"ჩემს შვილს ჰყავს ძიძა, თუმცა მგონია, რომ ძიძა არ არის საჭირო" ძიძის ინსტიტუტი ბევრ დედას ეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში და ხელს უწყობს იმაში, რომ შვილის გაჩენის შემდეგაც იფიქროს კარიერაზე. ამჯერად გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორი დამოკიდებულბა აქვთ ძიძის აყვანის თაობაზე მამებს, როდის თვლიან ამის აუცილებლობას და როგორ უყურებენ საერთოდ ქალის მუშაობის საკითხს. ამ თემაზე სასაუბროდ კახა მიქიაშვილს და გია ბაღაშვილს დავუკავშირდით. ამ უკანასკნელისგან შევიტყვეთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მესამე ქალიშვილის მამა გამხდარა.
გია ბაღაშვილი: "ძიძა ერთად შევარჩიეთ"
- 12 ნოემბერს ოჯახში პატარა მარიამი შემოგვემატა, რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანია, დები ელოდნენ და ძალიან თბილად შეხვდნენ, მეტად მეგობრული განწყობაა ოჯახში.
- გია, უშუალოდ ჩვენს თემაზე, ძიძაზე გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაშია აუცილებელია ძიძის აყვანა?
- სწორად ახსენეთ სიტყვა აუცილებლობა. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში უნდა ავიყვანოთ ძიძა, როცა ამის აუცილებლობა დგება, როცა დედისთვის ფიზიკურად რთული ხდება ამ სიტუაცის დაძლევა, მით უმეტეს, თუ შვილების რაოდენობდა იმატებს. დღევანდელ ვითარებაში რთულია ყველაფრისთვის ერთად თავის მობმა. ჩვენც სულ ცოტა ხნის წინ შემოგვამატა ძიძა.
ჩემი მეუღლე უნივერსიტეტს ამთავრებს, კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლობს, სადაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. იქ სწავლა იმ ადამიანისთვისაც კი რთულია, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ თამუნა მუშაობს ჩემთან ერთად, უწევს პროდუსერობას ჩემს პროექტებს, ხელმძღვანელობს მარკეტინგის განყოფილებას, დამეთანხმებით, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი და გრაფიკი გამოსდის. მიუხედავად ამისა, თავისი დროის 90%-ს უთმობს ოჯახს და ბავშვებს, დანარჩენ 10%-ს კი შევსება ნამდვილად სჭირდება.
- პირადად თქვენ თუ ჩაერიეთ ძიძის შერჩევის საკითხში?
- კი, ჩვენ ერთობლივად ვწყვეტთ საოჯახო თემებს და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს. რასაკვირველია, ჩავერიე, იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პიროვნებას, ვინც უნდა გახდეს ოჯახის შემადგენელი ნაწილი.
- სააგენტოს დახმარებით აიყვანეთ ძიძა?
- როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მივხვდი, რომ სააგენტო ამ მხრივ ბევრ რამეს აიოლებს და ამ გზით ძიძის აყვანა უფრო გამართლებული ფორმაა. 100%-იანი გარანტია ადამიანს არაფერში არ აქვს, მაგრამ რისკფაქტორებს ნამდვილად ამცირებს.. თავად სააგენტოს აქვს მოთხოვნები ძიძების კანდიდატებთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ფლობს ინფორმაციას ნასამართლეობის თაობაზე, კეთდება ტესტები ჰეპატიტსა და სხვა დანარჩენენ სნეულებებზე. ეს დეტალები შეიძლება თავადაც მოგაფიქრდეს, როცა დამოუკიდებლად არჩევ ძიძას, მაგრამ უბრალოდ გეუხერხულოს ამ თემაზე კითხვის დასმა, თან პროცედურულად ამის განხორციელება რთულია. ამ საკითხებს სააგენტო უფრო ამარტივებს, გარდა ამისა ვფიქრობ, დასაქმების უფრო ორგანიზებული ფორმაა.
- ბავშვები როგორ შეეგუვნენ ახალ ადამიანს?
- თამუნას ძალისხმევით და მუდმივად გვერდში ყოფნით შეგუების პროცესი ძალიან გამარტივდა. როდესაც დედა შვილებს გვერდში ჰყავს და ძიძას მხოლოდ დამხმარეს ფუნქცია აქვს, მაშინ უფრო მარტივი აღსაქმელია ბავშვისთვის ახალი ადამიანი ოჯახში. ხომ იცით, დედა, ბავშვისთვის მთელი სამყაროა და როდესაც მისთვის მთავარი ადამიანი მის გვერდითაა, ყველაფერი მარტივად გადასალახია. ამიტომ თამუნას წყალობით ეს საკითხი მარტივად დარეგულირდა. ამასთან, ჩვენი ძიძა, ეკა, ძალიან კარგი, თბილი, გულისხმიერი ადამიანია, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დღევანდელ სასტიკ, პირქუშ, გულგაციებულ, ფსიქოლოგიურად დამძიმებულ გარემოში როდესაც ადამიანს შერჩენილი აქვს უნარი, საკუთარ თავში მიოძიოს სითბო და გადასცეს პატარას, ძალიან დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ ყველას მოტყუება შეიძლება, მაგრამ ბავშვების არა. გრძნობენ, ყასიდად გამოხატავენ სითბოს და მხოლოდ სიტყვებით ეფერებიან, თუ ესაა რეალური განცდა და ჭეშმარიტი დამოკიდებულება.
- რას გვეტყვით ქალის მუშაობის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე?
- ჩემი მეუღლე ძალიან აქტიუარად მუშაობს ჩემთან ერთად, ერთობლივად ვსაქმიანობთ სატელევიზიო სფეროში თუ საკონცერტო საკითხებზე. თამუნას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ძალიან სწორად ანაწილებს პრიორიტეტებს, დროის და ენერგიის სწორ დოზირებას ახდენს, ისე, რომ ამით საქმე არ ზარალდება, პირველ ადგილზე მას დაყენებული აქვს ბაშვების და ოჯახის თემა, მეუღლე და სამსახური ერთამენთთანაა დაკავშირებული. მაგრამ საკუთარი თავის ექსპლუატაციის, ღამეების თენების, ბევრ რამეზე უარის თქმის ხარჯზე, ახერხებს პრიორიტეტების სწორად დალაგებას, რათა ძირითადი დრო ბავშვებს, დანარჩენი კი საქმეს არ მოაკლდეს. რაც შეეხება მუშაობას და საქმიანობას, თუკი ბავშვებს დედა არ მოაკლდებათ, არ ექნებათ დედის დეფიციტი, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ შეუცვლის, მაშინ ძალიან კარგია მუშაობა. მით უმეტეს, განათლების მიღების, ცოდნის დაგროვების შემდეგ ადამიანს ბუნებრივად უჩნდება ამ ყველაფრის რეალიზების სურვილი, რისი გამოუმჟღავნელობაც ბევრ პრობლმას და შინაგან წინააღმდეგობას იწვევს. თვითრეალიზაცია პროფესიული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანისთვის, დედის სტატუსის მქონე კი ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება. გარდა ამისა, როცა შვილები უცქერენ, რომ დედა შრომობს, ეს შრომის მინიშვნელობის აღქმისთვის კარგი მაგალითის მიმცემია. მოგეხსენებათ, პატარები სიტყვებზე მეტად ჩვენს საქციელს უცქერენ. შედეგად, "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი" ბავშვებისთვის არ დარჩება მხოლოდ მცნებად და ქადაგების შემადგენელ ნაწილად, მათთვის ეს იქნება ოჯახის ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტების სწორად განაწილებას, რთული შესარწყმელია ოჯახი და სამსახური ერთთმანეთთან, მაგრამ შეუძლებელი არა მგონია იყოს.
კახა მიქიაშვილი: "არ მივეკუთვნები იმ კაცების კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს"
- ჩემს შვილს ჰყავს ძიძა. ზოგადად, მგონია, რომ ძიძა არ არის საჭირო, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი დახმარება, რადგან მიმაჩნია, რომ ბავშვი დედასთან, მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ან ზოგადად ოჯახის წევრებთან უნდა იზრდებოდეს. მაგრამ თუ არსებობს აუცილებლობა, ორივე - დედაც და მამაც დაკავებულები არიან, ფიზიკურად ვერ ტოვებენ ბავშვს ვერავისთან, მაშინ გასაგებია ძიძის აყვანა, თორემ დაიქირავო ძიძა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელს ეზარება მეტი ყურადღების გამოჩენა, მეტი დროის დათმობა, სახლში წამოწოლა და საქმის შემსუბუქება უნდა, სწორი არ მგონია. თუ გამოუვალი მდგომარეობა და აუცილებლობაა, უნდა იყოს ძიძა და ჩვენს შემთხვევაშიც ასეა.
- ძიძის შერჩევის საკითხში თუ ჩაერიეთ?
- არ ჩავერიე, იმიტომ, რომ ძიძა, რომელიც ახლა ჩემს შვილთან არის, მანამდეც მუშაობდა ამ ოჯახში, ანუ, ჩემი შვილის დეიდაშვილი გაზარდა და კმაყოფილები იყვნენ მისით, სანდო იყო და სწორედ ამ მიზეზით არ ჩავერიე. თორემ ახლა რომ დაგვჭირვებოდა შერჩევა, ბუნებრივია, ჩავერეოდი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური მომენტები, ბავშვთან ურთიერთობა, ხასიათი, თვისებები და ა.შ. ასეთ დეტალებს დიდი ყურადღება ექცევა, იმიტომ, რომ ბავშვმა დროის დიდი ნაწილი მასთან უნდა გაატაროს და შეიძლება ბევრი რამ მისგან ისწავლოს.
- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქალის მუშაობას, იმას, რომ ქალი დაკავებულია, აქვს სამსახური...
- ქალის მუშაობას დადებითად ვაფასებ, არ მივეკუთვნები იმ კაცების კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს, სამზარეულოში და რეცხავდეს სარეცხს. თუ აქვს უნარი, განათლება და საშუალება, იმუშაოს და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ რატომაც არ უნდა გააკეთოს?! რატომ არ უნდა დაკავდეს სამსახურით, ვფიქრობ ეს კარგიცაა, ოღონდ სასურველია, ისეთი სამსახური ჰქონდეს ქალს, რომ დრო მეუღლისთვის და შვილისთვისაც რჩებოდეს.
- პირადად თქვენ რა დრო გრჩებათ შვილთან ურთიერთობისთვის?
- სამწუხაროდ, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე არ ვარ ისეთი მამა, როგორიც უნდა ვიყო. მაგალითად გუშინ დილის 8 საათზე რომ გამოვედი სახლიდან, გამთენიისას 5 საათზე შევედი. ტელევიზია, რეპეტიცა, სპექტაკლი, შემდეგ ისევ რეპეტიცია... ასეთი რეჟიმი შეიძლება ძალიან ხშირად მქონდეს, შესაძლოა, დღეები ან კვირები ქვეყნიდან ან ქალაქიდან ვიყო გასული პროფესიიდან გამომდინრე, შესაბამისად ძალიან ცოტა დროს ვატარებ შვილთან და ოჯახის წევრებთან. თუმცა როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ავანაზღაურო დანაკლისი. სამწუხაროდ, ვერ ვარ ისეთი მამა, როგორიც მინდა, ვიყო.
- ახლა რა ასაკის არიან თქვენი შვილები?
- უფროსი 8 წლის არის, უმცროსი - ორი წლის და 5 თვის.
- პატარა ბაღში არ დადის?
- არა, რადგან 3 წლამდე ბავშვის ბაღში მიყვანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი ბავშვთა ფსიქოლოგისგან გამიგია და მეც ვიცი, რომ 3 წლამდე, მინიმუმ 2,5 წლამდე ადრე ბავშვის ბაღში მიყვანა რეკომენდებული არაა. მე არავის არ განვიკითხავ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ წლის და თვეების ბავშვი რომ მიჰყავთ ხოლმე ბაღში, მეცოდება, რადგან მოუმზადებელია, მოუმწიფებელი და მისთვის რთულია, მიიყვანო სადღაც და დატოვო. ძიძა სხვა შემთხვევაა, რადგან ამ დროს შინაურ გარემოშია მაინც პატარა, სწორედ ამის გამო პირველი ბავშვიც 3 წლის ასაკში მივიყვანეთ ბაღში და მეორეს შემთხვევაშიც ასე მოვიქცევით.
ციცი ომანიძე