ეს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის წერილია და მას სურს, ბევრმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს მისი წუხილი. ეს, რა თქმა უნდა, ერთი დედის სუბიექტური აზრი გახლავთ, თუმცა ვფიქრობთ, მასში მოყვანილი არგუმენტები უფროსი თაობის გარკვეული ნაწილისთვის მართლაც გასათვალისწინებელია. ბუნებრივია, ეს საყვედურები ყველას არ ეხება, მაგრამ მასში არის რაღაც, რაზე დაფიქრებაც ღირს... საიტის რედაქციამ ჩათვალა, რომ ამ წერილის გამოქვეყნებით თაობებს შორის არსებულ ერთ-ერთ პრობლემას ყურადღების ცენტრში მოაქცევდა, თუმცა შეგახსენებთ, რომ წერილში დაფიქსირებული აზრი მხოლოს მკითხველის პოზიცია გახლავთ და არა რედაქციის.
"ძალიან მიხარია ასეთი ვებ-გვერდების არსებობა, მაგრამ ვფიქრობ, დიდი საუშაოა ამ მხრივ ჩასატარებელი საქართველოში, ვგულისხმობ ბავშვის სწორად აღზრდას. ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხი რომ არის, ეს ყველა მშობელმა ვიცით, მაგრამ მეორე საკითხია, რას ვგულისხმობთ "აღზრდაში".
მაგალითად, დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემი 4 წლის გოგონა ერთ-ერთ მარკეტში ვიყავით, სალაროს რიგში ვიდექით. ბავშვმა ხელი წაავლო ჯოხს (არ ვიცი რა ჰქვია), რომლითაც პროდუქტს ვტიხრავთ, ჩვენ წინ მდგომმა შუახნის ქალბატონმა ისეთი აგრესიით გამოგლიჯა ხელიდან ჯოხი და ისე დააგდო დახლზე, ბავშვი შეხტა მოულოდნელობისგან!
მეორე - სულ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი შვილი მეტროთი ვმგზავრობდით. ჩვენ წინ ისხდნენ ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩემი შვილის ცელქობას (არ დაჯდა საკამზე, მღეროდა და რაღაცეებს მაიმუნობდა, იყო ძალიან მხიარულ განწყობაზე). როგორც კი მატარებელი გაჩერდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ბავშვს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაჩერებულიყო (ძალიან მკაცრად) და ამას მოჰყვა მთელი რიგი აღმზრდელობითი ტექსტი ბავშვის მისამართით! მე თვალით ვანიშნე, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა... სწრაფი ნაბიჯით გამოვეცალეთ იქაურობას, ბავშვი იყო ძალიან დათრგული, ამ ქალბატონს კი მივუბრუნდი და ვუთხარი, ბავშვს ნუ მიშინებ-თქო (სამწუხაროდ, ძალიან გავბრაზდი და ვავმჯობინე ბავშვის თანდასწრებით არ ავფეთქებულიყავი, რაც შემდგომში ძალიან ვინანე). ამას მოჰყვა ასეთი ტექსტი: "ძალიან კარგი, თუ შეეშინდა, შენ 3-ჯერ უთხარი და არ დაგიჯერა, გათამამებული გყავს, აბა, ჩემთან გაბედოს!"
აღარ ვამბობ იმას რომ ყველა უცნობი ქუჩაში სეირნობისას საჭიროდ თვლის, რჩევა მოგცეს და გასწავლოს, როგორ "აღზარდო" შვილი...
ჩემი შვილი არის ბავშვი, რომელსაც სიცოცხლე უხარია, დარბის, მღერის როცა ემღერება, უყვარს თანატოლები, თამაში და ა.შ., რაც საქართველოში თურმე პრობლემა ყოფილა! არ მინდა, იყოს დათრგუნული და სხვის აზრს და ქცევებს მორგებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია! არ მინდა დავღალო ბავშვი გაუთავებელი შენიშვნებით, არც ის მინდა, 100%-ით მემორჩილებოდეს და თვალებში შემომყურებდეს, არც ის, რომ ასეთ "ქალბატონებს" მოსწონდეთ! არც იმის მომხრე ვარ, თვალები ვუბრიალო, თუ ჭამის დროს ტანსაცმელი დაისვარა, ან სასრიალოზე სრიალის დროს ხმამაღლა, გულიანად იცინა!
ეს არის რეალური სურათი საქართველოში, იმის ნაცვლად რომ ბავშვის დანახვა უხაროდეთ, ტკბებოდნენ ბავშვების ანცობით, აგრესია ეძალებათ და პატარა ბავშვს ქცევებს უკონტროლებენ, ხოლო დედებს - აღზრდის მეთოდებს!
რა ვქნა, როგორ აუხსნა ჩემს 4 წლის შვილს, რა ხდება და როგორ ავარიდო ეს ყველაფერი, მართლა ვეღარ ვხვდები. დავიწყო ჩემი შვილის სახალხოდ ხმამაღლა დაცვა და დავემსგავსო ამ აგრესიულ და კაცთმოძულე ქალბატონებს, თუ გავჩუმდე? თუმცა არც ერთია გამოსავალი და არც მეორე, გამოსავალი მეტი კულტურა და განათლებაა! ეს
არის ქვეყნის ტრაგედია, ეს არ არის უბრალო რამ, ვისურვებდი, ერთი სკოლა გაგვეკეთებინა, სადაც პროფესიონალ ფსიქოლოგებს მოვიწვევდით ბავშვის აღზრდის საკითხებზე ლექციების კურსის ჩასატარებლად და აუცლილებლად სავალდებულოს გავხდიდი ყველა მომავალი მშობლისთვის! იმედია, მაშინ მაინც შეიცვლებოდა სიტუაცია.
ქართველ ერი კულტურაზე, ზრდილობაზე და ევროპელობაზე ვდებთ თავს, ის კი ვერ გაგვირკვევია, რომ დედა-შვილის ურთიერთობაში უხეში, უადგილო ჩარევა, შენიშვნების მიცემა და საყვედურები, რბილად რომ ვთქვათ, დიდი უკულტურობაა! როგორ უნდა მისცე თავს ამის უფლება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. გარდა ამისა, სწორედ ასეთმა ზედმეტმა, არაფრისმომცემმა შეზღუდვებმა, მკაცრად აღზრდის მეთოდებმა და ბავშვებში ბავშურის სულის ჩაკვლამ გამოიწვია ის, რაც დღეს გვაქვს და სადაც ჩვენ ვცხოვრობთ! სწორედ ასეთი დედების, დეიდების, მეზობლების და ბიცოლების წყალობით დამახინჯდა თაობები, ჯერ განარკომანდნენ, მერე "თავისუფლების" გემო გაიგეს და თავით გადაეშვნენ გარყვნილების მორევში, მერე განათლებულ ადამიანებს დასცინოდნენ და ვინ იცის, კიდევ ვინ მოსთვლის! აი, ეს მივიღეთ თქვენი აღზრდის მეთოდებიდან, აი, ეს ქვეყანა, რომელიც თავზე გვემხობა!
მინდა გთხოვოთ ასეთ ქალბატონებს და ბატონებს, ახლა მაინც გვაცადეთ, იქნებ ჩვენ შევძლოთ უკეთესი თაობის აღზრდა, რომელიც სამშობლოსაც გამოადგება და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ამ სამყაროში!
ეს წერილი არის ჩემი პროტესტი, მე ვერ მოვახერხე ჩემი შვილის დაცვა იმ კონკრეტულ მომენტში, რადგან ვიყავი ბავშთან და არ მინდოდა მოჩხუბარი დედა ენახა, გარდა ამისა, მქონდა სრული შოკი! დარწმუნებული ვარ, ეს უკანასკნელად მოხდა, რადგან თუ სადმე დაინახავთ აღელვებულ, ხმამაღლა მოლაპარაკე ახალგაზრდა ქალს, რომელიც თავის შვილს იცავს სტრესისა და დათრგუნვისგან, სავარაუდოდო მე ვიქნები.
აქვე მინდა აღვნიშნო, დიდი მადლობა ამ ქალბატონს, კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ შვილს თავდაცვაც უნდა ვასწავლო და საკუთარი ინტერესების დაცვაც ამ ველურ და გაუტანელ სამაყროში! ვფიქრობდი, ჯერ საკმაოდ ადრე იყო..."
თამუნა