ერთი საინტერესო წერილი გვინდა წაგაკითხოთ, რომელიც ბავშვმა დაწერა ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ტელევიზორის დიდხანს ყურებას და მასზე დამოკიდებულებას ბევრი უარყოფითი მოაქვს ბავშვებისთვის. გარდა იმისა, რომ თვალებისთვის არის მავნე, ის ტვინსა და ადამიანის ფსიქიკაზეც მოქმედებს. თუმცა მხოლოდ ბავშვები არიან ამ საფრთხის ქვეშ? ცოტა ხნის წინ ტელევიზორი ერთ-ერთ მთავარ "მომაკვდინებლად" დაასახელეს, რადგან ადამიანები მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში – ტელევიზორთან თუ კომპიუტერთან, ნაკლებს მოძრაობენ და ამით უამრავი დაავადების განვითარებას უწყობენ ხელს.
თუმცა ახლა მხოლოდ ამ კუთხით არ გვსურს საუბარი. ერთი საინტერესო წერილი გვინდა წაგაკითხოთ, რომელიც ბავშვმა დაწერა და რომელიც ალბათ ყველას დააფიქრებს.
ახალი წლის წინ მასწავლებელმა მესამეკლასელ ბავშვებს დაავალა, დაეწერათ, რას სთხოვდნენ თოვლის პაპას. შინ დაბრუნებულმა მასწავლებელმა ბავშვების თხზულებებს გადახედა და ერთი მოსწავლის ნაწერმა მეტად დააფიქრა. რამდენჯერმე გადახედა ბავშვის ნაწერს, რომელიც სასწაულს სთხოვდა თოვლის პაპას. არა, შეცდომებს არ ეძებდა. შეცდომებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოთახში ქმარი შემოვიდა.
- რა მოხდა, ძვირფასო, რატომ ხარ ასე აღელვებული?
- აი, წაიკითხე, - ქმარს რვეული გაუწოდა.
"თოვლის პაპა, ძალიან ბევრს არ გთხოვ. ერთადერთი თხოვნა შემისრულე. ცოტა ხნით მაინც ტელევიზორად მაქციე. ძალიან მინდა, რომ ჩემი ახლობლები ჩემ გარშემო შეიკრიბონ საღამოობით და მომისმინონ, არ გამაწყვეტინონ, ისე. მამა რომ სამსახურიდან დაბრუნდება, მკითხოს, რა მოხდა ახალი ჩემს ცხოვრებაში. დედაც, როცა მოწყენილია, ჩემთან მოვიდეს. ისე უხაროდეთ ხოლმე ჩემი დანახვა, როგორც ახალი ტელევიზორის, რომელიც ჩვენს სახლში ახლა თითქმის მთელ კედელს იკავებს. მე ცოტას ჩავიწეოდი და ნაძვის ხისთვისაც დავტოვებდი ადგილს... ისე მინდა, რომ ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრო ნებისმიერი ტელევიზორის ცხოვრებით!"
- საწყალი ბავშვი... ნუთუ ასეთი მშობლებიც არსებობენ, - აღშფოთდა მასწავლებლის ქმარი.
ქალმა ცრემლიანი თვალებით შეხედა:
- საყვარელო, ეს ჩვენმა შვილმა დაწერა...