"კაკუნი მესმის - მამა შემოდის - მორჩა, ვეღარ ვფიქრობ, აი აქ რაღაც მიჭერს..." არც ისე ადვილია გაიგო, სინამდვილეში რას ფიქრობს ბავშვი და რა აწუხებს. როცა მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვს არაფერს აკლებენ და ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ამ დროს მისი უხასიათობის, შიშების, უცნაური ქცევის მიზეზებს ფსიქოლოგები არკვევენ.
ცნობილმა რუსმა ფსიქოთერაპევტმა, ვლადიმერ ლევიმ საკუთარი ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც პატარა პაციენტებთან საუბარია ასახული. ექიმს მიაჩნდა, რომ ამ ჩანაწერებით, ამ საუბრების გასაჯაროვებით მშობლების ხელახლა აღზრდას შეძლებდა.
დენისი, 5 წლის:
- ბებო კეთილია, მაგრამ არ იცის, კეთილად როგორ უნდა მოიქცეს
- არ იცის?
- არა.
- ეს როგორ?
- ყვირის.
- ყვირის?.. ზოგჯერ კეთილებიც ყვირიან. შენც ხომ ყვირი ხოლმე?
- როცა ვყვირი, ბოროტი ვარ. ბებო სულ ყვირის.
- აბა საიდან იცი, რომ კეთილია?
- დედამ მითხრა.
(ფსიქოლოგთან მისვლის მიზეზი: შიშები, ჭირვეულობა)
დანია, 7 წლის:
- დედა ძალიან კარგია და მოსაწყენი. მამა ძალიან საინტერესო და ძალიან ცუდია.
- რა არის მამაში საინტერესო?
- დიდი, ღონიერია. იცის (ჩამონათვალი), იცის (ჩამონათვალი).
- შენც ხომ გინდა, დედასავით კარგი და მამასავით საინტერესო იყო?
- მე მინდა, რომ არ ვჩანდე, უჩინმაჩინი ვიყო, არავინ რომ არ ვიყო.
(ღამის შარდვა, მომატებული აღგზნება. მშობლები გაყრილები არიან. დედა მკაცრია)
დაშა, 11 წლის
- მამა ძალიან მიყვარს. ადრე სხვა მამა მყავდა. კარგი მამა მყავს.
- ალბათ დედაც.
- დედაც... მაგრამ არ მანებებს.
- რას არ განებებს?
- მიშლის... არ მანებებს სიყვარულს, თვალებს მიბრიალებს, თითქოს მეუბნება, შენ არ გიყვარვარო.
(მიმართვის მიზეზი: გაუცნობიერებელი ეჭვიანობის ნიადაგზე აღმოცენებული შინაგანი კონფლიქტი, დეპრესია)
დიმიტრი, 12 წლის
- კაკუნი მესმის - მამა შემოდის - მორჩა, ვეღარ ვფიქრობ, აი აქ რაღაც მიჭერს... იხდის, დაფრატუნობს, ქშინავს... ჯერ არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ დავაშავე, ზუსტად ვიცი. რამდენი დრო მქონდა, გაკვეთილები არ ვისწავლე, ოთახიც არეულია, ვედრო არ გავიტანე, ნათურა გავტეხე, ხალიჩა დავსვარე... აბა, რა ვიცოდი, ბურთი თუ იქ დაეცემოდა.
(განვითარებულია, სპორტული. აქვს ნევროზი შინაგანი ორგანოების დაზიანებით. მშობლები ფიზიკური დასჯის მომხრეები არიან)
ლინა, 13 წლის
- ძალიან საყვარელი მშობლები მყავს... ჯერ კიდევ 8 წლის ვიყავი, რომ გადავწყვიტე, ისინი რომ დაიხოცებიან, მეც მოვკვდები... ისინი არ მიცნობენ, მე მოყოლა არ მეხერხება, ისინი კი უცებ ამბობენ, კარგია ან ცუდია, სწორია ან არასწორია... ისინი ჭკვიანები არიან, კეთილები. მე ასეთი ვერასოდეს ვერ გავხდები. ახლა კი მინდა, რომ მოვკვდე, აღარ შემიძლია მათი სიყვარული...
(მწვავე სტრესი. მშობლები პედაგოგები არიან)
ალექსანდრე, 14 წლის
- როცა სახლში ვარ, ამბობენ, რომ ხელს ვუშლი ცხოვრებაში... მუსიკას ვრთავ.. ერთხელ სავარცხლისგან რაკეტაც გავაკეთე, სუნი დადგა... წავედი, ვიფიქრე, დიდხანს არ დავბრუნდები-მეთქი. დავბრუნდი: ისევ დაეთრეოდი, არაფრის მაქნისი ხარ, სპეციალურად გვანერვიულებ, ცხოვრებას გვინგრევ.... ერთხელ ვუთხარი, არ უნდა გაგეჩინეთ-მეთქი.
(სწავლის სურვილის არქონა, მიდრეკილება ტყუილისა და წვრილმანი ქურდობისკენ. გონიერია. მშობლები - იუმორის გარეშე, ერთმანეთსაც ვერ უგებენ)
მარინა, 18 წლის
- გუშინ პირველს ვუთხარი, რომ აღარ შემიძლია თოხლო კვერცხის ჭამა. ისინი 20 წელია ყოველდღე ჭამენ თოხლო კვერცხს, ყოველ დილით, არცერთ დღეს არ ტოვებენ...
ამონარიდები ფსიქოთერაპევტ ვლადიმერ ლევის ნაშრომიდან "როგორ აღვზარდოთ მშობლები, ანუ ახალი დროის არასტანდარტული ბავშვები"