დედები 3-ჯერ უფრო მეტად ეკოტაქტებიან და ესაუბრებიან შვილებს იცით, თუ არა, რომ დედები 3-ჯერ უფრო მეტად ეკოტაქტებიან და ესაუბრებიან შვილებს, ვიდრე მამები? ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ,რომ დედა უფრო დიდ დროს ატარებს ბავშვთან და მამა უფრო ცოტა ხანს, რადგან მუშაობს. დღეს დედების დიდი ნაწილიც საკმაოდ დაკავებულია სამსახურით ან საოჯახო საქმეებით. დასავლეთში ექსპერიმენტი ჩაატარეს : ბავშვის საწოლთან დადეს ჩამწერი მოწყობილობა და რთავდნენ მაშინ, როდესაც ორივე მშობელი იყო სახლში. ჩანაწერები გააკეთეს სამშობიარო სახლში, 1 თვის და 7 თვის ასაკში. შედეგი ძალიან საინტერესო და მოულოდნელი იყო. დედები 3-ჯერ უფრო ხშირად ელაპარაკებოდნენ თავის პატარებს, ვიდრე მამები. პატარები კი დედას უფრო „პასუხობდნენ“, ვიდრე მამას.
ბავშვისთვის მამასთან კონტაქტი, მისი საუბარი, ყურადღება და მოფერება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხშირად გაცილებით მეტი დატვირთვაც კი ენიჭება. არის გარკვეული ასაკები, როცა ბიჭსაც და გოგონასაც განსაკუთრებულად ესაჭიროებათ მამასთან კონტაქტი.
საერთოდ, ბავშვთან ურთიერთობა, მასთან საუბარი უკიდურესად აუცილებელია, მისი დაბადებიდანვე. რაც მეტ სიტყვას იგებს ბავშვი, მით მალე დაიწყებს ლაპარაკს, მით მეტი იქნება მისი სიტყვათა მარაგი, მით ჩქარა დაიწყებს კითხვას, კონტაქტს თანატოლებთან, უფრო გახსნილი იქნება. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბიჭებს, რომლებიც შედარებით გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე გოგონები.
მამებო, ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! ესაუბრეთ ყველაფერზე: როგორ ჩაიარა დღემ, ესაუბრეთ თქვენს გეგმებზე, ითამაშეთ და იხუმრეთ მათთან ერთად. იმაზე მეტ სითბოს, სიყვარულს და ენერგიას ვერსად აიღებთ, რამდენიც თქვენს საკუთარ ოჯახშია.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: დამაფიქრებელი ინფოგრაფიკა მამების მნიშვნელობაზე