...პატარა ბავშვი, ჩვილი, ვერ ხვდება, თუ რამხელა სიწმიდეს მიეახლება ის და იწყებს ტირილს, არ იღებს ზიარებას... გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ. მე ახალგაზრდა დედა ვარ, მყავს 2 წლის ბიჭი, რომელიც დილით სასეირნოდ წავიყვანე. ეკლესია ჩვენს სახლთან ახლოს არის, როცა ვსეირნობთ, თითქმის ყოველდღე შევდივართ და ვანთებთ სანთელს. როგორც წესი, ამ დროს შიგნით არავინ არის, განსაკუთრებით მაშინ მიყვარს იქაურობა. რა თქმა უნდა, დღეს შიგნით ვერ შევედით, არც მიცდია. როგორც წესი, ბავშვები ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ და ამ მინდოდა, ვინმესთვის უხერხულობა შემექმნა. ზიარების დრო რომ მოვიდა, ტაძარში შევედით, ჩემი ფუმფულა, 17-კილოიანი ბავშვი ხელში ავიყვანე და ძალიან წყნარად მივედით საზიარებლად. ახალი ამბავი არ არის, რომ ბავშვები ზიარების დროს ტირიან, ჩემმაც იტირა.
„– პატარა ბავშვი, ჩვილი, ვერ ხვდება, თუ რამხელა სიწმიდეს მიეახლება ის და იწყებს ტირილს, არ იღებს ზიარებას. წმიდა ნაწილი ძირს რომ არ დავარდეს, შეურაცხყოფა რომ არ მივაყენოთ უფალს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ბავშვი ტირის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ვუთხრათ ზიარებაზე, ის ჯერ ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისი ტირილი არ არის იმის გამოხატულება, რომ არ უნდა ზიარება. პირიქით, მისი სული ელოდება, რომ მიიღოს სულიერი საზრდო“, - ამონარიდი ერთ-ერთი მამაოს ერთ-ერთი ინტერვიუდან.
მამაომ, რომელიც აზიარებდა ბავშვებს მთხოვა, მკლავზე გადამეწვინა და ისე აზიარებდა ბავშვს. ამ დროს პატარას ტირილი მეორე მამაოს(წინამძღვრის) ყვირილმა გააათმაგა. ხელების ქნევით, „გაიყვანე აქედან დროზე, ვერ უნდა მიხვდე, რომ წაიყვანო? დროზეე!“ ფაქტობრივად გამოგვაგდო ეკლესიიდან. იქ შეკრებილმა ეკლესიურმა ელიტამ თავის ქნევით და ნწუ-ნწუ-ს ძახილით გაგვატარა “სირცხვილის“ კორიდორი. ძალიან მინდოდა დიდ ხმაზე ტრილი, მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა, ჩემს 2 წლის შვილს ეკლესია უარყოფით ემოციასთან ერთად დამახსოვრებოდა...
გადავხედე ამ მამაოს სხვა ინტერვიუებს, და თვალში მომხვდა ერთი საინტერესო სათაური: „ხადახან ჩვილი ბავშვივით ავტირდები ხოლმე“... თქვენ არავინ გაგდებთ ამ ტირილის გამო გარეთ, მაგრამ დღეს თქვენ 2 წლის ბავშვი ეკლესიიდან ტირილის გამო გააგდეთ.
შემინდეთ, რომ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე ონლაინ სამლოცველო არ მაქვს მოწყობილი და თქვენს წმინდა Newsfeed-ში პორნო ვარსკვლავების, ჯასტინ ბიბერის ფოტოების და 2pac-ის სიმღერების გვერდით წმინდანის ფოტო არ მიდევს. მაპატიეთ, რომ არ ვიღებ მონაწილეობას მარხვის შემდეგ სუფრის ორგანიზებაში, როგორც დღეს ორი ფრიად მორწმუნე ქალბატონი მამაოს ეკითხებოდა: “რომელი ჯობია, რამე მშრალი: ძეხვი, სოსისი თუ ჩახოხბილი, ოსტრი?“ მე თუ მკითხავთ, ჩაქაფული მიყვარს ხბოს ხორცით, ოღონდ არა მაშინ, როცა 12 საათს ველოდები, მარხვა მორჩეს და ამოვივსო ეს ჩემი „ნატანჯი“ კუჭიო. შემინდეთ, რომ ჩემს Iphone-ში ლოცვები არ მაქვს ჩაწერილი და ისიც მაპატიეთ, რომ განგიკითხეთ. შეგიძლიათ უზრდელი და თავხედი მიწოდოთ. იქნებ, ქვეყნის მოღალატეც ვარ ან იქნებ ეკლესიის მოწინააღმდეგე. არა, მე ერთი უბრალო გოგო ვარ, მართლმადიდებელი, რომელიც დღეს 2 წლის შვილთან ერთად ეკლესიიდან გამოაგდეს... გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!
ერთგული მკითხველი