდი დისციპლინით.
5-დან 10 წლამდე
ეს პერიოდი ცხოვრების წესების შესწავლისა და დამორჩილების პერიოდია. ამ დროს აქტიურად ვითარდება ბავშვის ლოგიკა და ინტელექტი. უნდა ისწავლოს მის ქმედებებზე ადამიანების რეაქციის პროგნოზირება, საკუთარი თავის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოწვევა და უარყოფითისთვის თავის არიდება. ამ დროს არ არის საშიში ბავშვის ცოდნით დატვირთვა, ოღონდაც - ზომიერად და მისი ძალებისა და ინტერესების გათვალისწინებით. უნდა დაუსახოთ ამოცანები და მოითხოვოთ მათი შესრულება. 5 წლის შემდეგ საჭიროა ზომიერი სიმკაცრე და მეტი დამოუკიდებლობის მიცემა. ასწავლეთ პასუხისმგებლობა, მიეცით მეტი თავისუფლება სასკოლო თუ მეგობრებთან გადაწყვეტილებების მიღების დროს. თუ მეტისმეტ მეურვეობას გაუწევთ, ბავშვი ინფანტილური, შრომისთვის უუნარო გაიზრდება.
10-დან 15 წლამდე
10 წლის შემდეგ ბავშვთან მეტად იმეგობრეთ. ჰკითხეთ რჩევები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მიეცით შესაძლებლობა, იგრძნოს, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს. წაახალისეთ მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. თუ რაღაც არ მოგწონთ, აქცენტი გადაიტანეთ ნეგატიურ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მის არასწორ საქციელს. არ არის საჭირო პირდაპირი და უპირობო აკრძალვები. ყველაფერზე ჯობს წყნარად და გასაგებად დალაპარაკება. ამ დროს ვითარდება აზროვნების თავისუფლება. თუ მეტისმეტ მეურვეობას გაუწევთ, ისე, როგორც პატარას, თავდაჯერებას დაკარგავს, მასზე მეტად დამოუკიდებელ თანატოლებზე დამოკიდებული გახდება და ისინიც ყოველთვის შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას.
დამამთავრებელი პერიოდი - 15 წლიდან
15 წლის შემდეგ მეტი პატივისცემით მოეპყარით და იმეგობრეთ მასთან, ეცით პატივი მის აზრს. ამ ეტაპზე უკვე გვიანია მისი აღზრდა და ისღა დაგრჩენიათ, საკუთარი შრომის ნაყოფი მოიმკათ. თუ 15 წლის შემდეგ ბავშვს პატივს არ სცემთ, ამას არ გაპატიებთ და კონფლიქტებს ვერ აიცილებთ თავიდან.