გამოკითხულთა 47%-ის აზრით, ბავშვის დაწყნარება მხოლოდ დედის ამოცანაა როგორც დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა სოციალურმა გამოკითხვამ უჩვენა, მამების 50%-ზე მეტი თავს იმძინარებს, რომ ღამით არ ადგეს ბავშვის მისახედად. მონაცემთა გადამუშავების შემდეგ გამოკითხვამ, რომელშიც 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მამა მონაწილეობდა, დაამტკიცა, რომ იმ ოჯახების 95%-ში, სადაც წლამდე ასაკის ბავშვია, არსებობს ღამით მოტირალი ბავშვის დასაწყნარებლად ადგომის საჭიროება. თუმცა მამების 56%-მა აღიარა, რომ ამ დროს თავს იმძინარებენ, თითქოს ღრმად სძინავთ და არ ესმით ბავშვის ტირილი, ელოდებიან, როდის მოაგვარებს პრობლემას მეორე ნახევარი. ზოგიერთმა ისიც კი თქვა, ხმამაღლა ვხრინავ, თითქოს არაფერი არ მესმის და ცოლის ძახილსაც კი არ ვეხმაურებიო.
მამები თავიანთ საქციელს იმით ხსნიან, რომ მათი ბავშვთან მისვლის აუცილებლობა არ არსებობს, პატარას მაინც დედის მისვლა ურჩევნია. ზოგიერთი მამა გამოტყდა, რომ დამოუკიდებლად ბავშვის დაწყნარება უჭირს და ამიტომაც არ დგება ღამით და თავიდან იცილებს ამ პასუხისმგებლობას. დაახლოებით 10%-მა აღიარა, რომ უბრალოდ დაღლილები არიან და ეზარებათ ღამღამობით ადგომა.
გამოკითხულთა სულ მცირე ნაწილმა თქვა, რომ დგება ბავშვის ტირილზე ან ცოლთან ერთად, ან მორიგეობა აქვთ დაწესებული.
გამოკითხულთა 47%-ის აზრით, ბავშვის დაწყნარება მხოლოდ დედის ამოცანაა. მამების მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ ღამღამობით სწორედ მამები უნდა ადგნენ ბავშვის დასამშვიდებლად, რადგან დედები დღის განმავლობაში ისედაც ძალიან იღლებიან ბავშვთან.
მართალია, გამოკითხვა ბრიტანეთში ჩატარდა, თუმცა მკვლევართა თქმით, მონაცემებში სერიოზული ცვლილებები არ იქნებოდა, სხვა ქვეყანაშიც რომ ჩაეტარებინათ.