აღიარეთ და დააფასეთ ბავშვის ინდივიდუალურობა - სპეციალისტის რჩევები
რა არის ბავშვების ყველაზე დიდი პრობლემა ფსიქოლოგიური კუთხით და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას - ამ აქტუალურ თემაზე კლინიკური ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი, საპატრიარქოსთან არსებული დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე გვესაუბრება.
- რამდენად რთული სფეროა ბავშვთა ფსიქოლოგია და რომელია ყველაზე გავრცელებული პრობლემები?
- ბავშვებთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო პროცესია. სირთულეს რაც შეეხება, არის, რა თქმა უნდა, თუმცა მაგრამ მთავარი გაგებაა. ყოველგვარი ქცევა ბავშვის მხრიდან, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია, შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სიგნალი საჭიროების არსებობისა. გავრცელებულ პრობლემებს ალბათ ასე ცალსახად ვერ დავასახელებ, ეს შეიძლება იყოს მავნე ჩვევა, ქცევითი ან ემოციური დარღვევა - ძირითადად ყველა პრობლემაც ამ უკანასკნელიდან მოდის.
- როდის უნდა მიმართოს მშობელმა ფსიქოლოგს?
- ფსიქოლოგის კონსულტირება სასურველია იყოს რეგულარული, ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში. ძალიან კარგი იქნება, კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს თუ გაეცნობა მშობელი (ფსიქოლოგის ან სხვადასხვა წყაროს მეშვეობით) და შესაბამისად მიუდგება შვილსაც. მაგრამ რატომღაც მიღებულია, რომ ფსიქოლოგს უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც ვერ ვაკონტროლებთ ბავშვის ქცევას, იქნება ეს აგრესიის გამოვლენა თუ ზედმეტი ჩაკეტილობა.
- რამდენად ხშირად არის ბავშვთა ფსიქოლოგიური პრობლემები მშობლების არასწორ აღზრდასთან დაკავშირებული?
- როგორც წესი, ბავშვის პრობლემა ოჯახის გავლენაა. ითვლება, რომ 8 წლამდე მას თავისი პრობლემები არ გააჩნია. კონკრეტულად ფსიქოლოგიური ცვლილებები ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს დესტრუქციულმა ოჯახმა (მაგალითად, სადაც ერთ-ერთი წევრი ნარკოდამოკიდებულია), შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერ ან ჰიპო მზრუნველობამ (როდესაც ზედმეტად ან არასაკმარისად ვზრუნავთ მასზე). ფაქტორი ძალიან ბევრია.
- ბოლო დროს ფსიქოლოგებს მეტად უსმენენ. თუ შემოვიდა მშობლებშიც ფსიქოლოგთან კონსულტაციის კულტურა?
- საბედნიეროდ, შემიძლია რომ დაგეთანხმოთ, იგრძნობა ტენდენცია ფსიქოლოგისადმი ნდობის გაჩენისა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
- თქვენი გადასახედიდან, რა არის ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემა დღეს ბავშვებში და მშობლებში?
- ბავშვების პრობლემა ძირითადად გამოწვეულია მშობელთან ემოციური კონტაქტის ნაკლებობით. სულ მცირე მაგალითის სახით თუ ვიტყვით, სამწუხაროდ, იშვიათია ისეთი ოჯახი, რომელსაც ექნება ბავშვებთან ერთად ბუნებაში გასვლის ჩვევა ჩამოყალიბებული. არადა, ამგვარ კონტაქტებს დიდი დატვირთვა აქვს. ამ ტრადიციის არარსებობა პირველ რიგში სოციალურ-ემოციური მდგომარეობით არის გამოწვეული, ამრიგად ძნელია მშობლისა და ბავშვის პრობლემის ცალსახად გამიჯვნა.
- რას ურჩევთ მშობლებს, როგორც ფსიქოლოგი? როგორ და როგორი უნდა გაზარდონ შვილი, რომ არ ჰქონდეს ფსიქოლოგიური პრობლემები?
- გაატარეთ მათთან ერთად რაც შეიძლება ბევრი დრო, ესაუბრეთ მათ, გაიგეთ რა აწუხებს, რა უხარია, აუხსენით, დაელაპარაკეთ, შეაქეთ. დარწმუნებული ვარ, ეს რჩევები უმეტესობისთვის ცნობილი იქნება, მაგრამ მაინც... და რაც ყველაზე მთავარია, აღიარეთ და დააფასეთ ბავშვის ინდივიდუალურობა!
ესაუბრა სალომე გორგოშიძე