ანუ, როგორი არ უნდა იყოს ოჯახი
იმ ოჯახებს, სადაც მშობლები ბავშვების აღზრდის საკითხებში "მოიკოჭლებენ", ფსიქოლოგები 6 ძირითად კატეგორიად ყოფენ.
"ალიაქოთა"ოჯახები
ყველაზე გავრცელებული ტიპია იმ ოჯახებს შორის, სადაც მშობლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევენ თავს. ამ ოჯახებში აღზრდას ქაოტური, არაპროგნოზირებადი სახე აქვს და უფროსების ცვალებად განწყობაზეა დამოკიდებული.
აქ გამუდმებით აყალმაყალი და სტუმრიანობაა. ხშირია კონფლიქტები და ძალადობა, რაც ხშირად ბავშვებსაც ეხებათ. ასეთი ოჯახების შვილებს სამყაროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უყალიბდებათ. გარშემო მყოფებისგან გამუდმებულ საფრთხეს გრძნობენ, შურის გრძნობა ტანჯავთ და აგრესია უჩნდებათ.
ოჯახის თანამედროვე, "მოდური" კატეგორია - კარიერისტები
ასეთი ოჯახის მშობლები მატერიალური დოვლათის დაგროვებაზე არიან ორიენტირებული. გამუდმებით ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. კარგად ესმით, რომ ბავშვს მშობლიური ყურადღება სჭირდება, მაგრამ დრო არ ჰყოფნით. მეტიც, როცა არჩევანი სამსახურებრივ მივლინებასა და ბავშვის გვერდით ყოფნას შორისაა, დედ-მამა პირველ ვარიანტს ირჩვს. ასეთი ოჯახის შვილები ტელეფონით იზრდებიან. მშობლების განსჯა რთულია, რადგან კეთილდღეობა ძვირი ჯდება, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს.
ოჯახი, რომელსაც მკაცრი და დესპოტი მშობლები მართავენ
ასეთ ოჯახში ბავშვის აზრი და სურვილი არაფერს ნიშნავს. მშობლის სიტყვა - კანონია. უფროსები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარი დისციპლინაა, რომელიც მხოლოდ შიშითა და სასჯელით მიიღწევა. მათი აზრით, ბავშვს ჯერ მოვალეობები აქვს და შემდეგ უფლებები. მათ გარეშე ბავშვს არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი ელის.
ოჯახები, სადაც "უკუღმა" ზრუნავენ
ასეთ ოჯახებში მშობლებს ჰგონიათ, რომ საკმარისია შვილებს აჭამონ, ჩააცვან და გაათბონ, აღზრდა კი ბაღის, სკოლის ან სულაც სახელმწიფოს საქმეა. ამ მშობლების უმრავლესობა, როგორც წესი, ოჯახის გარეშე გაიზარდა. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ბავშვი იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რომ დედ-მამა ჰყავს და ქუჩაში ან ბავშვთა სახლში არ სძინავს.
ჰიპერმზუნველი ოჯახები
ოჯახში ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას ბავშვი. ისიც დაბადებიდან გრძნობს, რომ ტოლი და სწორი არ ჰყავს. იცავენ ყველასა და ყველაფრისგან, არაფერს აკლებენ, მშობლები სიცოცხლის აზრს მასში ხედავენ. დაარწმუნეს კიდეც, რომ ნადვილი იდეალია. რა გაიზრდება ასეთი ბავშვისგან?
პრეტენზიული ოჯახები
ბავშვში მხოლოდ ნაკლს ეძებენ. რაც არ უნდა ეცადოს პატარა, უფროსების გულს ვერ მოიგებს. არწმუნებენ, რომ ის სხვებზე ნაკლებია და ყველაფერი სხვა ბავშვებზე ცუდად გამოსდის. თუ ასეთ ოჯახში ორი ბავშვია, დიდი შანსია, რომ მშობლებმა "გაარჩიონ" ისინი, ანუ ერთი არის კარგი, ნიჭიერი, ბეჯითი და საყვარელი, მეორე კი - ზარმაცი, უზრდელი და უვარგისი.
ოჯახების ამ აღწერილობებში, შესაძლოა, ზოგი რამ გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძირითადი მახასიათებლები მაინც ასეთია. თუ თქვენი ოჯახი რომელიმე ზემოაღნიშნულს ცოტათი მაინც წააგავს, დასაფიქრებლად გქონიათ საქმე. გახსოვდეთ, რომ შვილი მშობლის ყველაზე დიდი ინვესტიციაა. რასაც "ჩადებთ", მხოლოდ იმას დაიბრუნებთ უკან.