სიდედრს თქვენს ცოლზე დიდი გავლენა აქვს, ჭკვიანი კაცი კი ამას ყოველთვის სასიკეთოდ გამოიყენებს კაცების უმრავლესობას სიდედრი გულზე არ ეხატება. მათ რომ ჰკითხოთ, სიდედრი რჩევებით და მითითებებით უწყალებთ გულს. რასაკვირველია, სხვადასხვაგვარი სიდედრები არსებობენ - პოზიტიურებიც, გამგებებიც, ჯიუტებიც, ბუზღუნებიც, ზედმეტად აქტიურებიც, დამხმარეებიც და ისეთებიც, რომლის დახმარებაც აღარ მოგინდებათ. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ სიდედრს თქვენს ცოლზე დიდი გავლენა აქვს, ჭკვიანი კაცი კი ამას ყოველთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.
მას პატივისცემით უნდა მოეპყრათ და მის ნაკლოვანებაზე თვალი დახუჭოთ. თუ ასე არ მიგაჩნიათ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ცოლთან გაგიფუჭებთ ურთიერთობას. დაუმეგობრდით მას. ეს მეგობრობა მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. იმისათვის, რომ სიდედრისადმი `სწორი~ გრძნობები გამოიმუშაოთ, ერთი მიზეზიც საკმარისია.
ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ სიძეებს სიდედრის შეყვარების მინიმუმ 5 მიზეზი აქვთ...
ისიც დედაა
ბანალურად ჟღერს, მაგრამ სიდედრმა გაგიჩინათ და გაგიზარდათ ცოლი. დროთა განმავლობაში ის უფრო მეტად დაემსგავსება დედას. თუ გარეგნობით არა - ხასიათით, მანერებით, ჩვევებით - შეიძლება სწორედ ისეთებით, რაც სიდედრში გაღიზიანებთ. თუ სიდედრის დღევანდელ თვისებებს შეეგუებით, მომავალში ცოლთან მეტი ჰარმონია გექნებათ.
არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი: სიდედრი, როგორი ძლიერი და მებრძოლიც არ უნდა იყოს, როცა ასაკი მოემატება, დაუცველი და მოსავლელი გახდება. ამ დროს მისი თანადგომა გმართებთ. მოხუცის მოვლა არც ისე ადვილია, ამიტომ შეყვარება ჯობია დღეიდან დაიწყოთ.
ისიც ქალია
მამაკაცი ქალს ყოველთვის პატიობს სისუსტეებს. ეს სიდედრთან ურთიერთობისასაც სცადეთ და ისიც მადლიერებით გიპასუხებთ. მიხვდებით, რომ სიდედრს, რომელიც სიძეში ნამდვილ მამაკაცს ხედავს, მასთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ.
მომავალი ბებიაა
ის აქტიურად იქნება ჩართული თქვენი შვილების აღზრდაში. თუ გსურთ, რომ თქვენ შვილს გაწონასწორებული და სათნო ბებია ჰყავდეს, შეიყვარეთ სიდედრი. თორემ, სიძისგან გაღიზიანებულმა ბებიამ შეიძლება ბავშვთან ნერვები ვერ მოთოკოს ან მამის ავტორიტეტი შეულახოს.
მეგობრად აქციეთ
კონფლიქტისგან დაზღვეული არავინაა. განსაკუთრებით, ახალშექმნილ ოჯახებში. აი, ამ დროს სიდედრის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სინამდვილეში, სიდედრი შეიძლება თქვენი დამხმარე და მეგობარი გახდეს და ოჯახის გაძლიერებაში შეგიწყოთ ხელი. სინამდვილეში ხომ არც ერთ დედას არ სურს, თავისი ქალიშვილი მზრუნველი და მოსიყვარულე ქმრის გარეშე დარჩეს.
სიდედრის კერძები გაგემრიელდება
ყველაზე საშინელი სიდედრიც კი საჭიროებს სიძისგან დაფასებას. გულზე (ან კუჭზე) ხელი დაიდეთ და გულახდილად თქვით, რა გირჩევნიათ, ნახევარფაბრიკატებით იკვებოთ, თუ შინ ცხელი და გემრიელი კერძი დაგხვდეთ?.. შეუქეთ სიდედს კულინარიული ნიჭი და პასუხად კიდევ უფრო მეტ და გემრიელ კერძს მიიღებთ.
და ბოლოს, თუ უხასიათო და უჟმური სიდედრი შეგხვდათ, გულს ნუ გაიტეხთ. ეცადეთ,
მასში საუკეთესო თვისებები აღმოაჩინოთ. ასეთ დამოკიდებულებას აუცილებლად დაგიფასებთ.