"ჩემი აზრით, დაწყებით კლასებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი კერძო სკოლაში ივლის თუ საჯაროში" დაიწყო ახალი სასწავლო წელი და თანდათან ნელდება წინასასკოლო სამზადისის ციებ-ცხელება, სამაგიეროდ, მოსწვლეებისთვის აჩქარდა რიტმი. როგორც წესი, სწავლის, სხვადასხვა წრის შერჩევის და მსგავს საკითხებში დედები აქტიურობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან შევიტყვეთ, არც მამები ჩამოუვარდებიან მათ, აქტივობასაც იჩენენ და ყურადღებასაც არ აკლებენ შვილის განათლების მიღების პროცესს.
ზურა ხაჩიძე: "ანასტასია გაკვეთილზე მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს“
- მოგეხსენებათ, სწავლა ნაადრევად შეწყდა სკოლებში, საკმაოდ გრძელვადიანი არდადეგები გამოუვიდათ ბავშვებს, ეს პერიოდი კი ანასტასიამ ნაყოფიერად გამოიყენა. დასვენების პერიოდში ყურადღებას ვაქცევდი, რომ კლასგარეშე ლიტერატურა წაეკითხა, ამოეხსნა ამოცანები, გაცნობოდა ბევრ წიგნს. როცა დრო მაქვს, ყველანაირად ვცდილობ, ჩავერთო მისი განათლების საკითხში, მაგრამ თუ დაკავებული ვარ, მაშინ ბოლომდე ჩემს მეუღლეზეა ეს საკითხი მინდობილი.
ზაფხულში, დასვენების პერიოდში ხათუნამ იზრუნა ყველა იმ დეტალზე, რაც ბავშვს სასკოლედ დასჭირდებოდა, წინასასკოლო სამზადისს ხათუნა და ანასტასია აგვარებენ ერთად, მაგ საკითხში არ ვერევი, როგორც ვიცი, ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ.
- თუ ეხმარებით ხათუნას, ანასტასიას იმის გადაწყვეტაში, რომელ წრეზე იაროს ბავშვმა?
- კი. ანასტასიას გაჭირვებით არც ერთი საგანი არ უჭირს, წარჩინებით დაამთავრა როგორც პირველი, ასევე მეორე კლასი, ბაღშიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით, მუსიკალური და თეატრალური ნიჭით. მის სისუსტედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გაკვეთილზე, ამოცანებს და ზოგადად, მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს, ეს მასწავლებლისგან ვიცი. რაც შეეხება წრეებს, ანასტასია ფრანგულ "ეკზიუპერის სახელობის სკოლაში" დადის, სადაც უამრავი წრეა, მათ შორის ჩემმა შვილმა ხატვა შეარჩია, ასევე ჩემი და მისი ერთობლივი სურვილით დადის ვიოლინოზე, მინდა, კლასიკური მუსიკალური განათლება მიიღოს.
- ბავშვი რამდენად გახსნილია თქვენთან?
- ვერ ვიტყვი, რომ წარჩინებული მამა ვარ და ყოველ საღამოს გაკვეთილებს ვიბარებ, ამაში გვეხმარება დამხმარე ქალი, ქალბატონი ტანია და ასევე ბებია. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში მე გამომყავს სკოლიდან და ყოველთვის მიყვება რა ხდებოდა იმ დღეს, რა ეწყინა, რა გაუხარდა – ყველაფრის საქმის კურსში ვარ. პატარაობიდანვე მე და ანასტასიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ბავშვი ყველა საკითხში გახსნილია ჩემთან.
ხვიჩა მაღლაკელიძე: "წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული"
- წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული, ასე რომ არ იყოს, ამხელა თანხას ცალკე მის სწავლაში და ცალკე მის წიგნებში ვერ გადავიხდიდი. ასე რომ, მამაა ძირითადად ამ საქმეში ჩართული, დედაც თვისთავად, რადგან კივის-წივის, ისწავლე, წიგნი გადაშალე, ამოდი ეზოდან და ა.შ. მაგრამ მამა ფინანსურ მხარეს აგვარებს.
- დაახლოებით რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება, უხეშად მაინც რომ ვთქვათ, რა თანხასთან გვაქვს საქმე?
- უხეშად კი არა, ეგ უნდა თქვა სევდით, მოსასამძიმრებელი ტონით. ჩემი შვილი დადის კერძო "მწვანე სკოლაში", სადაც წელიწადში 2800 ლარს ვიხდი. მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ, უმაღლეს დონზეა სწავლა, ბავშვი ისეთი მონდომებულია, დილით სკოლაში პირველები ეგ და დარაჯი მიდიან, უყვარს იქ ყოფნა, კარგი გარემოა. ვინაიდან სკოლა საჯარო არ არის, გვიწევს წიგნების ყიდვა, ეს ცალკე დაახლოებით 200 ლარი ჯდება, თან ისეთი სისტემა აქვთ შემუშავებული, წიგნს თავისი რვეული მოჰყვება, რომელიც აუცილებლად უნდა შევიძინოთ, წიგნთან არსებულ რვეულში უნდა ამოხსნას ბავშვმა 2-ჯერ ორი რომ ოთხია, სხვა რვეულში არ ამოიხსნება... გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში ტუალეტის ქაღალდისფერი რვეულები რომ იყო, უკანა ყდაზე გამრავლების ტაბულა, რომ ეწერა?! მოხევდი, ტუალეტსაც მოილევდი და ცოდნასაც მიიღებდი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის (იცინის). გარდა ამისა, სკოლაში ცალკე ვიხდით კვების გადასახადს, უმნიშვნელო თანხას, მაგრამ მაინც... ვინაიდან სკოლიდან ხან ცურვაზე გარბის, ხან ვიოლინოზე, სახლში მოსვლას ხან ვერ ასწრებს და ჯობია, იქ მიიღოს საკვები. დღევანდელი ბავშვები ბავშვობას ვერ "ასწრებენ", სულ დაკავებულები არიან, ეზოსთვის, შურდულით მანქანის ფარის, ან ვიღაცის ფანჯრის მინის ჩამსხვრევისთვის ვერ იცლიან, მართალია, ესეც მამის ასანაზღაურებელია, მაგრამ მაინც. სამაგიეროდ, ზაფხულში იკმაყოფილებს ამ დანაკლისს მთლიანად.
მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ბავშვი სპორტით დავტვირთოთ, სკოლაში ჩოგბურთის წრე აქვთ, დადის, რაც კარგია, რადგან მამას ჰგავს ღიპში, ლუარსაბისკენ მიმავალი ტანის პატრონი შვილი მყავს. ასევე მიჰყვება დედიკოს და მამიკოს ბიჭის მიმართულებებსაც, ვიოლინოს, ფორტეპიანოს ვგულისხმობ. მამა მუსიკოსია და შვილი ზეინკალი არ მინდა გამოვიდეს, თუმცა ზეინკლობას ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაამთავრა მუსიკალური სკოლა ვიოლინოს განხრით, მაგრამ წელს ალბათ კერძოდ გავაგრძელებთ მომზადებას, რადგან ვიოლინოს, როგორც ყველა ინსტრუმენტს მუდმივი მუშაობა სჭირდება.
- რამდენად მეგობრული ურთიერთობა გაქვს შვილთან?
- მოგეხსენებათ, ბიჭები დედებთან უფრო გახსნილები არიან, ამიტომ დედასთან უფრო შლის გულს და მას უყვება ამბებს. სადილად რომ ვსხდებით, გვიყვარს წაჭორავება, ვსაუბრობთ მხოლოდ ისეთ თემებზე კუჭი რომ არ აგვეშალოს.. ჩემს ბიჭს რაღაც-რაღაც საიდუმლობები აქვს, ტელეფონზე რომ ურეკავენ, გვერდით ოთხში გასვლა და საუბარიც ახასიათებს, რაც მის ასაკში უკვე ნორმალურია.
დავით ქაცარავა: "წელს ისეთი პერიოდი და ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა, ვერაფრით ვერ ჩავერთე წინასასკოლო სამზადისში"
- სკოლის ასაკი ჩემს უფროსს შვილს აქვს, მესამე კლასშია, პატარები ჯერ თავისუფლები არიან. სამწუხაროდ, წელს ისეთი პერიოდი და ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ ვერაფრით ვერ ჩავერთე წინასასკოლო სამზადისში, თუმცა წინა ორ წელიწადს საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ თვალსაზრისით. ჩემთვის დიდი პრობლემაა უდროობა, ცუდია, რომ საკუთარ ოჯახთან იმდენ დროს ვერ ვატარებ, რამდენიც მინდა, რომ მათთან დავხარჯო.
- როდესაც სკოლის შერჩევის საკითხი წყდებოდა ოჯახში, თუ მიიღეთ მონაწილეობა? ან თუ ერევით ისეთ დეტალებში, როგორიცაა ბავშვის ამა თუ იმ წრეზე მიყვანა - სიარული?
- კი, კი, რასაკვირველია. ჩემ გარეშე ეს საკითხები არ წყდება. ჩემი შვილი ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში დადის. ჩემი აზრით, დაწყებით კლასებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი კერძო სკოლაში ივლის თუ საჯაროში, შემდეგ და შემდეგ კი უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება ამ საკითხს. რაც შეეხება დამატებით წრეებს, ვცდილობთ, აქტიურად დავტვირთოთ, დადის ცურვაზე, კრივზე, კაიაკში ვარჯიშობს ჩემთან ერთად, ტანვარჯიშითაც იყო დაკავებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, მრავალმხრივად დავტვირთოთ და მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარება არ იყოს ერთ რაღაცაზე ფოკუსირებული.
- დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გიყვებათ?
- კი, მე და ჩემი შვილი ვმეგობრობთ, ურთიერთობის ეს სტილი ჩემი მშობლებისგანაა დანერგილი, მამაჩემი მთელი ცხოვრება ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და არის. შვილებთან მიმართებაში მკაცრი არ ვარ, კომუნიკაცია გვაქვს აწყობილი ისე, როგორც თანატოლებს, შენ უმცროსი ხარ და მე – უფროსი – ეს მომენტი არ იგრძნობა. სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, ყოველგვარი ყვირილისა და გადამეტებული სიმკაცრის გარეშე. თუმცა, ზუსტად იციან, როდის შეიძლება გავბრაზდე, ჩემი სახის გამომეტყველებითაც კი ხვდება უფროსი, თუ რამე არასწორად გააკეთა.
ციცი ომანიძე