"შვილის ემოცია ორზე რომ გაამრავლო, ესაა შვილიშვილი" ბებია-ბაბუას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ისინი არიან ადამიანები, რომლებთანაც ნებისმიერ დროს შეუძლია შვილიშვილს გაქცევა და ვიცით, რომ თანადგომასა და ნუგეშს ნებისმიერი "დანაშაულის" მიუხედავად მაინც მივიღებთ. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი მკაცრი მამაა, მაგრამ შვილიშვილების წინაშე "უძლური" ხდება და პატიობს ისეთ რაღაცებსაც კი, რაზეც შვილებს სასტიკად გაუბრაზდებოდა.
გადავწყვიტეთ, ცნობილ ბაბუებს შევხმიანებოდით და გაგვერკვია, რამდენად მკაცრი მამები იყვნენ და რა შეცვალა შვილიშვილებმა მათში.
ნუგზარ კვაშალი: "შვილიშვილის დაბადების შემდეგ 6000 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება"
- პირველი შვილი ბიჭი იყო და განსაკუთრებული ემოცია მქონდა, მაგრამ მეორე ბიჭზე უფრო მეტად ავღელდი. ექიმს შევუვარდი, იქვე ხის ჭიქა ედგა, იმდენად დაბნეული ვიყავი, ჩავასხი მასში კონიაკი, დავლიე და... მერე აღმოჩნდა, რომ ეს ჭიქა კი არა, საფერფლე ყოფილა. მგონი სიგარეტის 17 "ბიჩოკი" გადავყლაპე, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. ექიმები მეუბნებოდა, ამისთანა სიგიჟე მეორე ბიჭზე არ მინახავსო, მაგრამ რაჭულად მომივიდა. ბაბუა ცოტა გვიან გავხდი, ტრადიციულად, მამასა და შვილს შორის სხვაობა 20 წელია ხოლმე, ბაბუასა და შვილიშვილს შორის - 40 და ა.შ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა, ჩვენმა ბიჭმა მანამ არ მოიყვანა ცოლი, სანამ მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი არ დავიწერეთ, ამის შემდეგ გატყდა ნავსი, დაქორწინდა და გაჩნდა პატარა ანა... აი, ამ ემოციას კი ნამდვილად ვერ აღვწერ, ესაა სასწაული. შვილიშვილის დაბადების შემდეგ 6000 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მანმადე სხვა ბავშვებისთვის ვიყავი ბაბუ, ახლა კი უკვე ჩემი საკუთარი შვილიშვილ მყავს, რომელსაც ჩემთან სძინავს, ჩემთან ხვრინავს, ხან მისი ფეხი მიდევს პირში, ხან - ცხვირი და ხან - ტაკუნები. ახალი სიცოცხლე ოჯახის ხანგრძლივობა და გაგრძელებაა.
- როგორც მამა, მკაცრი იყავით?
- ვერ მოვასწარი სიმკაცრე, იმიტომ, რომ სულ გასტრლოებზე გახლდით, იქიდან ჩამოსული კი ისეთი მონატრებული ვიყავი, ყველაფერს ვუსრულებდი შვილებს. უფრო დედას, ანუ ჩემს მეუღლეს უხდებოდა ბავშვებისთვის ტაკუნებზე ტყაპუნი. რომ ჩამოვდიოდი კი მიყვებოდა მათ "გმირობებს", მაგრამ მონატრებული ყველა დანაშუალს ვპატიობდი.
- ბაბუა და სიმკაცრე შორს არიან ერთამენთთან, ხომ?
- კი, არ არსებობს ეს ორი სიტყვა ერთად. ის, რასაც ვერ აპატიებდი შვილებს, რის გამოც დასჯიდი, ან კუთხეში დააყენებდი, აპატიებ შვილიშვილს. თან, მოგეხსენებათ, ანა გოგოა და ისეთი მოფერება იცის, სიმკაცრე კი არა, დაგავიწყდება ყველაფერი, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ ისეთი სიცოცხლეა. ორი ბიჭის შემდეგ, გოგოს სიყვარული სხვა ყოფილა, მეუღლის შემდეგ სიბერეში შვილიშვილი თუ მოგეფერება. გეტყვის, ჩემო კარგი, ჩემო ბაბუუუ. და მორჩა, რომ დააქციოს, დალეწოს ყველაფერი, ჩემს თავზე ვიღებ. ბაბუობა მართლა სასწაულია, მაგრამ შვილს თავისი ადგილი აქვს და შვილიშვილს - თავისი, ყველას თავისი ნიშა აქვს.
ზურაბ ცინცქილაძე: "შვილიშვილებმა მასწავლეს, რომ ბავშვებს ყური უნდა დაუგდო და ბევრი რამ მათგან ისწავლო"
- 21 წლისას შემეძინა შვილი. მამა რომ გავხდი, ჯარში ვიყავი, დედაჩემმა დამირეკა, ქალიშვილი შეგეძინაო. ავტომატის ერთი მჭიდი ჰაერში გავისროლე და ჰაუვტვახტში ჩამსვეს ერთი კვირით, ისიც იმიტომ, რომ პატიოსანი და კარგი ბიჭი ვიყავი, თორემ შეიძლებოდა ციხეც მოესაჯათ, რადგან ვერ დავამტკიცე, რომ მტერი შევნიშნე - სხვა შემთხვევაში გასროლის უფლება არ გვქონდა.
- რამხელა იყო თქვენი შვილი, პირველად რომ ნახეთ?
- 5 თვის. თეა რომ პატარა იყო, მე უამრავი საქმე მქონდა, იყო გასტროლები, დავდიოდი აქეთ-იქეთ, შვილის გემო რასაც ჰქვია, გავიგე მეორე შვილის - ანის დაბადების მერე, ეს იყო 14 წლის შემდეგ.
- რატომაა შვილებს შორის ამხელა განსხვავება?
- ახლა მეც მაგას ვდარდობ და პასუხი არ მაქვს... ალბათ, ის, რომ სულ მქონდა გასტროლები, სპექტაკლები, პრემიერები და მეგონა, ეს იყო ყველაფერი, არადა თურმე გვერდს უვლი ყველაზე მთავარს, აჩინე შვილები და იყავი, ესაა უმნიშვნელოვანესი.
- რამდენად მკაცრი მამა იყავით შვილების მიმართ?
- მკაცრი ვიყავი უფროსთან – თეასთან მიმართებაში, უფრო იცი რა იყო ეს? ვთამაშობდი სიმკაცრეს, იმიტომ, რომ ვიცოდი, მამა მკაცრი უნდა ყოფილიყო. ეს შეცდომა გამოვასწორე ანისთან და საკმაოდ რბილი ვიყავი. თეას `ვეფხისტყაოსანს~ ვასწავლიდი. მე მინდოდა, თავიდან ბოლომდე მცოდნოდა პოემა. სანამ შვილს ვასწავლიდი, კი ვისწავლე მეც, მაგრამ თეას ვეუბნებოდი, ნებისმიერ ინსტიტუტში რომ შეხვალ და გაიგებენ, `ვეფხისტყაოსანი~ ზეპირად იცი, უპრობლემოდ მიგიღებენ-მეთქი...
- შვილიშვილებზე რას გვეტყვით?
- შვილიშვილებმა მასწავლეს, რომ ბავშვებს ყური უნდა დაუგდო და ბევრი რამ მათგან ისწავლო, მათგან ნასწავლი და ნამეცადინები გამოვდივარ. ჩვილობისას, როცა ანი მეჭირა ხელში, დავინახე, როგორ იღიმოდა, ის ხომ ანგელოზებს უცინოდა, ბავშვები ანგელოზებს ხედავენ და ესაუბრებიან, ჩვენ - ვერა და კიდევ ჩვენ ვასწავლით მათ რაღაცებს... ამიტომ მათ ყური უნდა დავუგდოთ და მათგან ვისწავლოთ. ახლა ანის შვილები სკოლაში შევიდნენ, მერაბიკომ სკოლაში იჩხუბა, ვკითხე, რატომ მოხდა ეს-მეთქი, ვლაპარაკობდი და არ მისმენდაო. მერე უფროსებმა დავუწყეთ ჭკუის სწვალება, სკოლაში ჩხუბი არ შეიძლება, რომ გაიზრდები იტყვიან, უწესო ბავშვია და ა.შ. გვისმინა, გვისმინა ყურადღებით და იცი, რა გვითხრა? ადრე ვერ მითხარით, თუ სკოლაში ჩხუბი არ შეიძლებოდა, მე რა ვიცოდიო (იცინის). ესე იგი, თუ ჭკუის დარიგება გინდა, დროულად დამარიგეო.
- სულ რამდენი შვილიშვილი გყავთ?
- ოთხი, უფროსი - ლიზი მეორე კურსზეა, რეზი 14 წლისაა, პატარები კი, როგორც გითხარით, წელს შევიდნენ სკოლაში.
- უფროსი შვილიშვილები თუ გიყვებიან თავიანთ ამბებს?
- პატარები უფრო მიყვებიან, დიდები მორიდებულები არიან. არ ვაკლებ არც იუმორს, არც ხუმრობას, მაგრამ მაინც გაუცნობიერებელი რიდი აქვთ. ისე, სიმართლე გითხრათ ეს გარკვეულწილად მომწონს, რადგან რიდი ადამიანის სამკაულია.
- თუ ანებივრებთ შვილიშვილებს?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი გახარება, ცოტა ხნის წინ ლიზის დაბადების დღე იყო და ყველა ხერხს მივმართე, რომ მისთვის ფეხსაცმელი მეყიდა და ძალიან გაუხარდა. უფროსებს ფული უფრო უხარიათ, წავლენ ყავას დალევენ მეგობრებთან ერთად. პატარებმა ჯერ ამდენი არ იციან, მათ სათამაშოები უფრო უხარიათ. სხვათა შორის, ჩემი ანის შვილებს, მეორე ბაბუა, მერაბ კალანდაძე, რომელიც დაიღუპა, ძალიან უყვარდათ, ის ანებივრებდათ, სახლში შესვლისას ეკითხებოდნენ, რა მომიტანეო და მინდა, რომ მეც ხელებში შემხედონ... ვცდილობ, როგორმე ჩემი საპარლამენტო პენსია გავაწვდინო და ხელებშიც შემომხედონ და თვალებშიც.
- ყოფილა შემთხვევა, როცა გაბრაზებიხართ, შენიშვნა მიგიციათ შვილიშვილებისთვის?
- კი. უმცროსებს ვერაფერზე ვუბრაზდები, უფროსებთან ჩემი უკმაყოფილების თემა კომპიუტერთან უსასრულოდ ჯდომაა, ვეუბნები, რა კარგი იქნებოდა და რა ბევრს გამომრჩებოდით, საჩუქრებს ვგულისხმობ, რომ კომპიუტერის ნაცვლად წიგნი გეჭიროთ-მეთქი. კითხულობენ კიდეც, მაგრამ უწიგნურობა მიშლის ნერვებს და მინდა, უფრო მეტი იკითხონ.
მამუკა ღლონტი: "შვილის ემოცია ორზე რომ გაამრავლო, ესაა შვილიშვილი"
- მამა 23 წლის ასაკში გავხდი, იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია, რადგან ყველაზე მაგარი შეგრძნებაა ადამიანის ცხოვრებაში.
- რამდენად მკაცრი და მომთხოვნი მამა ხართ ან იყავით, მაშინ როცა შვილები პატარები იყვნენ...
- მომთხოვნი ყოველთვის ვიყავი და ვარ შვილების მიმართ, მაგრამ მათთან მიმართებაში ხმისთვის არასდროს ამიწევია. შვილებთან მაქვს მეგობრული და მამა-შვილური ურთიერთობა, ეს ორი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიო მშობელმა. არ ვუმალავთ ერთმანეთს არაფერს, ტკბილი და თბილი დამოკიდებულება გვაქვს.
- მეორე, მესამე შვილის ამ ქვეყნად მოვლენას განსხვავებული ემოცია ახლავს?
- ემოცია განსხვავებულია, სიყვარული - არა, გრძნობა ყველას მიმართ ერთი სიმძლავრისაა. მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ პირველ შვილს ფირიანი ფოტოაპარატით, იმ დროს სხვა არ იყო, ათასამდე ფოტო გადავუღე, მეორეს - ხუთასამდე, მესამეს - დაახლოებით ასი.
- ამბობენ, შვილიშვილი სამყაროს მიმართ შეხედულებასაც კი უცვლის ადამიანსო...
- კი, ასეა. შვილის ემოცია ორზე რომ გაამრავლო, ესაა შვილიშვილი, ქართველებს კარგად გვაქვს ეს სიტყვა ნათქვამი - შვილის შვილი ორჯერ შვილიაო. შესაბამისად, ემოციაც მრავლდება ორზე და ადამიანს ცვლის. როდესაც ახალგაზრდა ხარ, სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად უყურებ სამყაროს, ზრდასრულ ასაკში კი ყველაფერი სხვაგვარადაა და სამყაროც იცვლება.
- რაზეც უბრაზდებოდით შვილებს, იმაზე შეიძლება, გაუბრაზდეთ შვილიშვილს?
- შვილებსაც არ ვუბრაზდებოდი, მაგრამ გათამამების თვალსაზრისით უფრო ლმობიერი ხარ შვილიშვილთან, ვიდრე შვილთან.
- რა ხნისაა ახლა თქვენი შვილიშვილი, ალბათ ყოველდღიურად ახალ რაღაცებს სწვალობს?
- მეათე თვეშია, ახლაც ჩემთან ერთადაა, იცვლება ყოველ წუთას, გამოხატავს ემოციას ადამიანების დანახვისას, ჰყავს ფავორიტები, დეიდები, რომლებიც ყველას ურჩევნია, მეც ვუყვარვარ ძალიან, თუმცა ხანდახნ მე წვერი მაქვს და არ სიამოვნებს, რომ ვკოცნი და ჩემთან არ მოდის.
ციცი ომანიძე