ოჯახში ფული შემოიტანოს? აუცილებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი ქალმა ბავშვი გააჩინა. შინ ზის და შვილს უვლის. რა არის ამ დროს კაცის მთავარი მოვალეობა?
ოჯახში ფული შემოიტანოს? აუცილებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი.
ბავშვის მოვლაში დაეხმაროს? მშიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი.
ყოველთვის დაინახოს მასში ქალი? ეს უფრო აუცილებელია, მაგრამ არც ეს არის მთავარი.
მთავარი, რაც ამ დროს მამაკაცს მოეთხოვება, სახლში სიხარულის მიტანაა. დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - სამსახურიდან შინ დაბრუნებული ქმარი სახლში გაღიმებული უნდა შევიდეს. სახეზე მოწყენილობა კი არა, კმაყოფილი ღიმილი უნდა ჰქონდეს. მის სახეზე უნდა იკითხებოდეს არა განწყობა, "როგორ მომაბეზრეთ ყველამ თავი", არამედ - "ღმერთო, რამდენი კარგი რამ შევძელი".
ქალი ხომ მთელი დღე სახლშია გამოკეტილი, არავისთან ურთიერთობს. ბავშვი, ეზოში გაცნობილი რამდენიმე დედა და დაქალები ფეისბუქში - სულ ესაა მისი ყოველდღიური ცხოვრება. ქალის ემოციური ფონიც ძალიან ერთფეროვანია - ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. რუტინა და დაღლილობა - აი, რას განიცდის ქალი ყოველდღე ბავშვით ხელში.
ამიტომაც ერთი სული აქვს, ქმრისგან მიიღოს ახალი ემოცია, რაც თავად ასე აკლია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქმარმა შინ დარდი არ მიიყოლოს, თორემ ეს დარდი ქალსაც ჩაითრევს. დარდსა და ბოღმაში კი ოჯახის მთლიანობა ვერ შენარჩუნდება.
ამიტომ, ახალგაზრდა მამებო, კეთილი ინებეთ და გაიღიმეთ, ვალდებული (დიახ, ვალდებული) ხართ, თავი ბედნიერად იგრძნოთ, თქვენს განწყობაზე ხომ ორი ძვირფასი ადამიანის ბედნიერებაა დამოკიდებული. იმუშავეთ იქ, საიდანაც შინ ბოღმას არ მიიტანთ. თავიდან მოიცილეთ აზრი, რომ მთავარი ფულია, რომ მთავარია, ბავშვს ყველაფერი ჰქონდეს და თუნდაც მხოლოდ მძინარეს ხედავდეთ.
თუ ჯერჯერობით ყველაფერი ასე არ არის, ესე იგი დროა, რამე შეცვალოთ.