ბრძენები ამბობენ: ბავშვის აღზრდისას მარცხენა ხელმა უნდა უკუაგდოს ის, მარჯვენამ კი მოიახლოვოს ამბობენ, რომ ბავშვის გაზრდა ყვირილის, დასჯისა და ცემის გარეშე სავსებით შესაძლებელია. ხანდახან გგონიათ, რომ პატარა განგებ აკეთებს ყველაფერ საწინააღმდეგოს და თქვენს მოთმინებას ცდის. თქვენ მას უმტკიცებთ "არ შეიძლება", ის კი ისევ ყრის კარადის შიგთავსს, ძვრება ფანჯრის რაფაზე.
ის ჯერ ძალიან პატარაა, რომ ესმოდეს, რა არის უფროსის განრისხების მიზეზი, რატომ უშლიან რაღაცას, მას ხომ სურს, ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.
ეცადეთ, ისეთი რამეების ნება დართოთ, რაც ბევრს არაფერს აზიანებს – არა უშავს, თუ ტელევიზორის პულტს აწკაპუნებს, მობილურ ტელეფონში მუსიკებს უსმენს, იატაკზე დაყრის წიწიბურას ან სახეზე წაისვამს ფლომასტერებს. ჯობს ერთხელ გააკეთოს და დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, ასე ცდილობს ის სამყაროს შეცნობას და თუ ამით არაფერი შავდება, დართეთ ნება, ოღონდ გვერდით იყავით.
ხანდახან ჯობს, უფროსის მეთვალყურეობით დაარწმუნოთ ბავშვი, რომ ესა თუ ის ქმედება არ არის უსაფრთხო, ვიდრე გამუდმებით უმეოროთ "არ შეიძლება", ან დასაჯოთ. მაგალითად, თუ გინდათ, რომ უთოსთან არ მივიდეს, ცხელი უთო გადაუსვით ნაჭერს და მერე იმ ნაჭერზე მოაკიდებინეთ ხელი, რომ მიხვდეს, უთო ცხელია, და ა.შ. თუ ამ დროს მის გვერდით იქნებით და ეტყვით, რომ ეს "სახიფათოა", ბავშვი სხვა სიტუაციებშიც გენდობათ. აკრძალვები უნდა ეხებოდეს მართლაც სიცოცხლისთვის საშიშ რამეებს: შტეფსელებსა და სადენებს, გაზს, გზებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას. აქ გაცილებით მკაცრი უნდა იყოს და ყოველგვარი ემოციის გარეშე გააგებინოთ ბავშვს: არის ისეთი რაღაცები, რის ნებასაც არასდროს დართავთ.
თუ პატარასთან მაინც არ გამოდის ისე, რომ არ დასაჯოთ, მაშინ შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:
1. აუცილებელია, წინასწარ გააფრთხილოთ ბავშვი, რომ გარკვეული ქმედებისთვის მას დასჯით. მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მისი ესა თუ ის საქციელი არასწორი და არასასურველია, და ისიც უნდა იცოდეს, რა სასჯელი მოჰყვება ამას. ის გაფრთხილებულია და არჩევანის უფლებაც მასზეა.
2. არ შეიძლებამ სასჯელი გამოუცხადოთ, მერე კი გადადოთ. გაურკვევლობა ისე აშინებს ბავშვს, რომ შეიძლება, თავად დაიშავოს რამე.
3. როცა ბავშვს რაღაცას უკრძალავთ, უნდა აუხსნათ მიზეზი და დაარწმუნოთ, რომ მართალი ხართ. ასევე ქცევის ალტერნატიული ვარიანტიც უნდა შესთავაზოთ. თუ ბავშვს მხოლოდ უკრძალავენ, და არ უხსნიან, რატომ არის ცუდი ესა თუ ის, ან რა შეუძლია ამის ნაცვლად გააკეთოს, მას უბრალოდ არ ეცოდინება, როგორ მოიქცეს. ეს მის დამოუკიდებლობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
4. მშობლებმა საკუთარი ქცვევით უნდა მისცენ მაგალითი ბავშვს. ბუნებრივია, დაუშვებელია, როცა ბავშვს რაღაცას უშლიან და თავად არ იცავენ ამ წესებს.
5. როცა ბავშვს რაღაცას უკრძალავთ და სასჯელს ადგენთ, დარწმუნებული უნდა იყოთ საკუთარი გადაწყვეტილების მართებულებაში, სინდისის ქენჯნა არ უნდა გტანჯავდეთ. მაშინ ბავშვსაც ეჭვი გაუჩნდება, მართალი ხართ თუ არა. ასეთ დროს თავდაჯერებული უნდა იყოთ და მკაცრი, ოღონდ აუცილებლად – სამართლიანიც.
6. როცა ბავშვს სჯის მშობელი, უნდა უჩვენოს აუცილებლად, რომ მას ეს არ სიამოვნებს. უნდა გააგებინოს, რომ დასჯა პატარის უსაქციელობით არის გამოწვეული და არა მშობლის ახირებით, და რომ ყველაფრის მიუხედავად ბავშვი უყვართ. ბრძენები ამბობენ: ბავშვის აღზრდისას მარცხენა ხელმა უნდა უკუაგდოს ის, მარჯვენამ კი მოიახლოვოს. ამ გამოთქმის აზრი ისაა, რომ ბავშვს ერთნაირად სჭირდება სიმკაცრე, დისციპლინა და სიყვარული.
7. არასდროს არ უნდა გამოიყენოთ ფიზიკური ძალა დასჯის დროს. არ უნდა შეურაცხყოთ ბავშვი, როგორც პიროვნება, არ დასცინოთ. უნდა განიხილოთ კონკრეტული საქციელი და არა თავად ბავშვი. არაფრით არ შეიძლება ასეთი ფრაზები: "რა ცუდი ბიჭი ხარ" (ამის ნაცვლად უნდა თქვათ: "რა ცუდად მოიქეცი"), "გიჟი ხარ", "დებილი ხარ", "დებილი ხარ" და ა.შ. გააკრიტიკეთ მისი საქციელი და არა ბავშვი.