"დედამ უკეთ იცის, დედა ცუდს არ მირჩევდა" - იმეორებს უკვე მოზრდილი მამაკაცი ყველა დედას სურს, თავისი ბიჭუნა ნამდვილ ვაჟკაცად გაზარდოს, მაგრამ რატომღაც ვაჟკაცის ნაცვლად ზოგჯერ "ქალაჩუნა დედიკოს ბიჭი" შერჩებათ ხოლმე ხელთ. რატომ ხდება ასე?
რისკის ჯგუფი
ტრადიციული გაგებით, "დედიკოს ბიჭებად" ის ვაჟები ყალიბდებიან, ვის აღზრდაშიც ძირითადად დედა მონაწილეობს. არ იფიქროთ, რომ საქმე განქორწინებულ ოჯახს ეხება, სულაც არა, "დედიკოს ბიჭი" ერთიან, სრულფასოვან ოჯახშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს. ეს ის ოჯახია, სადაც მამა ყოველთვის საქმეებით არის დაკავებული, სახლში გვიან ბრუნდება და ვაჟიშვილთან ურთიერთობის დრო არ რჩება. ასეთი მამაკაცის გვერდით დედაც თავს მიტოვებულად და მივიწყებულად გრძნობს, ამიტომ მთელი "დაუხარჯავი" სიყვარულის მარაგი ბიჭუნაზე გადააქვს. იმ სითბოსა და ყურადღებას, რასაც მათ ოჯახის უფროსი აკლებთ, დედა-შვილი ერთმანეთის სიახლოვით ინაზღაურებს.
დედა თავგამოდებით ცდილობს, ვაჟიშვილისგან ის ოცნების მამაკაცი "გამოძერწოს", რომელთანაც ბედმა არა და არ დააკავშირა - საიმედო, ყურადღებიანი, გულწრფელი, მზრუნველი. ადრე თუ გვიან, როცა თავის იდეალურ პირმშოს გაზრდის, დედას მისი თავი არავისთვის აღარ ემეტება.
სამწუხაროდ, დედის ასეთი მიზანმიმართული მცდელობების მიუხედავად, ბიჭს სუსტი ხასიათი, ინფანტილურობა და მერყევი ბუნება უყალიბდება. "დედამ უკეთ იცის, დედა ცუდს არ მირჩევდა", - იმეორებს უკვე მოზრდილი მამაკაცი, რადგან ბავშვობიდან ასე ჩააგონეს. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისები ახერხებენ, თავი დააღწიონ დედის გავლენას და პირადი ბედნიერება იპოვონ.
დედის მხრიდან ზედმეტი მზრუნველობის "მსხვერპლნი" ხდებიან ის ბიჭებიც, რომლებმაც თავიანთი დაბადებით დიდი ხნის მოლოდინი გაუმართლეს ქალებს (დიდი ხნის უნაყოფობა, მძიმე მშობიარობა, დაბადებისას გამოვლენილი დაავადებები). მისი შესაძლო დაკარგვით გამოწვეული შიში ქალს ცხოვრების ბოლომდე არ ასვენებს, ამიტომ ქვეცნობიერად იბრძვის მთავარი მიზნისთვის - როგორმე ყველაფრისგან დაიცვას თავისი საყვარელი შვილი.
ჰიპერმზურველობა ადრე თუ გვიან ბიჭის ტემპერამენტსა და ხასიათში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ის უნებისყოფო, დაკომპლექსებული, აპათიური ხდება, ბრმად სჯერა დედის და მზადაა სულ მის ჭკუაზე იაროს. ამ ბიჭებს საკუთარი აზრი თითქმის არ გააჩნიათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ჭკუას ისევ დედას ეკითხებიან. ძალიან უჭირთ გოგონებთან ურთიერთობა, ამიტომ გვიან ან საერთოდ არ ქორწინდებიან. ოჯახის შექმნის შემთხვევაშიც ბედნიერებას ვერ პოულობენ, რადგან რძალ-დედამთილი მუდმივად კონკურენციას უწევს ერთმანეთს. ქალი, ვინც გარისკავს და "დედიკოს ბიჭს" გაჰყვება ცოლად, უნდა შეეგუოს აზრს, რომ ისინი არა წყვილს, არამედ სამკუთხედს წარმოადგენენ.
ბიჭების აღზრდის საიდუმლო
ბიჭი რომ "დედიკოს ბიჭად" არ ჩამოყალიბდეს, ამისათვის მთავარია, მას მამაც ზრდიდეს. ბავშვს მამაკაცური ცხოვრების მაგალითი თვალწინ უნდა ჰქონდეს. თუ ოჯახში მამა არაა, საკმარისია ბუჭუნამ ბიძასთან, ბაბუასთან ან ნებისმიერ მამაკაც ნათესავთან იქონიოს ურთიერთობა.
ყველა დედას უნდა, შვილი რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს გვერდით, მაგრამ აუცილებლად უნდა დადგეს დრო, როცა ვაჟმა დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყოს. ეს ბუნებრივი პროცესია. თუ ბიჭი ძალიან არის დედას მიჯაჭვული, აუცილებლად უნდა გამოუმუშავოთ სითამამე და დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალღოს ვერ აუღებს"დიდების" ცხოვრებას, სადაც გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და სკუთარი ბედიც თავად უნდა მართოს. ვაჟი დედის კუთვნილება ვერ გახდება, უნდა გაუშვათ და აცალოთ, რომ კაცად იქცეს, ზუსტად ისეთ კაცად, რომელთან შეხვედრაზეც მთელი სიცოცხლე ოცნებობდით.