ამბობენ, შვილების აღზრდა მამებს უფრო უჭირთო ამბობენ, შვილების აღზრდა მამებს უფრო უჭირთო. ამის დამტკიცება რთულია, სამაგიეროდ, ინტერნეტში უხვად ქვეყნდება რჩევა-დარიგებები, რითაც გამოცდილი ხალხი მამების დახმარებას ცდილობს. ამჯერად ეს რჩევები იუმორით არის მოწოდებული. წაიკითხეთ და გაერთეთ.
შვილების კითხვებზე პასუხის გაცემისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პასუხები შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ. თუ შვილი ისეთ რამეს გეკითხებათ, რომელზეც პასუხის გაცემა, თქვენი აზრით, მისთვის ჯერ ადრეა, ისე უპასუხეთ, რომ ვერაფერი გაიგოს. როცა მის კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, ელაპარაკეთ იმაზე, რაც კარგად იცით. ხანდახან იმ საკითხებზეც გადადით, რომელიც უფრო ცუდად გესმით. ბოლო-ბოლო ბავშვს მობეზრდება ეს ბოდიალი და თავს დაგანებებთ. გაუშვით დედამისთან, ახლა მან უპასუხოს კითხვებს. თუ სეირნობისას ბავშვს არც ერთი კითხვა არ დაუსვამს, ესე იგი დიდი ხანია სადღაც ჩამოგრჩათ. თუ მეორე ნაჭერი ნამცხვარი მოითხოვა, მთლიანი ტორტი უყიდეთ - დაე გაკვეთილი იყოს მისთვის. როცა მასწავლებელი ბავშვს რაიმეში ადანაშაულებს, მაშინვე მასწავლებელს ნუ დაუჭერთ მხარს. გახსოვდეთ, ბავშვისთვის პედაგოგი იგივეა, რაც თქვენთვის ცოლი - საათობით ხმაჩაკმენდილმა უნდა უსმინოს, უპასუხოს მის ახირებულ შეკითხვებს და ყოველთვის აუხსნას დაგვიანების მიზეზი. ეცადეთ ერთსა და იმავე დანაშაულისთვის სხვადასხვა სასჯელი შეუფარდოთ. მაგალითად, თუ უკვე მეორედ გამოუყო სტუმარს ენა, კუთხეში კი აღარ დააყენოთ, შუა ოთახში "დააყუდეთ", იქნებ ჭკუა ისწავლოს. თუ ასანთი ისეთ ადგილას დამალეთ, რომ თვითონაც ვეღარ პოულობთ, ბავშვებს ჰკითხეთ, აუცილებლად ეცოდინებათ. შვილისგან შეუძლებელს ნუ ითხოვთ, სცადეთ და თვითონ შეჭამეთ ბოლომდე ეგ ფაფა. არ უყვიროთ სტუმრების თანდასწრებით, მათ წასვლამდე დაიცადეთ. თუ წასვლას არ ჩქარობენ, ყურში უჩურჩულეთ თქვენი სათქმელი. სინათლის ჩამრთველი რაც შეიძლება დაბლა დააყენეთ - ტუალეტში როცა შეხვალთ, მარტო დარჩენილი ბავშვი მისი ანთება-ჩაქრობით გაერთობა და არ გაჩერდება, სანამ იქიდან არ გამოხვალთ. სამაგიეროდ, იმის დარდი არ გექნებათ, სად არის და რას აფუჭებსო. პატივი ეცით ბავშვის შრომას - მან მთელი დღე დაუთმო იმ ზედახორას მოწყობას, შინ მისულს რომ დაგხვდათ. თუ შვილი ცდილობს მოთმინებიდან გამოგიყვანოთ, არ გამოხვიდეთ. ჩაიკეტეთ თქვენს თავში და საშველად ცოლს უხმეთ. არასოდეს უთხრათ ბავშვს, რომ ულამაზოა. უბრალოდ, გააგებინეთ, რომ სახეზე მოცხებული ფლომასტრის ან კეტჩუპის ლაქები მის სილამაზეს ჩრდილავს. როცა გთხოვთ გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის, მოსთხოვეთ, ჯერ პირი დაიბანოს. იხილეთ ასევე: მამიკოს დღიური - გულისამაჩუყებელი და "რაღაცნაირი"