იმატა ფსიქოლოგებთან ვიზიტებმა ბავშვის კომპიუტერული დამოკიდებულების ჩივილებით კომპიუტერი ყველა ოჯახის განუყოფელ ნაწილად იქცა. იმავდროულად გაიზარდა მშობლების ღელვაც ბავშვების მომავლის გამო, რომლებიც მეტისმეტად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. მკვეთრად იმატა ფსიქოლოგებთან ვიზიტებმა ბავშვის კომპიუტერული დამოკიდებულების ჩივილებით. ეს დამოკიდებულება, ფსიქოლოგიურის გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს: თვალების სიმშრალეს, ძილის დარღვევას, უმადობას, თავის ტკივილებს, ხერხემლის გამრუდებას. კომპიუტერის სრულად გამორიცხვა ბავშვის ცხოვრებიდან შეუძლებელია და არც არის საჭირო. საჭიროა დოზირება და მისი გონივრული გამოყენება. როგორ უნდა მოვიქცეთ?
1. დააწესეთ შეზღუდვები
სკოლამდელი და უმცროსი ბავშვებისთვის სანამ თამაშებით გატაცება ჩვევად არ ქცეულა, შეზღუდვების შემოღება შეიძლება. ნება დართეთ, დღეში მხოლოდ 30 წუთამდე იჯდეს კომპიუტერთან, 15-15 წუთით. მეტი არც სასურველია და არც საჭირო. ამ დროსაც მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ, რას უყურებს. ჯობს განმავითარებელი, შემეცნებითი თამაშები შესთავაზოთ, რომლებიც მრავლად არის. ასე იმ 30 წუთსაც სასარგებლოდ გატარებულ დროდ გადააქცევთ.
2. დაეხმარეთ ბავშვს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად პრობლემებიც რთულდება. ვირტუალური რეალობა მათ ძალიან იზიდავთ, მით უმეტეს, თუ შედარებით ჩაკეტილი ბავშვია, ასევე – ვისაც მშობლის ყურადღება და მასთან კონტაქტი აკლია. როცა მშობელი გამუდმებით დაკავებულია და ბავშვთან ურთიერთობისთვის ვერ იცლის, ან თავად სვამს კომპიუტერთან, რომ ასე `გაართოს და დააწყნაროს~, ან ბავშვი მიდის ამ გადაწყვეტილებამდე და ვირტუალურ სამყაროში დიდი ხნით ინაცვლებს. ხშირად ეს ნამდვილ სენად იქცევა, რადგან მოზარდს რეალური სამყაროსადმი სრულიად უქრება ინტერესი და ნამდვილ ზომბიდ იქცევა. მას აღარც თანატოლები უნდა, აღარც სხვაგვარი თამაშები, არც სწავლა და არც მშობლები.
მშობლების ამოცანაა, დროულად იმოქმედონ და რეალურად დაეხმარონ. უნდა იპოვოთ დრო ბავშვთან დასალაპარაკებლად, გაიზიაროთ მისი განცდები. მასთან ურთიერთობა ყველაზე მთავარია და ეს უნდა აგრძნობინოთ ყოველთვის. შეუწყვეთ ხელი, რაც შეიძლება მეტად იურთიერთოს თანატოლებთან, ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვა რამეებით გაერთოს, დააკავეთ მისთვის საინტერესო წრეზე, ხელი შეუწყვეთ მისი ნიჭების განვითარებას. ხშირად ასეირნეთ, გაატარეთ მასთან ბევრი დრო, ემეგობრეთ თქვენს შვილს. ხელის ჩაქნევაზე იოლი ხომ არაფერია. უნდა ეცადოთ, ბავშვი არ გახდეს კომპიუტერზე დამოკიდებული. ხოლო თუ ასეთი რამ უკვე მოხდა, ასეთ შემთხვევაშიც ყველა ხერხი უნდა მოსინჯოთ და ებრძოლოთ ამ სენს.
3. დაკავებულობა
ბავშვს ძალიან ცოტა დრო უნდა რჩებოდეს კომპიუტერული თამაშებისთვის. ამისთვის აუცილებელია, მაქსიმალურად დაკავებული იყოს არა ვირტუალურ, არამედ რეალურ სამყაროში. იგივე სექციები, წრეები, სკოლაში მიცემული დავალებები ამ ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ. თავისუფალ დროს მოაწყვეთ ლაშქრობა, კინოში წაიყვანეთ, თეატრში, გადაატანინეთ ყურადღება რეალურ სამყაროზე. ამით თქვენც დიდ სიამოვნებას მიიღებთ და ისიც.
4. კომპიუტერი აქციეთ განსავითარებელ ინსტრუმენტად
კომპიუტერს თუ სწორად მიუდგებით, ის შემეცნებით ინსტრუმენტად იქცევა და ბავშვის განსავითარებელ საშუალებად. შესთავაზედ კომპიუტერული კურსები – მიხვდებიან, რომ ინტერნეტი არა მხოლოდ თამაშებია, არამედ უდიდესი შესაძლებლობა განსავითარებლად, ახალი ინფორმაციის ასათვისებლად. თუ უნდა იჯდეს მასთან, ეს დრო სასარგებლოდ და განსავითარებლად მაინც გაატაროს.
რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი რომ კომპიუტერს არ მიეჯაჭვოს, აუცილებელია, ოჯახში ისეთი გარემო იყოს, რომ მან იგრძნოს, ის მეგობრული, მოსიყვარულე ოჯახის წევრია და არა მხოლოდ მშობლებთან ერთად სახლში მცხოვრები ადამიანი.