"სამწუხაროდ, ბევრი ბიზნესმენი უნამუსოდ იყენებს ჩვენს დაუცველ მდგომარეობას... არ მოწმდება საბავშვო საქონელი და ბევრი სხვა რამ..." რამდენად დაცულნი არიან დღეს საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები, მოწმდება თუ არა საბავშვო პროდუქცია, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ მომსახურების სფეროში დაირღვა მისი უფლებები, ვის უნდა მიმართოს? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა გვესაუბრება.
- რამდენად დაცულნი არიან დღეს საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები?
- 2012 წელს გაუქმდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, რომელიც მომხმარებლებს მოტყუებისგან იცავდა. თუმცა, არც კანონის მოქმედებისას არსებობდა სახელმწიფო ორგანო, რომელიც მის განხორციელებას უზრუნველყოფდა. მომხმარებლებს ამ კანონით დადგენილი უფლებები, სასამართლოს საშუალებით, თავად უნდა დაეცვათ. ახლა ეს უფლებებიც აღარ არსებობს. ფაქტობრივად, მომხმარებელი და გამყიდველი ბიზნესმენი უფლებებში გათანაბრებულია. არადა, ინფორმირებულობის და შესაძლებლობების თვალსაზრისით, ბიზნესმენსა და მომხმარებელს შორის ყოველთვის მნიშვნელოვანი და აშკარა დისბალანსია. ამიტომ იღებენ მთელ მსოფლიოში მთავრობები თავის თავზე მომხმარებელთა დაცვას, რათა ბაზრის ორი მხარე - ბიზნესი და მომხმარებელი, შესაძლებლობებში გაათანაბრონ. თავისუფალი ბაზარი მხოლოდ მაშინ არის პროგრესის წინაპირობა, თუ იგი თანაბარ მოთამაშეებს შორის არსებობს, გათანაბრება უპირველესად სახელმწიფოს პრეროგატივაა. დღეს საქართველოში მცხოვრებ მომხმარებელთა ინტერესებს სახელმწიფო არ იცავს. ცხადია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. შესაბამისად, ბიზნესს გახსნილი აქვს ხელ-ფეხი მომხმარებლის მოსატყუებლად და დასაჩაგრავად.
- სტატისტიკურად "მყიდველი ყოველთვის მართალია" შეესაბამება რეალობას?
- "კლიენტი ყოველთვის მართალია" არის პასუხისმგებლობის და გრძელვადიანი განვითარების მქონე ბიზნესების "კარგი პრაქტიკის" დევიზი. საქართველოში ასეთი ბიზნესები ერთეულოვანი თუა, მაგალითად მსხვილი სასტუმროები და რესტორნები. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ბიზნესმენი მომსახურებისა თუ საქონლის ნაკლოვანებაში კლიენტს, მომხმარებელს ადანაშაულებს.
- რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ მომსახურების სფეროში დაირღვა მისი უფლებები? ვის უნდა მიმართოს?
- გააჩნია სფეროს. ზოგ სფეროში არსებობს ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც შეიძლება მომხმარებელმა მიმართოს. მაგალითად ელექტროენერგიის ან გაზმომარაგების მიწოდების ან კომუნიკაციების სფეროებში არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, სადაც არსებობს მომხმარებელთა დამცველის თანამდებობა. მომხმარებელს შეუძლია მათ მიმართოს. ბანკების კონტროლის თვალსაზრისით დაახლოებით ასეთივე პროცედურა აქვს ეროვნულ ბანკს. მომხმარებელს შეუძლია საჩივრით მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. თუმცა კერძო სექტორზე ზემოქმედების ბერკეტები აქ შედარებით მცირეა. აგრეთვე შესაძლებელია მომხმარებლის მიმართვა სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი, მაგალითად რესტორანში არაჰიგიენური პირობების გამო, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს და შესაძლოა დააჯარიმოს ბიზნესი, მაგრამ თავად მომხმარებელს ვერ დაეხმარება.
ყველა სხვა შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს. სხვა გზა არ არსებობს. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაცია ან საადვოკატო დახმარება. მაგალითად, ასეთი მომსახურება აქვს უნივერსიტეტ "ნიუ ვიჟენს" (ცხელი ხაზი 242 4440), დეკემბრიდან ჩვენც ვგეგმავთ ვიქირაოთ ადვოკატი მომხმარებელთა უფასო კონსულტირებისთვის (დეტალები გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.momxmarebeli.ge). მომხმარებელთა უფასო საადვოკატო მომსახურება აქვს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს", თუმცა მხოლოდ სურსათის სფეროში (www.mkidveli.ge).
- თუ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტით ადამიანი მოიწამლა და ამ პროდუქტის მავნებლობა დამტკიცდა, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მწარმოებელს?
- ზოგადად პროდუქტის უსაფრთხოებასა და უვნებლობაზე პასუხს აგებს მწარმოებელი. აღწერილ შემთხვევაში ამ მწარმოებელს სურსათის ეროვნული სააგენტო დააკისრებს შესაბამისი სურსათის რეალიზაციიდან ამოღების ხარჯებს, აგრეთვე შეამოწმებს მის საწარმოს და შესაძლოა დახუროს იგი, დააკისროს ჯარიმა, ან ჩამოუწეროს შენიშვნები და მისცეს 1-2 თვე მათ გამოსასწორებლად. თუ არსებობს ეჭვი, რომ მავნე პროდუქტის რეალიზაცია მეწარმის ბრალთან ან მოუფრთხილებლობასთან იყო კავშირში, მაშინ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიებაც. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს უფლება უშუალოდ მოსთხოვოს მწარმოებელს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება (მკურნალობის ხარჯები, შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო მიუღებელი შემოსავალი და სხვა). თუმცა, თუკი მეწარმემ ეს მოთხოვნა არ შეასრულა, მოხმარებელს არავინ დაეხმარება - მან თავად უნდა მიმართოს სასამართლოს.
- ვადაგასული პროდუქტების რეალიზაციაზე პასუხისმგებელია თუ არა მაღაზია? რა სახის სანქცია ეკისრება მას?
- დიახ. პასუხისმგებელია. ჯარიმა არის 200-500 ლარი.
- ბავშვისთვის აფთიაქში შევიძინეთ საკვები, რომელიც ვადაგასული აღმოჩნდა. ბავშვი მოიწამლა. რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა?
- სასწრაფოდ გადაიყვანოს ბავშვი საავადმყოფოში და მოითხოვოს სრული ტოქსიკოლოგიური ანალიზი. აგრეთვე სასწრაფოდ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს (საავადმყოფომ შეიძლება არ აცნობოს) და სთხოვოს, შეძლებისდაგვარად შეამოწმონ, თუ რას შეიძლება მოეწამლა ბავშვი. დასკვნების საფუძველზე კი მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება მეწარმეს. ყველა ამ პროცედურაში მას უფასოდ დაეხმარებიან "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ადვოკატები. ვურჩევთ მიმართოს მათ ცხელ ხაზზე: (032) 242 44 46.
- საერთოდ, რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში მომსახურების დონის გასაუმჯობესებლად?
- საქართველოში მომხმარებელთა უფლებების ევროპულ დონეზე აყვანას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. თუმცა ამ სფეროს მოწესრიგებისთვის დადგენილია საკმაოდ დიდი ვადა - 5 წელი. პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით უკვე მომზადდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტი. ჩატარდა მისი რამდენიმე განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან. კომიტეტის თავმჯდომარე შეგვპირდა, რომ პარლამენტის ამ სესიაზე მოხდება მისი ინიცირება. გარდა ამისა, ვცდილობთ მომხმარებელთა დასაცავად სურსათის სფეროში მოტყუების თავიდან ასაცილებლად მიღებული იყოს ნორმატიული აქტები. ამ მხრივ პირველია რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოების მოთხოვნით მოამზადა. მისი მიღების შემდეგ შეუძლებელი გახდება რძის პროდუქტების დასახელებით გაიყიდოს მცენარეული ცხიმის ან ცილის შემცველი პროდუქტები. ამით აღმოიფხვრება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. შემდეგი ჩვენი სამიზნეა წვენები - მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ამ დასახელებით უცნობი სუროგატული შემადგენლობის პროდუქტი გაიყიდოს. ამ საკითხის მოგვარების ინიცირებას მომავალ წელს ვგეგმავთ. მისასალმებელია აგრეთვე, რომ როგორც იქნა,1 აგვისტოდან, ამოქმედდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც აიკრძალება წარწერების "ეკო", "ბიო" გამოყენება პროდუქტებზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით უვნებელი გზით არ არის წარმოებული - ბოლო 10 წელია ასეთი წარწერები ქართველი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის სერიოზულ წყაროს წარმოადგენდა. ასოცირების ხელშეკრულება სახიფათო საქონლის კონტროლსაც ითვალისწინებს. ამ მხრივ მთავრობამ უკვე დაამტკიცა რიგი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება მაგალითად ლიფტების, საბაგირო გზების, გაზის ბალონების უსაფრთხოებას. სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თუმცა მისი მოგვარება გეგმაშია.
- რა არ კეთდება ჩვენს ქვეყანაში მომსახურების დონის გასაუმჯობესებლად?
- მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობას არ უნდა თანხის დახარჯვა მომხმარებელთა დაცვაზე - ეკონომიკის სამინისტრო თავგამოდებით ეწინააღმდეგება მომხმარებელთა დაცვის ადმინისტრაციული ორგანოს შექმნას. არადა, სწორედ ეს არის გათვალისწინებული ასოცირების ხელშეკრულებით. სავარაუდოდ არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიხდება იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულების ეს მოთხოვნები სათანადოდ შესრულდეს.
- მოწმდება თუ არა საბავშვო საქონელი: სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი?
- არა, სამწუხაროდ, არ მოწმდება.
- რა რჩევებს მისცემთ მშობლებს?
- გაითვალისწინეთ: განსხვავებით ევროპელი მომხმარებლებისგან, ჩვენ სახელმწიფო პრაქტიკულად არ გვიცავს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ბიზნესმენი უნამუსოდ იყენებს ამ ჩვენს დაუცველ მდგომარეობას. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, ყურადღებიანები და დაკვირვებულები. გირჩევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ინტერნეტი - ინფორმაციის მოსაპოვებლად და ერთმანეთში გასაცვლელად. განსაკუთრებით ფრთხილნი უნდა ვიყოთ ბავშვის ავეჯის, ტანსაცმლის, სათამაშოების შეძენისას - ნივთიერებები, რომელსაც ისინი შეიცავს, ჩვენი შვილის ჯანმრთელობას განსაზღვრავს. გასაგებია, რომ ყოველთვის არ გვაქვს საშუალება ძვირი საქონელი შევიძინოთ, მაგრამ მაინც კარგად დაფიქრდით, სანამ შენაძენს გააკეთებთ - ჯობს ნაკლები სათამაშო ჰქონდეს ბავშვს, ვიდრე გაურკვეველი წარმოშობის სათამაშოს საღებავიდან წლების განმავლობაში იწამლებოდეს.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე