სასარგებლო ჩვევებს ხომ საფუძველი ადრეული ბავშვობიდან ეყრება ხომ გინდათ, თქვენი შვილი დამოუკიდებელი და თავის თავში დარწმუნებული ადამიანი გაიზარდოს? ამაში თქვენც უნდა დაეხმაროთ. სასარგებლო ჩვევებს ხომ საფუძველი ადრეული ბავშვობიდან ეყრება.
რას უნდა მიაჩვიოთ ბავშვი სიცოცხლის პირველსავე წელს?
მარტო თამაშს
ფსიქოლოგები გირჩევენ, ბავშვს დროდადრო მარტო თამაშის საშუალება მისცეთ. ამისათვის დღეში 10-15 წუთი საკმარისია. ამ დროის განმავლობაში ის თავს რაიმეთი შეიქცევს, ოღონდ გახსოვდეთ: განმარტოება მაშინ არის სასარგებლო, როცა ბავშვი მშვიდად და კარგ ხასიათზეა.
საწოლიდან ადგომა
საწოლში, როგორც წესი, დედა აწვენს, მაგრამ როდის გაიღვიძებს და როდის მოისურვებს იქიდან ჩამობობღებას, არავინ იცის. ამიტომ, ასწავლეთ, როგორ ჩამოძვრეს საწოლიდან უსაფრთხოდ. ავარჯიშეთ კიდეც ამაში.
კოვზის ხმარება
1 წლის ბავშვი საკმარისად განვითარებულია იმისთვის, რომ სხვის დაუხმარებლად გაუმკლავდეს კოვზს. თუნდაც თქვენი ხელით აჭმევდეთ, ხანდახან მასაც მიეცით საშუალება, გამოიყენოს. არ გაუბრაზდეთ, როცა ამ დროს ტანსაცმელს დაისვრის.
ჭიქიდან დალევა
თუ ჭიქით არ გამოსდის, სპეციალური ჭიქა-საწოვარა სცადეთ. ის უსაფრთხო მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ბავშვსაც უნდა მოსწონდეს.
უნდა ესმოდეს სიტყვა "არას" მნიშვნელობა
ბავშვმა რომ უარი მშვიდად მიიღოს, აკრძალვა ძალიან ბევრი არ უნდა იყოს. დაუშალეთ მხოლოდ სახიფათო ობიექტებთან მიახლოება. თუ ყველაფერზე "არას" ეტყვით, პატარას მალე ამ სიტყვაზე რეაქციაც აღარ ექნება.
დაუძახოს დედას
ახალშობილი დედას ყვირილითა და ტირილით ეძახის. მოგვიანებით ასწავლეთ, რომ "დედათი" დაგიძახოთ. სთხოვეთ ჯერ ოჯახის წევრებს, ბავშვთან თამაშისას მაგალითი მისცენ მას და თავად დაგიძახონ დროდადრო "დედა".
ზრდილობა
უნდა იცოდეს დამშვიდობისას ხელის დაქნევა. 8-10 თვის შემდეგ კი თავის დაქნევით მადლობის გამოხატვაც უნდა ასწავლოთ.
ქუჩიდან დაბრუნებისთანავე ტანსაცმლის გამოცვლა
სახლში დაბრუნებისას ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ მაშინვე უნდა გაიხადოს ფეხსაცმელები და ქურთუკი. არ მისცეთ ოთახში ქუჩაში ნაცვამი ფეხსაცმლით სიარულის უფლება. იდეალური იქნება, თუ შესასვლელში ბავშვის სიმაღლე საკიდს დადგამთ. ბავშვი ამ ასაკშიც კი უნდა უფრთხილდებოდეს დედის შრომას.