ქმარი, რომელიც განქორწინებას გეგმავდა და ცოლის ყველაზე მოულოდნელი წინადადება...
„სახლში ვახშმად დავბრუნდი... ჩემი ცოლი ვახშამს ამზადებდა... მინდოდა მასთან მესაუბრა. არც ისე მარტივი საუბარი გველოდა და დავიწყე ფრაზით: "მინდა რაღაც გითხრა"... არაფერი უპასუხია, გადაერთო მზადებაზე. კიდევ ერთხელ დავინახე ტკივილი მის თვალებში.
რაღაცნაირად უნდა გამეგრძელებინა საუბარი და როგორღაც ვთქვი, რომ უნდა გავშორებულიყავით. მან მხოლოდ მკითხა: "რატომ?" ვერ ვუპასუხე, გავურბოდი სულ ამ შეკითხვას... გაბრაზდა, ისტერიკა მოაწყო, ყველაფერს მესროდა, რაც ხელში ხვდებოდა. "შენ არაკაცი ხარ!" - მიყვირა ბოლოს.
აღარ ღირდა ლაპარაკი. დასაძინებლად წავედი. დიდხანს ვერ ჩავთვლიმე და მესმოდა, როგორ ჩუმად ტიროდა.
მიჭირდა ამეხსნა მისთვის, რა დაემართა ჩვენს ქორწინებას, არ ვიცოდი, რა მეთქვა. როგორ ამეხსნა, რომ რა ხანია, აღარ მიყვარდა, გრძნობებიდან მხოლოდ სიბრალული შემრჩა, მასში ვეღარ ვხედავდი ქალს, რომელიც ერთ დროს მიყვარდა და ვაღმერთებდი... ჩემი გული კი უკვე სხვას ეკუთვნოდა...
მეორე დღეს განქორწინებისთვის და ქონების გასაყოფად მოვამზადე საბუთები. ცოლს ვუტოვებდი სახლს, მანქანას და ჩემი ბიზნესის აქციების 30%-ს...
საბუთების გადაცემისას, მას ირონიულად გაეღიმა, უცებ ყველაფერი დახია და მითხრა, რომ ჩემგან არაფერი უნდოდა. მერე კი ისევ ატირდა... მეც მტკიოდა გული ჩვენი 10-წლიანი ქორწინების გამო, მაგრამ მისმა ასეთმა რეაქციამ მხოლოდ გამიძლიერა განქორწინების სურვილი.
იმ დღეს შინ გვიან დავბრუნდი, არც მივახშმია, მაშინვე გავედი დასაძინებლად. ის იჯდა მაგიდასთან და რაღაცას წერდა. შუა ღამისას გამეღვიძა - ისევ წერდა... ჩემთვის სულ ერთი იყო, რას აკეთებდა, რადგან მასთან სულიერ სიახლოვეს ვეღარ ვგრძნობდი.
დილით მითხრა, რომ განქორწინების საკუთარი პირობები ჰქონდა. დაიჟინა, შეგვენარჩუნებინა მეგობრული ურთიერთობები, რამდენადაც ამას მოვახერხებდით. მისი არგუმენტი საკმაოდ დამაჯერებელი იყო - ერთ თვეში ჩვენს ვაჟს სასკოლო გამოცდები ჰქონდა და მისი აზრით, ჩვენი განქორწინების ამბავი მის ნერვულ სისტემას დაანგრევდა. ძნელი იყო, მას არ დათანხმებოდი.
მეორე პირობა კი სულელური მომეჩვენა: უნდოდა, რომ მთელი ამ თვის განმავლობაში ყოველ დილით, საძინებლიდან ხელში აყვანილი გამომეყვანა კარის ზღურბლამდე, თითქოს იმის გასახსენებლად, თუ როგორ შემოვიყვანე ქორწილის შემდეგ ჩემს სახლში.
არ შევკამათებივარ, ჩემთვის სულ ერთი იყო. სამსახურში ჩემს მიჯნურს ვუამბე ამ თხოვნის შესახებ, რაზეც მან სარკასტულად მიპასუხა, რომ ეს ჩემი ცოლის უსუსური მცდელობები იყო, ჩემით მანიპულირება მოეხდინა და ოჯახში დავებრუნებინე... მე ვიუარე...
როცა პირველ დღეს ავიყვანე ცოლი ხელში, თავი უხერხულად ვიგრძენი. ჩვენ ერთმანეთისთვის რა ხანია უცხოები გავმხდარიყავით.
ჩვენმა შვილმა დაგვინახა და მხიარულად დაიწყო ხტუნაობა: "მამას დედა ხელში აყვანილი მოჰყავს!" ცოლმა ჩუმად მითხრა: "არ უთხრა არაფერი..."
შემოსასვლელ კართან ცოლი იატაკზე დავსვი... ის ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა.
მეორე დღეს ყველაფერი გაცილებით ბუნებრივად გამოვიდა. გაკვირვებულმა შევნიშნე, რომ ადრე არც კი შემიმჩნევია წვრილი ნაოჭები მის სახეზე და რამდენიმე ჭაღარა თმის ღერი... მან იმდენი სითბო ჩადო ჩვენს ქორწინებაში, ნუთუ გადავუხადე რაიმეთი მადლობა?
სულ მალე ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის პატარა ნაპერწკალი გაჩნდა. ყოველდღე ეს ნაპერწკალი იზრდებოდა. მე კი გაოცებული იმასაც ვამჩნევდი, რომ ცოლი სულ უფრო მსუბუქი ხდებოდა ჩემს ხელებში...
ჩემს მეგობარ ქალს არაფერს ვეუბნებოდი.
როცა ბოლო დღეს დავაპირე ცოლის ხელში აყვანა, კარადასთან ვიპოვე, სარკის წინ ტრიალებდა. ჩიოდა, რომ ძალიან გახდა ბოლო დროს. მართლაც გამხდარი იყო, ძალიან გამხდარი. ნუთუ ასე განიცდიდა ჩვენს დაძაბულ ურთიერთობებს?
ოთახში ჩვენი ვაჟი შემოვიდა და იკითხა, როდის აიყვანდა მამა დედას ხელში? ის ამას უკვე ტრადიციად აღიქვამდა.
მე ცოლი ხელში ავიყვანე და ზუსტად ის განცდა დამეუფლა, რაც ჩვენი ქორწინების დღეს.
ეს საოცრება იყო: მსუბუქად მეალერსებოდა ყელზე... ერთადერთი, რაც მოსვენებას არ მაძლევდა - მისი წონა გახლდათ...
როგორც კი იატაკზე დავსვი, მანქანის გასაღებს დავწვდი და სამსახურში გავვარდი. მეგობარ ქალს ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა ცოლთან გაშორება; ავუხსენი, რომ თურმე ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ იმიტომ გაცივდა, რომ ერთმანეთს ყურადღებას აღარ ვაქცევდით, დროს აღარ ვუთმობდით... მეგობარმა ქალმა სილა გამაწნა და ატირებული გამეცალა.
მე კი ვხვდებოდი, რომ ძალიან მინდოდა ჩემი ცოლის ნახვა. ოფისიდან გიჟივით გამოვვარდი, უახლოეს ყვავილების მაღაზიაში ყველაზე ლამაზი თაიგული ვიყიდე და როცა მეყვავილე დაინტერესდა, რა წარწერა უნდა გაეკეთებინა ბარათზე, ვუპასუხე: "ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება, სიკვდილამდე ხელით გატარო!"
შინ დავბრუნდი, გულაფორიაქებულმა და გაღიმებულმა ავირბინე კიბეები და საძინებელში შევირბინე. ჩემი ცოლი ლოგინზე იწვა... ის გარდაცვლილი იყო...
მოგვიანებით გავიგე, რომ ბოლო რამდენიმე თვე დიდი შემართებით ებრძოდა სიმსივნეს... მაგრამ არაფერი მითხრა, და მეც არაფერი შემინიშნავს, რადგან მეტისმეტად ვიყავი დაკავებული "გვერდითი" ურთიერთობებით.
ჩემი ცოლი საოცრად ბრძენი ქალი იყო: განქორწინების გამო მონსტრად რომ არ ვქცეულიყავი ჩვენი ვაჟის თვალში, მოიფიქრა ეს "განქორწინების პირობები".
იმედი მაქვს, ეს ამბავი ვინმეს მაინც დაეხმარება ოჯახის შენარჩუნებაში... ბევრი ადამიანი დანებებულა, ისე, რომ არც კი სცოდნიათ, რომ სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებდათ გამარჯვებას!"